Regional Co-operation for Cultural Heritage Development
რეგიონალური თანამშრომლობა კულტურული მემკვიდრეობის განვითარებისათვის
Տարածաշրջանային համագործակցություն հանուն մշակութային ժառանգության զարգացման
Національна політика щодо культурної спадщини
Mədəni irsin inkişaf Etdimilməsi üçün regional əməkdaşlıq
Рэгіянальнае супрацоўніцтва ў мэтах развіцця культурнай спадчыны
 
E- Journal №5
Heritage Policy
ძეგლებისა და ღირსშესანიშნაობათა საერთაშორისო საბჭოს საქართველოს ეროვნული კავშირის (ICOMOS საქარ

იუნესკოს,
ევროკომისიის განათლებისა და კულტურის დირექტორატს,
ევროპის საბჭოს კულტურის, მემკვიდრეობისა და ლანდშაფტის მუდმივმოქმედ კომიტეტს,
მსოფლიო ბანკს,
ძეგლებისა და ღირსშესანიშნაობათა საერთაშორისო საბჭოს (ICOMOS),
კულტურულ ფასეულობათა დაცვისა და  
რესტავრაციის კვლევის საერთაშორისო ცენტრს (ICCROM),
ევროპის საბჭოს ოფისს თბილისში,
ევროკავშირის დელაგაციას საქართველოში,
ნორვეგიის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის დირექტორატს,
საქართველოში აკრედიტებულ ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების საელჩოებს


ICOMOS საქართველო მიმართავს საქართველოს საზოგადოებას, საქართველოს ხელისუფლებას, საერთაშორისო ორგანიზაციებს - ყურადღება მიაპყროს  და რეაგირება მოახდინოს ბოლო დროს  კულტურის სფეროში განვითარებულ მოვლენებზე ქვეყანაში. საფრთხის წინაშეა საქართველოს მრავალსაუკუნოვანი კულტურული და უნკალური ბუნებრივი მემკვიდრეობის მრავალფეროვნება, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი ზოგადსაკაცობრიო ფასეულობათა შექმნაში.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის უნივერსალური ღირებულების აღიარებაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ქვეყანა ძალიან მნიშვნელოვან დახმარებას იღებს საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და მისი პარტნიორი ქვეყნებისაგან, რომლის მიზანია საქართველოში კულტურის მართვის სისტემის გაუმჯობესება. ასეთი ფართომასშტაბიანი მხარდაჭერის შედეგი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად გაითვალიწინებს ხელისუფლება  საერთაშორისო ტექნიკური დახმარების ფარგლებში შემუშავებულ რეკომენდაციებს, ანალიტიკურ დოკუმენტებს და კვლევაზე დაფუძნებულ დასკვნებს კულტურის სფეროს რეფორმირებისთვის.

ამ ფონზე დამაფიქრებელია ის საგანგაშო მოვლენები და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ადგილობრივი და საერთაშორისო კანონმდებლობის საწინააღმდეგო ინიციატივები, რომელსაც ახორციელებს საქართველოს მთავრობა. კერძოდ - კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო საქართველოში, რის შედეგადაც მემკვიდრეობის სფეროში შეიქმნა კრიტიკული სიტუაცია.  მდგომარეობის გამოსასწორებლად აუცილებელია  სასწრაფო რეაგირება.

საყდრისი-ყაჩაღიანის სამთამადნო მაღაროსთან დაკავშირებული მოვლენები საერთაშორისო სამეცნიერო წრეების ყურადღების ქვეშ მოექცა, ვინაიდან მეცნიერთა ნაწილის აზრით მაღარო დღემდე გამოვლენილ პრეისტორიულ ოქროს მაღაროთაგან უძველესია და ძვ.წ.  IV-III ათასწლეულებით თარიღდება. წიაღისეულის მომპოვებელი კომპანიის “RMG” მოთხოვნით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ 2013 წლის 5 ივლისს ბათილად ცნო საყდრისი-ყაჩაღიანის ძეგლის სტატუსი, რის შემდეგაც განვითარდა კანონსაწინააღმდეგო მოვლენების  მთელი ჯაჭვი. მძლავრი საზოგადოებრივი პროტესტის ფონზე ძეგლზე ამჟამადაც მიმდინარეობს სამთო სამუშაოები.

2013 წელს საქართველოს მთავრობამ პარლამენტს განსახილველად წარუგინა “კულტრული მემკვიდრეობის შესახებ” საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები, რომლის მიზანია “განსაკუთრებულ შემთხვევებში, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აუცილებლობის არსებობისას” ძეგლის სტატუსის გამარტივებული მოხსნა კონკრეტული ახალმშენებლობისთვის ინვესტიციების მოსაზიდად.

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის წინაწარული ნუსხის ძეგლის, თბილისის ისტორიული ნაწილის დაცვით ზონაში იგეგმება მეგაპროექტის „პანორამა თბილისი“  განხორციელება, რომელიც ეწინააღმდეგება კანონმდებლობით გათვალისწინებულ რეგულაციებსა და მსოფლიო მემკვიდრეობის სახემძღვანელო პრინციპებს.

მთავრობა, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ახორციელებს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლიც შესაძლებელს ხდის პროფესიული რესურსების ჩართულობის, შესაბამისი ექსპერტიზის გვერდით ავლით მიიღოს გადაწყვეტილებები მემკვიდრეობის სფეროში და ამას “სახელმწიფო სტრატეგიული ინტერესებით” ასაბუთებს.

მთავრობა არ თანამშრომლობს პროფესიულ წრეებთან, სამოქალაქო სექტორთან, ხოლო მემკვიდრეობის სახელმწიფო სტრუქტურებში მომუშავე პროფესიონალთა წინააღმდეგობის გადასალახად, მიმართავს ამ ორგანიზაცებში გადაწყვეტილების მიმღები რგოლების პროფესიული კადრებისგან წმენდას.  გარდა იმისა, რომ ეს მოვლენები სრულად ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობის მთელ რიგ ნორმებს, საერთოდ ეჭვის ქვეშ აყენებს ქვეყანაში მემკვიდრეობის სფეროს პროფესიული და პოლიტიკური ინსტიტუციების საჭიროებას, ფორმალობამდე დაჰყავს კულტურის სამინისტროს ფუნქცია და მოვალეობანი, რითაც ფაქტიურად უარყოფს კულტურის სოციალურ, ეკონომიკურ და სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას, უარს ამბობს ამ ფასეულობათა დაცვაზე და ამკვიდრებს ქაოსს კულტურის სფეროში.

 ბუნებრივია, საქართველოს მთავრობა ეძებს საშუალებას მოიზიდოს ინვესტიციები, ვინაიდან ეს უკანასკნელი სამართლიანად მიაჩნია სასიცოცხლო აუცილებლობად ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის, მაგრამ საგანგაშოა, რომ ამის მიღწევას აპირებს ისტორიული გარემოს რესურსების ხელყოფის ხარჯზე და ქვეყნის განვითარების სტრატეგიის დონეზე აყავს ეს მიდგომა. სწორად აქ იკვეთება მთავარი პრობლემა - ხედვა ხელისუფლებისა, მისი ეკონომიკური გუნდის, რომ მემკვიდრეობის დაცვის საკანონმდებლო სისტემა წარმოადგენს ეკონომიკური განვითარების შემაფერხებელ ფაქტორს.

“საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია“ (2014 -2020) ცხადყოფს, რომ ხელისუფლება გრძელვადიან პერსპექტივაშიც არ განიხილავს კულტურას, როგორც  ქვეყნისა და მისი მოქალაქეების სოციალური და ეკონომიკური წინსვლის პოტენციალს. შესაბამისად, კულტურული მემკვიდრეობა “ხელს უშლის” ქვეყნის განვითარებაში და მთავრობის ღონისძიებები დღითი დღე, უფრო აგრესიული ხდება მემკვიდრეობის სფეროს მიმართ. იმ შემთხვევაში თუ ეს “უხეში ძალისმიერი” პოლიტიკა არ შეიცვალა, მიმდინარე დანაკარგების გარდა, გრძელვადიან პერსპექტივაში მას განუსაზღვრელად მძიმე შეუქცევადი შედეგები მოყვება. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა საფრთხეშია.

საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის სფეროში შექმნილი ვითარება არსობრივად ეწინააღმდეგება ქვეყნის მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს:

  • ევროპის საბჭოს ჩარჩო კონვენციას საზოგადოებისათვის კულტურული მემკვიდრეობის ღირებულებების შესახებ, (2005) ;
  • ევროპის საბჭოს კონვენციას ევრიპული არქიტექტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ; (1985)
  • იუნესკოს კონვენციას მსოფლიო მემკვიდრეობის კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის შესახებ, (1972);
  • ევროპულ კონვენციას არქეოლოგიური ძეგლების დაცვის შესახებ, (განახლებული 1992);

შექმნილი ვითარება დისონანსში მოდის საქართველოს საზოგადოების მკაფიოდ გამოხატულ და დადასტურებულ ევრო-ინტეგრაციულ მისწრაფებასთან, ვინაიდან საქართველოს ევრო კავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, რომელსაც ხელი ივლისში უნდა მოეწეროს, მკაფიოდ განსაზღვრავს, რომ მხარეები ითანამშრომლებენ ისეთ საერთაშორისო ფორუმების ფარგლებში, როგორებიცაა იუნესკო და ევროპის საბჭო, რათა  ხელი შეეწყოს კულტურულ მრავალფეროვნებას, შეინარჩუნოს და სათანადოდ განავითაროს კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის ღირებულებანი.

ICOMOS საქართველო,

მოუწოდებს საქართველოს მოსახლეობას, გამოიჩინოს სიფხიზლე და არ დაუშვას საქართველოში კულტურული ფასეულობების მიმართ ნიჰილიზმის დანერგვა და კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთოს ამ ფასეულობათა დაცვისა და განვითარების საქმიანობაში;

სთხოვს საქართველოს მთავრობას, გააცნობიეროს კულტურის განსაკუთრებული როლი სოციალური თანხმობის, ეკონომიკური ზრდის, განათლებისა და კულტურათაშორისი დიალოგის განვითარებისთვის და უზრუნველყოს კულტურის ინტერესების ინტეგრაცია ქვეყნის განვითარების ეროვნულ პროგრამებში ფართო საზოგადოებისა და პროფესიული წრეების ჩართულობით;

მიმართავს სერთაშორისო ორგანიზაციებს, საქართველოს პარტნიორ ქვეყნებს, მოუწოდოს საქართველოს ხელისუფლებას შეასრულოს კულტურის სფეროში აღებული საერთაშორისო ვალდებულებანი და კულტურის სფეროში დადებული ორმხრივი შეთანხმებები; დაეხმაროს საქართველოს ხელისუფლებას შეიმუშაოს ინტეგრირებული ეკონომიკური განვითარებისა და კულტურის პოლიტიკა ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის;

 



 

დანართი 1:

ძეგლებისა და ღირსშესანიშნაობათა საერთაშორისო საბჭოს საქართველოს ეროვნული კავშირის (ICOMOS საქართველო) ანგარიში საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის დარგში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პრობლემები კარგა ხანია ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების შეშფოთებას იწვევს. საქართველოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხის სამი ძეგლიდან, ორი: მცხეთის ისტორიული ძეგლები; ბაგრატის კათერდალი და გელათის მონასტერი საფრთხეთში მყოფ ძეგლთა ნუსხაშია გადატანილი. 2000 წლის შემდეგ საქართველოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში არ წარუდგენია წინასწარული ნუსხის არც ერთი ძეგლი, ვინაიდან სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო მემკვიდრეობის ინტეგრირებული მათვის სისტემის ჩამოყალიბება. მართვის სისტემისა და მემკვიდრეობის სწორი ადმინისტრირების გაუმჯობესებასთან არის დაკავშირებული იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის მოთხოვნები და რეკომედაციები მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის ბოლო დრიონდელ რეზოლუციებში.

2012-2013 წწ-ში მსოფლიო ბანკის დაფინანსებით საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა კახეთის რეგიონში განახორციელა ფართომასშტაბიანი სარებილიტაციო სამუშაოები, რომლის მიზანიც იყო ურბანული რეაბილიტაციისა და კულტურული მემკვიდრეობის განვითარებისა და მართვის გაუმჯობესების გზით ტურიზმის განვითარება. სწორად მემკვიდრეობის უკიდურესად სუსტი მართვის შედეგად, ამ პოზიტიურ ინიციატივას, მძიმე შედეგები მოყვა კახეთის რეგიონის გამორჩეული ღირებულების კულტურის ძეგლების, მათ შორის იუნესკოს წინასწარული ნუსხის ძეგლებისთვის. ამ პროექტის შედეგების ნაწილობრივ აღმოფხვრა დღესაც სერიოზულ გამოწვევად რჩება ხელისუფლებისა და პროფესიონალებისთვის.

უკვე წლებია, ადგილობრივი და საერთაშორისო პროფესიული საზოგადოება ცდილობს დაძლიოს პრობლემების ფართო სპექტრი. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის უნივერსალური ღირებულების აღიარებაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ქვეყანა ძალიან მნიშვნელოვან დახმარებას იღებს, როგორც საერთაშორისო ინსტიტუციებიდან: ევროკავშირი, ევროპის საბჭო, იუნესკო, მსოფლიო ბანკი, ისე  კულტურის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში მისი პარტნიორი ქვეყნებისგან (მაგ: აშშ, გერმანია, ნორვეგია, პოლონეთი, შვედეთი,  და ა.შ.), რომლის მიზანია ქვეყნის კულტურის მართვის სისტემის გაუმჯობესება. ასეთი ფართომასშტაბიანი მხარდაჭერის შედეგი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად გაითვალიწინებს ხელისუფლება საერთაშორისო ტექნიკური დახმარების ფარგლებში შემუშავებულ ანალიტიკურ დოკუმენტებს, კვლევაზე დაფუძნებულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს კულტურის სფეროს რეფორმისთვის.

სამწუხაროდ, ბოლო დროს განვითარებული მოვლენები აჩვენებს, რომ არ ხდება ამ დახმარების ფარგლებში მიმდინარე პროგრამების ინტეგრირება საქართველოს ხელისუფლების მიერ დაგეგმილ ქვეყნის განვითარების ეროვნულ პროგრამებში.

2013 წლის 5 ივლისს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ,  წიაღისეულის მომპოვებელი კერძო კომპანიის “RMG Gold” მოთხოვნით, ბათილად ცნო საყდრისი-ყაჩაღიანის პრეისტორიული სამთამადნო ძეგლის სტატუსი, ხოლო მოგვიანებით გაუქმდა ძეგლის არქეოლოგიური დაცვის ზონა. ძეგლი მე-20 საუკუნის 80-იან წლებში იქნა აღმოჩენილი, ხოლო 2004 წლიდან ობიქტზე ქართულ-გერმანული ექსპედიცია სისტემატიურ კვლევას აწარმოებს და მიიჩნევს, რომ მაღარო დღემდე გამოვლენილ პრეისტორიულ ოქროს მაღაროთაგან უძველესია და ძვ.წ.  IV-III ათასწლეულებით თარიღდება.  ადგილობრივ მეცნიერთა ერთი ჯგუფი, ძეგლს II ათასწლეულის სპილენძის მაღაროდ მიიჩნევს. სტატუსის გაბათილება ფორმალურ მიზეზს დაეფუძნა და არ მოხდა მისთვის სტატუსის ხელახლა მინიჭება, რითაც დაირღვა კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ. ძეგლების ნუსხიდან ამოღების მიუხედავად საყდრისი ინარჩუნებს არქეოლოგიური ობიექტის სტატუსს და მასზე სამუშაოების წარმოება მხოლოდ გარემოსა და კულტურის სამინისტროს ნებართვით შეიძლება. 2014 წლის 7 იანვარს კომპანია “RMG” საყდრისში დაიწყო უნებართვო სამუშაოები, ვინაიდან ასეთი ნებართვა არ იყო გაცემული. მას შემდეგ, სპეციალისტებს ძეგლის ნახვის საშუალება აღარ აქვთ. კერძო კონპანიამ, სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე 3-ჯერ არ დაუშვა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფი, რაც არღვევს კანონს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ.

2014 წლის 27 იანვარს კულტურის სამინისტროს სტრატეგიულმა საბჭომ, რომელიც კანონმდებლობით არის განსაზღვრული და 11 პროფესიონალისაგან შედგება, განიხილა არქეოლოგების მიერ წარმოდგენილი მასალა და ერთხმად შეიმუშავა რეკომენდაცია ძეგლის სტატუსის აღდგენაზე. სამინისტრომ ეს რეკომენდაცია არ შეასრულა.

ძეგლის გამორჩეული უნივერსალური ღირებულებიდან გამომდინარე დიდია საერთაშორისო სამეცნიერო წრეების დაინტერესება, რომლებიც ითხოვენ საერთაშორისო კომისიის ჩამოყალიბებასა და ძეგლის ბოლომდე შესწავლას. საყდრისის გადასარჩენად შეიქმნა ადვოკატირების ჯგუფები, რომლებშიც ჩართულნი არიან: აკადემიური წრეების, ხელოვნების, გარემოს დაცვის სფეროს წარმომადგენლები, სტუდენტები, ფართო საზოგადოების წარმომადგენლები. მიუხედავად ამისა, 2014 წლის 13 მარტს სამინისტრომ დადებითი დასკვნა გასცა საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიურ ობიექტზე სამთო სამუშაოების საწარმოებლად. პროფესიული და სამოქალაქო საზოგადოების პროტესტი დღესაც გრძელდებ. არქეოლოგიური მემკვიდრეობა შეეწირა ფისკალურ და ბიზნეს ინტერესებს, რითაც ერთმნიშვნელოვნად დაირღვა ევროპული კონვენცია არქეოლოგიური ძეგლების დაცვის შესახებ, (Valetta, 1992): ამ (განახლებული) კონვენციის მიზანია დაიცვას არქეოლოგიური მემკვიდრეობა, როგორც საერთო ევროპული მეხსიერების წყარო და ისტორიული და სამეცნიერო კვლევის ინსტრუმენტი.

2013 წლის 12 ნოემბერს საქართველოს მთავრობამ პარლამენტს განსახილველად წარუგინა “კულტრული მემკვიდრეობის შესახებ” საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები, რომლის მიზანია “განსაკუთრებულ შემთხვევებში, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აუცილებლობის არსებობისას, ძეგლისთვის (გარდა ეროვნული კატეგორისს ძეგლებისა და მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ძეგლებისა) ძეგლის სტატუსის მოხსნის უფლებამოსილება მიეცეს საქართველოს მთავრობას, მის წინაშე სამართლებრივი აქტის პროექტის ინიცირების უფლების მქონე უწყების წარდგინებით, შესაბამისი დასაბუთებითა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან შეთახმებით. აღსანიშნავია, რომ “სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აუცილებლობა” საქართველოს კანონმდებლობაში განმარტებული არ არის, ხოლო ძეგლის სტატუსის მქონე 6 803 ობიექტიდან ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია მინიჭებული აქვს მხოლოდ 484 ძეგლს. ამასთან ერთად ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები ოფიციალურ კომენტარებში არ მალავენ, რომ ამ ცვლილების მიზანია ძეგლის სტატუსის გამარტივებული მოხსნა კონკრეტული ახალმშენებლობებისთვის ინვესტიციების მოსაზიდად. ბუნებრივია საქართველოს მთავრობა ეძებს საშუალებას მოიზიდოს ინვესტიციები, ვინაიდან ეს უკანასკნელი სამართლიანად მიაჩნია სასიცოცხლო აუცილებლობად ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის, მაგრამ საგანგაშოა, რომ ამის მიღწევას აპირებს ისტორიული გარემოს რესურსების ხელყოფის ხარჯზე. სწორედ აქ იკვეთება მთავარი პრობლემა - ხედვა ხელისუფლებისა, მისი ეკონომიკური გუნდისა, რომ მემკვიდრეობის დაცვის სისტემა წარმოადგენს ეკონომიკური განვითარების შემაფერხებელ ფაქტორს.

ამ ინიციატივას მკვეთრი რეაქცია მოყვა პროფესიული საზოგადოებისა და ორგანიზაციებიდან, პრეს-კონფერენციების, პეტიციების, საპროტესტო წერილებისა და არგუმენტირებული ანგარიშების გამოქვეყნების გზით. მემკვიდრეობის დაცვის სფეროში დღესდღეობით ბევრი ხარვეზია, დასამუშავებელია კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული პოლიტიკა, პრობლემას წარმოადგენს დაუხვეწავი საკანონმდებლო ბაზა და იმ კანონქვემდებარე აქტების არარსებობა, რომლითაც უნდა ხდებოდეს კანონის რიგი დებულებების შევსება და მათი აღსრულება უკეთესად, შესაქმნელია მემკვიდრეობის სფეროს დაფინანსების ინსტრუმენტები და ისტორიული გარემოს გამოყენებისთვის ინვესტიციების წახალისების მეთოდები. არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად საჭიროა კომპლექსური, დარგთაშორისი რეფორმის გატარება და არა გაუაზრებელი, კონტექსტიდან ამოგლეჯილი ქმედებები მოკლევადიანი სარგებლის მისაღებად. ხელისუფლება არ რეაგირებს პროფესიული წრეების თხოვნაზე, უკან გამოიტანოს კანონპროექტი და დაიწყოს კონსულტაციები მემკვიდრეობის სფეროს რეფორმაზე. აღნიშნული კანონპროექტის ბედი კვლავაც გაურკვეველია.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ არ კრძალავს ძეგლის პრივატიზაციას, იკვეთება ტენდენცია, რომ მთავრობა უარს ამბობს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭოს სახელმწიფო საკუთრებაში მყოფ ობიექტს და უარს ასაბუთებს იმით, რომ ეს ობიქტი პრივატიზაციის ნუსხაშია.

2014 წლის მარტში საქართველოს მთავრობამ საზოგადოებას წარუდგინა „საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია“ (2014 -2020). ეს ვრცელი დოკუმენეტი, საერთოდ არ  ახსენებს კულტურის სოციალურ ღირებულებას და კულტურის, ბუნებისა და კულტურული მემკვიდრეობის ეკონომიკურ პოტენციალს.

2014 წლის მარტში საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა საქართველოს მთავრობას წარუდგინა მეგა პროექტი - „პანორამა თბილისი“, რომლიც მსოფლიო მემკვიდრეობის წინასწარული ნუსხის ძეგლის, თბილისის ისტორიულ ნაწილის დაცვით ზონაში უნდა განხორციელდეს. მიხედავად იმისა, რომ პროექტი ეწინააღმდეგება კანონმდებლობით გათვალისწინებულ რეგულაციებსა და მსოფლიო მემკვიდრეობის სახელმძღვანელო პრინციპებს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა არ დააყოვნა, დადებითი შეფასება მიეცა პროექტისთვის ისე, რომ არ დაელოდა კანონით განსაზღვრული პროცედურების გავლას, მათ შორის პროფესიული საბჭოს დასკვნას. ამის პარალელურად კი საზოგადოებას მედიის საშუალებით ამცნო დარგში დაგეგმილი ცვლილება, რომლის მიხედვითაც ამიერიდან, კულტურის სამინისტრო ძეგლის სტატუსის მოხსნისა და “სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის” პროექტების დამტკიცების შემთხვევაში აღარ დაეყრდნობა კანონმდებლობით განსაზღვრულ, პროფესიული საბჭოს რეკომენდაციებს, არამედ გადაწყვეტილებას მიიღებს უწყებათაშორისი სახელმწიფო საბჭო, რომელშიც შევლენ ეკონომიკის, ფინანსთა, ინფრასტრუქტურის სამინისტროებისა და მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, თითო-თითო წევრით, ხოლო კულტურის სამინისტრო - ორი წევრით. სამინისტროს განმარტებით: "სახელმწიფოს საუკეთესო არჩევანი უნდა იყოს განპირობებული ყველა კუთხით დანახული და შეფასებული ანალიზით, ხოლო თუ გადავხედავთ ამ კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს (იგულისხმება პროფესიული საბჭო) მუშაობას, ხშირ შემთხვევაში მხოლოდ ერთი კუთხიდან დანახული, შეიძლება სრულიად სწორად დანახული და სწორად შეფასებული, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების კუთხით, მაგრამ ეს ცალმხრივად დანახული პრობლემა საბოლოო ანგარიშით ხელს უშლის სახელმწიფოს გადადგას ნაბიჯები წინ." გარდა იმისა, რომ ეს ინიციატივა სრულად ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობის მთელ რიგ ნორმებს, საერთოდ ეჭვის ქვეშ აყენებს ქვეყანაში მემკვიდრეობის სფეროს პროფესიული და პოლიტიკური ინსტიტუციების საჭიროებას, ფორმალობამდე დაყავს კულტურის სამინისტროს ფუნქცია და მოვალეობანი, რითაც ფაქტიურად უარს აცხადებს კულტურის ფასეულობათა სოციალურ, ეკონომიკურ და სახემწიფოებრივ მნიშვნელობაზე, უარს ამბობს ამ ფასეულობათა დაცვაზე და ამკვიდრებს ქაოსს კულტურის სფეროში.

2014 წლის 4 აპრილს, ცვლილებები შევიდა მთავრობის დადგენილებაში “მშენებლობის ნებართვების გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ”, რომლის მიხედვითაც, ისევ ბუნდოვანი დეფინიციების მოშველიებით, “განსაკუთრებული სახემწიფოებრივი მნიშვნელობისა” და სოციალური დანიშნულების შენობა-ნაგებობის ან მათი კომლექსების მშენებლობის დაწყება, „ზოგ შემთხვევაში“ შესაძლებელია კანონით განსაზრული საჭირო დოკუმენტაციის გარეშე. ეს ცვლილებაც ერთ კონკრეტულ პროექტზე მორგებული ღონისძიებაა, რითიც დაკანონდა აქამდე არსებული პრაქტიკა, პოლიტიკურად ანგაჟირებული პროექტების დაჩქარებული, კანონმდებლობით განსაზღვრული (მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის კანონით) კვლევების, საპროექტო დოკუმენტაციისა და პროცედურების გარეშე მეგა პროექტების განხორციელება. ასეთმა ცალკეულმა შემთხვევებმა უკვე საგრძნობლად დააზიანა საქართველოს ისტორიულ-კულტურული  და ბუნებრივი ლანდშაფტი.

ნიშანდობლივია, რომ ხელისუფლების არც ერთი აღნიშნული ინიციატივა არ განხორციელებულა პროფესიულ წრეებთან კონსულტაციებით, ხოლო მემკვიდრეობის სახელმწიფო სტრუქტურებში მომუშავე პროფესიონალთა წინააღმდეგობის გადასალახად ხელისუფლება მიმართავს ამ სტრუქურებში გადაწყვეტილების მიმღები რგოლების პროფესიულ წმენდას. აკადემიური, საექსპერტო წრეებიდან წამოსული ვერც ერთი პეტიცია, წინადადება, კვლევა ვერ გახდა ხელისუფალთა დაინტერესების ან გახილვის საგანი. ამის საპირისპიროდ, მთავრობის ღონისძიებები დღითი დღე უფრო და უფრო აგრესიული ხდება მემკვიდრეობის სფეროს მიმართ. იმ შემთხვევაში თუ ეს “უხეში, ძალისმიერი” პოლიტიკა არ შეიცვალა, მიმდინარე მტკივნეული დანაკარგების გარდა, მას განუსაზღვრელად მძიმე შეუქცევადი შედეგები ექნება გრძელვადიან პერსპექტივაში.

შექმნილი ვითარება არსობრივად ეწინააღმდეგება გაეროსა და ევროპის საბჭოს არაერთი საერთაშორისო კონვენციის ხელმოწერით საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებას. საკანონმდებლო ცვლილების არსი არღვევს  იუნესკოს კონვენციას მსოფლიო კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის შესახებ, (1972) იუნესკოს კონვენციას კულტურული მრავალფეროვნების გამოხატვის შესახებ (2005); და ევროპის საბჭოს კონვენციების რიგ დებულებებს (გრანადის კონვენცია, 1985; ფაროს კონვენცია, 2005; ვალეტის კონვენცია 1992). საქართველოს, ევროინტეგრაციის გზაზე, აღნიშნული კონვენციებით აღებული აქვს ვალდებულება, „...სრულად გამოიყენოს კულტურული მემკვიდრეობის ეკონომიკური პოტენციალი, ეკონომიკური პოლიტიკის განსაზღვრისას გაითვალისწინოს კულტურული მემკვიდრეობის სპეციფიკური ხასიათი და ინტერესები და უზრუნველყოს, რომ აღნიშნულმა პოლიტიკამ პატივი სცეს კულტურული მეკვიდრეობის მთლიანობას მისი ღირებულებების შელახვის გარეშე.“ (ევროპის საბჭოს კონვენცია საზოგადოებისათვის კულტურული მემკვიდრეობის ღირებულებების შესახებ /ფარო/, მუხლი 10.) ამას გარდა, დაგეგმილი და მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებები, და მისი მიღებით გამოწვეული შედეგები წინააღმდეგობაში მოდის ევროკავშირის იმ ინსტრუმენტებთან („ინვესტირება ხალხში“, „პარტნიორობის პროგრამა“ – Twinning Programme, აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურის პროგრამა, ორმხრივი შეთანხმებები კულტურის სფეროში), რომელთა მეშვეობითაც ევრო კომისია და საქართველოს პარტნიორი ქვეყნები მხარს უჭერენ კულტურის სფეროს განვითარებასა და მის ევროპულ სტანდარტებთან მიახლოებას. 

შექმნილი ვითარების ფონზე საქართველოში უპრეცედენტოდ გააქტიურდა  სამოქალაქო სექტორი და მემკვიდრეობით დაინტერესებული საზოგადოება კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვისთვის. ჩამოყალიბდა კარგად ორგანიზებული ადვოკატირების ჯგუფები, მოძრაობები, (თბილისის ჰამქარი; გადავარჩინოთ საყდრისი, ძეგლის მეგობარი, კულტურული მემკვიდრეობის არასამთავრობო მონიტორინგი, მწვანე მუშტი, პარტიზანული მებაღეობა, საყდრისის გადარჩენის კომიტეტი და აშ.) რომლებიც ეწევიან საზოგადოების გათვითცნობიერების კამპანიებს, ადგენენ პეტიციებს, აწყობენ პრეს კონფერენციებს, თემატურ პერფომანსებს, გამოფენებს, ფესტივალებს, ქუჩის აქციებს, რათა ხელისუფლებისა და ფართო საზოგადოების ყურადღება მიაპყრონ მემკვიდრეობის დაცვის აუცილებლობისკენ. ისინი ითხოვენ ჩართულობას, გადაწყვეტილების მიღების პროცესის გამჭვირვალეობას, მათი აზრის გათვალისწინებას. სამოქალაქო საზოგადოებამ საქართველოში ნათლად დაადასტურა, რომ მისთვის „ფასეულია კულტურული მემკვიდრეობის სპეციფიური ასპექტები, რომელიც მათ სურთ, სამოქალაქო აქტივობის ფარგლებში, შეინარჩუნონ და გადასცენ მომავალ თაობას.“ იმის ნაცვლად, რომ კულტურის სამინისტრომ დარგის განვითარებისთვის გამოიყენოს ეს პოზიტიური რესურსი, ხოლო მთავრობამ აღიაროს მათი უფლებები და მემკვიდრეობის უაღრესად დიდი სოციალური ფასეულობა, ხელისუფლება იგნორირებას უწევს მიმდინარე პროცესებს, რითიც ერთმნიშვნელოვნად არღვევს ფაროს ევროპულ კონვენციას:

წინამდებარე კონვენციის მხარეები შეთანხმდნენ:

  1. კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული უფლებები აღიარონ კულტურულ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლების განუყოფელ ნაწილად, როგორც ეს განსაზღვრულია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში;
  2. აღიარონ ინდივიდუალური და კოლექტიური პასუხისმგებლობა კულტურული მემკვიდრეობის მიმართ;
  3. ხაზი გაუსვან, რომ კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება და მისი განუხრელი გამოყენება მიზნას ისახავს ადამიანის განვითარებისა და ცხოვრების გაუმჯობესებას;
  4. განახორციელონ საჭირო ზომები კონვენციის დებულებათა შესასრულებლად, ...“

 

/მუხლი 1 - კონვენციის მიზნები/

 

ICOMOS საქართველო 

RCCHD Project:
Office 16b, Betlemi ascent, 0105 Tbilisi, Georgia
Tel.: +995 32 2-98-45-27
E-mail: rcchd@icomos.org.ge
© 2012 - Eastern Partnership Culture Programme