Regional Co-operation for Cultural Heritage Development
რეგიონალური თანამშრომლობა კულტურული მემკვიდრეობის განვითარებისათვის
Տարածաշրջանային համագործակցություն հանուն մշակութային ժառանգության զարգացման
Національна політика щодо культурної спадщини
Mədəni irsin inkişaf Etdimilməsi üçün regional əməkdaşlıq
Рэгіянальнае супрацоўніцтва ў мэтах развіцця культурнай спадчыны
 
E- Journal №1
Cultural Heritage Policy
სამუზეუმო პოლიტიკის პრობლემები და საკითხები საქართველოში

ინგა ქარაია,
ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი

 

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, პოსტსაბჭოთა სივრცის მთელი რიგი ქვეყნები და მათ შორის, საქართველოც აღმოჩნდა იმ რადიკალურ გამოწვევათა პირისპირ, რაც დაკავშირებული იყო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოპოვებასთან, ახალ ეკონომიკურ ურთიერთობებსა და გაჭიანურებულ ეთნოკონფლიქტებთან, რამაც, ბუნებრივია, თავისი კვალი დაატყო კულტურის სფეროსა და მათ შორის სამუზეუმო საქმის შემდგომ განვითარებასაც.

“საქართველოს მუზეუმების პასპორტიზაციის პროექტის” მონაცემებით, ქვეყანაში ამჟამად სხვადასხვა პროფილისა (ისტორიული, ხელოვნების, მემორიალური და სხვ.) და დაქვემდებარების (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ადგილობრივი თვითმმართველობა და მუნიციპალიტეტები, აგრეთვე სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან არსებული მუზეუმები, კერძო მუზეუმები და სხვ.) 231 მუზეუმია. მათი 99% ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან (25 მუზეუმი ფინანსდება უშუალოდ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, 9 მუზეუმი - თბილისის მერიის, ხოლო რეგიონებში არსებული მუზეუმები კი – ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტიდან), თუმცა, სამწუხაროდ, გამოყოფილი სუბსიდია გათვლილია ძირითადად მხოლოდ მუზეუმების პერსონალის ხელფასებზე და კომუნალური ხარჯების ნაწილობრივ დასაფარავად, ხოლო ბევრი სხვა, ძალზე საჭირბოროტო პრობლემა კვლავ ღიად რჩება.

UNESCO-სა და ICOM-ის ექსპერტებთან კონსულტაციით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მუზეუმების სამმართველოსა და საქართველოს მუზეუმების ასოციაციის მიერ 2003-2004 წლებში ჩატარებულ მოკვლევებისა და ანალიზის შედეგად კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს სამუზეუმო სივრცე პრობლემების ძალზე დიდ სპექტრს მოიცავდა და აშკარად ითხოვდა სრულ რეორგანიზაციას, სასწრაფო რადიკალურ რეფორმას და მართვის იმგვარი მექანიზმების შემუშავებას, რასაც ხელი უნდა შეეწყო მოძველებულ სისტემათა განახლებისა და თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებზე მუზეუმების გადასვლისათვის. შესაბამისად, 2004 წლიდან ქვეყნის სამუზეუმო სივრცეში დაიგეგმა სამუზეუმო რეფორმა, რომლის განხორციელების აუცილებლობა განაპირობა ბევრმა, უაღრესად ყურადსაღებმა ფაქტორმა:

·         მუზეუმთა უმრავლესობის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სავალალო მდგომარეობა;

·         საკანონმდებლო ბაზის არასრულყოფილება და მოუქნელობა;

·         თანამედროვე სამუზეუმო მენეჯმენტის განუვითარებლობა;

·         სამუზეუმო ფონდების აღრიცხვიანობის მოუწესრიგებლობა;

·         სამუზეუმო კოლექციების დაცვისა და ექსპონირების დაბალი დონე;

·         სამუზეუმო მარკეტინგისა და სახსრების მოზიდვის სტრატეგიის განუვითარებლობა;

·         საზოგადოებასთან კომუნიკაციისა და ურთიერთქმედების არარსებობა, რამაც კატასტროფულად შეამცირა მუზეუმების დამთვალიერებელთა რაოდენობა;

·         მუზეუმებში სპეციალისტთა გადამზადება/მომზადების პროცესის უგულებელყოფა;

·         სათანადო დონეზე და ეფექტურად არ მიმდინარეობს მუზეუმების პოპულარიზაცია.

ზემოაღნიშნულ პრობლემათა დაძლევის მიზნით და იმ კრიტიკული როლის გათვალისწინებით, რაც მუზეუმებს აკისრია კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციის მიმართულებით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სამუზეუმო სამსახურისა და საქართველოს მუზეუმების ასოციაციის მიერ შემუშავდა სამუზეუმო პოლიტიკის პრიორიტეტები და ჩამოყალიბებულ იქნა სამუზეუმო რეფორმის სტრატეგიული მიმართულებები:

  • მუზეუმების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება და შესაბამისი პირობების შექმნა მათი სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის;
  • საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგება;
  • მუზეუმების რეორგანიზაცია თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით;
  • სამუზეუმო კოლექციების დიაგნოსტიკა, ექსპონატთა რესტავრაცია და პრევენციული კონსერვაცია საერთაშორისო ნორმების გათვალისწინებით;
  • ექსპონატთა ინვენტარიზაცია და პასპორტიზაცია თანამედროვე სტანდარტის სააღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით;
  • მუზეუმების საგამოფენო-საექსპოზიციო საქმიანობის გაუმჯობესება მუდმივი, დროებითი და მოძრავი გამოფენების მოწყობის მიმართულებით;
  • კულტურულ-საგანმანათლებლო ფუნქციების განვითარება მუზეუმებში მნახველთა რაოდენობის გაზრდისა და სამიზნე აუდიტორიის გაფართოების მიზნით;
  • ტრეინინგების/ვორკშოპების მოწყობა, სასწავლო მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოების გამოცემა, მუზეუმის თანამშრომელთა მომზადება-გადამზადება, სტაჟირება და ახალი კადრების აღზრდა - მუზეუმების ქმედითუნარიანობის ამაღლების მიზნით;
  • საერთაშორისო სამუზეუმო და სხვა ორგანიზაციებთან (ICOM, ICOM-ის სხვადასხვა საერთაშორისო კომიტეტები, UNESCO, ICCROM, ICOMOS და სხვ.) თანამშრომლობა;
  • სხვადასხვა ქვეყნების მუზეუმებთან, სამეცნიერო-სასწავლო ინსტიტუციებთან კავშირების დამყარება და ერთობლივი პროექტების შემუშავება;
  • ხელშეწყობა მუზეუმებში კულტურული ტურიზმის განვითარებისა და მისთვის მიმზიდველი გარემოს შექმნისათვის;
  • მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების პოპულარიზაცია ქვეყნის კულტურის პოლიტიკის სტრატეგიული მიზნის – კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, შემდგომი განვითარებისა და საერთაშორისო სივრცეში მისი ინტეგრირების მიზნით.
  • ზემოაღნიშნულ პრიორიტეტთა გათვალისწინებით გადაიდგა გარკვეული პოზიტიური ნაბიჯებიც. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით და თანადაფინანსებით, 40-მდე მუზეუმში განხორციელდა ფორმალური რეორგანიზაცია, საქართველოს მუზეუმების ასოციაციისა და ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტის ინიციატივით მომზადდა და გამოიცა მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოები, შემუშავდა რეკომენდაციები, შეიქმნა საქართველოს მუზეუმების მონაცემთა ბაზა, ვებ-გვერდი (www.georgianmuseums.ge), დღემდე რეგულარულად ტარდება ეროვნული ტრენინგები, რეგიონული ვორკშოპები, სემინარები და კონფერენციები, მაგრამ ცხადია, ეს არ არის საკმარისი. მით უმეტეს, ვერა და ვერ განხორციელდა სამუზეუმო რეფორმის სტრატეგიულ მიმართულებათა უმთავრესი პუნქტები, კვლავ გაუთვალისწინებელია სამუზეუმო პოლიტიკის განხორციელების ბევრი საკითხი, რომლებსაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვთ მუზეუმების შემდგომი განვითარებისათვის. დღეისათვის არსებული სიტუაცია ცხადყოფს, რომ აუცილებელია:

  • შემუშავდეს მკაფიოდ გამოკვეთილი ერთიანი სახელმწიფო სამუზეუმო პოლიტიკა (როგორც კულტურის სახელმწიფო პოლიტიკის განუყოფელი ნაწილი და ერთ-ერთი ძირითადი სტრატეგიული მიმართულება), რომელიც უცილობლად უნდა ვრცელდებოდეს ქვეყნის მთელ სამუზეუმო სივრცეში;
  • ·         მოწესრიგდეს საკანონმდებლო ბაზა და ცვლილებები და დამატებები შევიდეს ”საქართველოს კანონში “კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ” და “მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონში, რადგან, რიგ შემთხვევაში, კანონის მუხლები ეწინააღმდეგება ერთმანეთს და მომიჯნავე სფეროებში მოქმედ კანონებსაც. კერძოდ, “მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონში დასარეგულირებელია:

    -         სამუზეუმო ტერმინების დეფინიცია;

    -         დასახვეწია მუზეუმებისთვის სტატუსის მინიჭების, მათი დამოუკიდებლობის

    ხარისხისა და უფლებამოსილების საკითხები, რაც საერთოდ არ არის ასახული

    კანონში;

    -         განსასაზღვრელია მუზეუმ-ნაკრძალების დაფუძნებისა და დამცავი ზონების დადგენის კრიტერიუმები;

    -         დასადგენი და დასაზუსტებელია საავტორო უფლების საკითხები სამუზეუმო საქმის სფეროში;

    -         მოსამზადებელია საკანონმდებლო ცვლილებები, რაც შესაძლებელს გახდის მუზეუმების მიერ სამეწარმეო საქმიანობის (ნაწილობრივ) წარმოებას;

    -         მოქმედი კანონით დაუხვეწავია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მუზეუმების შენობებისა და ექსპონატების გასხვისების (მათ შორის გაყიდვის)

    საკითხები და სხვ.

  • საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში უნდა შეიქმნას დარგობრივი სამუზეუმო კომისია, რომელიც, მიუხედავად ქვეყნის სამუზეუმო საზოგადოების არაერთგზისი მოთხოვნისა, ვერა და ვერ შეიქმნა. კომისიამ უნდა იმუშავოს მჭიდრო ურთიერთობით სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან - თანამშრომლობის ყველა ასპექტის (ფინანსური ინვესტიციების ჩათვლით) გათვალისწინებით, რაც, სამომავლოდ, უზრუნველყოფს სამუზეუმო ინსტიტუციების მდგრად განვითარებას. ამასთან, შეასრულებს სამუზეუმო პოლიტიკის ერთგვარი მონიტორინგისა და შეფასების ფუნქციასაც _ მკაფიოდ განსაზღვრულ კრიტერიუმებსა და სტანდარტებზე დაყრდნობით და არა პირადი გემოვნების გათვალისწინებით;
  • ·         დამკვიდრდეს გადაწყვეტილებათა დემოკრატიულად მიღების პრინციპები და მუზეუმების მართვა წარიმართოს ობიექტურად არსებული კანონზომიერებებისა და პირობების გათვალისწინებით - საჭიროების შემთხვევაში, მუზეუმების ბედის სწორად გადაწყვეტისა და მათი შემდგომი განვითარებისათვის გარკვეული საზოგადოებრივი აზრის შექმნით (დისკუსიების, დებატების, პრეს-კონფერენციების ჩატარება, მასმედიის ჩართულობით და სხვ.);

  • სამუზეუმო რეფორმა უნდა განხორციელდეს თითოეული მუზეუმის სპეციფიკის, ადგილმდებარეობის, რესურსებისა და პოტენციალის გათვალისწინებით - მუზეუმის მნიშვნელობის გაცნობიერებით ამა თუ იმ კონკრეტული მხარის, რეგიონის შემდგომი რეაბილიტაციისა და განვითარებისათვის;
  • ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, არსებული პროგრამული დაფინანსების არა მხოლოდ გაორმაგება, არამედ რამდენჯერმე გაზრდა და საგრანტო კონკურსების გამოცხადება სამინისტროს მიერ სამუზეუმო საქმის რეფორმისა და შემდგომი განვითარებისათვის აუცილებელ პრიორიტეტთა მიხედვით, რაც აუცილებელია ქვეყანაში სამუზეუმო საქმის სრული რეორგანიზაციისა და მუზეუმების ქმედითუნარიანობის ამაღლებისათვის. აღსანიშნავია, რომ, მიუხედავად იმისა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციასთან ერთად, სამინისტროს ”კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ სტრატეგიულ მიმართულებათა ერთ-ერთ პრიორიტეტს იმთავითვე (2004 წლიდან) წარმოადგენდა ”სამუზეუმო რეფორმის პროგრამა”, სამწუხაროდ, სამუზეუმო საქმის განვითარებისთვის გამოყოფილი პროგრამული დაფინანსება 2009 წლამდე ფაქტობრივად არ არსებობდა. მართალია, სამინისტროს ბოლო ხელმძღვანელობამ გარკვეულწილად გაითვალისწინა არსებული ვითარება და გამონახა მინიმალური სახსრები ამ მიმართულებით (270 000 ლარი), მაგრამ, ცხადია, ეს არ არის საკმარისი და ოდნავაც ვერ აკმაყოფილებს არსებული ვითარების შეცვლისათვის აუცილებელ მოთხოვნებს;
  • ხელი უნდა შეეწყოს მუზეუმების დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდას და შესაბამისად, სახელმწიფო თუ სხვა სტრუქტურებთან ურთიერთობის დარეგულირებას. აღსანიშნავია, რომ 2005-2007 წლებში საჯარო სამართლის იურიდიულ პირად (სსიპ) ჩამოყალიბდა 38 მუზეუმი და მუზეუმ-ნაკრძალი, თუმცა ამჟამად მათი რაოდენობა მხოლოდ 25-ს აღწევს; ვინაიდან კულტურის სფეროს დეცენტრალიზაციის საპირისპიროდ, საქართველოს ეროვნული მუზეუმისა (11 მუზეუმი) და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს (14 მუზეუმ-ნაკრძალი და მუზეუმი) ჩამოყალიბებით, ავტომატურად გაუქმდა მათი სტატუსიც. ფაქტობრივად, მუზეუმ-ნაკრძალები და მუზეუმები იქცნენ ამ ინსტიტუციების სტრუქტურულ ქვედანაყოფებად, რამაც, ბუნებრივია, შეზღუდა მუზეუმების დამოუკიდებლობის ხარისხი (მათ შორის, ფინანსური თვალსაზრისითაც);
  • სასურველი იქნებოდა ეროვნული მუზეუმის სტატუსის მინიჭება საქართველოს ათ რეგიონში არსებული დიდი (და მართლაც მნიშვნელოვანი კოლექციების მფლობელი) მუზეუმებისათვის, რათა რეალურად განხორციელდეს დეცენტრალიზაციის პროცესი და ეს მუზეუმები გარდაიქმნას ამა თუ იმ რაიონის ქმედით, კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრებად - საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებულ ინოვაციური მმართველობით და ადმინისტრაციულ მოდელთა შემუშავებით;
  • მუზეუმი უნდა გათავისუფლდეს დღგ-ს გადასახადისაგან - დამხმარე ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების დაბეგვრისაგან (იგულისხმება დამხმარე ხასიათის ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება კანონმდებლობით დადგენილი წესით, და არა არსებითად გადასვლა სამეწარმეო საქმიანობაზე);
  • მუზეუმის მდგრადი განვითარებისა და საკუთარი მისიის აღსრულებისათვის აუცილებელ პირობათა შესაქმნელად, ხელი უნდა შეეწყოს მუზეუმების ინტენსიურ თანამშრომლობას სხვადასხვა ინსტიტუციებთან. სახელმწიფოს, მეცენატ-ფილანთროპების, მუზეუმის მეგობართა ორგანიზაციებისა და ქვეყანაში არსებული საქველმოქმედო ფონდების გარდა, სამუზეუმო სივრცის მთავარ პარტნიორებად უნდა მოიაზრებოდეს: უმაღლესი სკოლები, ტურისტული ფირმები, საგამომცემლო და სამუზეუმო პროდუქციის მწარმოებელი სხვადასხვა ორგანიზაციები, საერთაშორისო პროფესიული (UNESCO, ICOM, ICOM-ის სხვადასხვა საერთაშორისო კომიტეტები, ICCROM, ICOMOS და სხვა) ინსტიტუციები და ფონდები;
  • განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მუზეუმის თანამშრომელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების, სტაჟირებისა და მუზეუმებში ახალი კვალიფიციური კადრების მოზიდვას ინსტიტუციის საქმიანობის ეფექტურობის ამაღლების, სამუზეუმო სფეროში არსებული თანამედროვე საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა და ქართულ სინამდვილეში ადაპტირებისათვის;
  • სამუზეუმო რეფორმის ერთ-ერთ უმთავრეს მიმართულებად უნდა იქცეს სოციუმში მუზეუმის ფართოდ ინტეგრაცია, ვინაიდან მხოლოდ საზოგადოებასთან ურთიერთობისას თავისუფლდება მუზეუმი ელიტარულობის მოძველებული კონცეფციისგან, შეიმუშავებს ახალ, ბევრად უფრო ხელმისაწვდომ მეთოდებს სამუზეუმო მასალის აღსაქმელად, არატრადიციულ კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამებს ბავშვების, მოზრდილებისა და ყველა სოციალური ფენის მნახველისათვის, და რაც მთავარია, მუზეუმის შემდგომი განვითარებისა და XI საუკუნის ახალ გამოწვევათა საპასუხოდ - მუზეუმებში დამატებითი სახსრების მოზიდვისა და კომერციული უნარ-ჩვევების გამომუშავებისათვის;
  • მუზეუმის გარდაქმნა ცოცხალ, ქმედით ორგანიზმად თავისთავად ითხოვს დიფერენცირებულ მიდგომას და ხელშეწყობას სპეციფიკური სამუზეუმო ინფრასტრუქტურების შექმნის საქმეშიც. ცხადია, იგულისხმება მუზეუმისათვის აუცილებელ იმ კომპონენტთა ერთობლიობა, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს მნახველთა ჯგუფების მომსახურების სხვადასხვა ხარისხს (ინფორმაციული მასალის მიწოდებით, მუზეუმის სივრცეში მდებარე მაღაზიით, სხვადასხვა ტიპის კაფეებით, ნებისმიერი ტიპის კულტურულ-საგამანათლებლო პროგრამის განხორციელებისათვის გამოყოფილი სივრცით და სხვ.). ამგვარი მუზეუმი საზოგადოებისათვის დღეს უკვე წარმოადგენს დამატებით ინტელექტუალურ რესურსს, რომელთა მეშვეობით ადამიანები უშუალოდ ეზიარებიან განსხვავებულ კულტურებს და იმავდროულად, ახდენენ საკუთარი ეროვნული სახის იდენტიფიკაციასაც.
  • მიუხედავად იმისა, რომ სამინისტროს მუზეუმების სამმართველოს თანამშრომელთა და საქართველოს მუზეუმების ასოციაციისა თუ ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტის წარმომადგენელთა მიერ არაერთხელ იქნა მიწოდებული ზემოჩამოთვლილი წინადადებები და შესაბამისი რეკომენდაციები მინისტრების, კურატორი მინისტრის მოადგილეებისა და კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის დირექტორისადმი, სამწუხაროდ, სიტუაციის გაუმჯობესების მცდელობას შედეგი დღემდე არ მოჰყოლია. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სამუზეუმო რეფორმის ზემოთ ჩამოთვლილი სტრატეგიული მიმართულებები ამჟამადაც სამინისტროს ვებ-გვერდზეა განთავსებული.

    ცხადია, ამ და სხვა საკითხების მოგვარებაში უმნიშვნელოვანესი როლი ეკისრება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, რომლის თაოსნობით უნდა შემუშავდეს სამუზეუმო პოლიტიკა და უნდა განხორციელდეს მისი ინტეგრაცია სახელმწიფო პოლიტიკაში. სამუზეუმო საქმისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვა საზოგადოებრივ სტრუქტურებთან თანამშრომლობით, სწორედ სამინისტროს ხელშეწყობით უნდა ამოქმედდეს ქვეყნის მუზეუმების დაცვისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი ინტეგრირების კარგად შემუშავებული სტრატეგია, რაც, შესაბამის კანონმდებლობასთან ერთად, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს არა მხოლოდ ინოვაციური სამუზეუმო პოლიტიკის გატარებაში, არამედ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაშიც - უნდა გადაფასდეს დამოკიდებულება მუზეუმისადმი, როგორც საგანძურის “საცავისადმი” და მის უმთავრეს ამოცანად დასახული უნდა იქნეს კომუნიკაცია საზოგადოებასთან, მის ყველა სასიცოცხლო ინტერესსა და სულიერ მოთხოვნილებასთან, რათა ქართული სამუზეუმო სივრცეც პასუხობდეს XI საუკუნის მოთხოვნებს და მუზეუმს უნარჩუნებდეს მიმზიდველობას და სიცოცხლისუნარიანობას, ხოლო მომავალ თაობებს - იმ უნიკალურ კულტურულ მემკვიდრეობას, რაც მასშია დაცული.

     

     

    RCCHD Project:
    Office 16b, Betlemi ascent, 0105 Tbilisi, Georgia
    Tel.: +995 32 2-98-45-27
    E-mail: rcchd@icomos.org.ge
    © 2012 - Eastern Partnership Culture Programme