E- Journal №3 World Heritage კულტურული მემკვიდრეობა და ახალი რეალობა XXI საუკუნის დამდეგს საბჭოთა კავშირის კოლოსალური იმპერიის დაშლის შემდეგ მის ყოფილ საზღვრებში შემავალი ქვეყნების უმეტესობა ერთბაშად აღმოჩნდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პრობლემების წინაშე. საფრთხის წინაშე დადგა ბუნებრივი და კულტურული ლანდშაფტები, ეროვნული სიმბოლოების განმასახიერებელი არქიტექტურა და ურბანული მემკვიდრეობა. ახალი მშენებლობებისთვის მომეტებულად სასურველი აღმოჩნდა ისტორიულ-კულტურული ღირებულებით გამორჩეული დაცული ტერიტორიები. ამ ფონზე ხშირად მემკვიდრეობის საზიანოდ მოქმედებს ცენტრალური და ადგილობრივი სამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც დაცვითი ზონების შემცირება-კორექტირების მეშვეობით გზას უთმობენ უსახურ მშენებლობებს.ამავე რიგში დგება ტურისტული მიმზიდველობის გაზრდის მიზნით წარმოებული არასწორი სარესტავრაციო და სარეაბილიტაციო სამუშაოები, რის გამოც იმატებს აუნაზღაურებელი დანაკარგები. ძეგლთა დაცვის ეროვნული ორგანიზაციები ძირითადად მოუმზადებელი აღმოჩნდა მიმდინარე უარყოფითი პროცესების წინააღმდეგ სამოქმედოდ. ზოგან დარგის ახლად გარდაქმნილმა შესაბამისმა სტრუქტურებმა ვერ გაუძლო გამოცდას, რიგ ქვეყნებში მისი განახლების პროცესი არც დაწყებულა, ან ძალზე ნელი ტემპით მიმდინარეობს, ხოლო ძველი მართვის სისტემები ვერ ეგუება ახალ რეალობას. საქართველოს მაგალითზე ყურადღებას გავამახვილებთ მცხეთაზე, რომელიც 1994 წლიდან მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შესული. ნომინაციის თავდაპირველი დასახელება - მცხეთის მუზეუმ-ნაკრძალი - შეიცვალა 2005 წელს. ამჟამად მისი სახელწოდებაა მცხეთის ისტორიული ძეგლები - სვეტიცხოვლის კათედრალი, სამთავროს მონასტერი, ჯვრის მონასტერი. 2009 წელს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 33-ე სესიის გადაწყვეტილებით მცხეთის ისტორიული ძეგლები ძირითადი ნუსხიდან გადატანილი იქნა საფრთხეში მყოფ ძეგლთა ნუსხაში. ქალაქი მცხეთა თბილისიდან 21 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს, ამჟამად იგი მუნიციპალურ ცენტრს წარმოადგენს. საისტორიო წყაროებში მოხსენიებული ცნობების და XIX საუკუნიდან დღემდე თითქმის უწყვეტად მიმდინარე არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოძიებული მდიდარი მასალის მიხედვით მცხეთა და მისი მიდამოები დასახლებული იყო ძვ. წ. III-II ათასწლეულიდან (ადრინდელი და შუა ბრინჯაოს ხანიდან). აქ არსებული სამოსახლოების შერწყმით წარმოიშვა ქალაქი - ,,დიდი მცხეთა", რომელიც ერთიანი სათავდაცვო სისტემით გაერთიანებული ცალკეული უბნებისაგან შედგებოდა. ძვ. წ. I-III საუკუნიდან მოყოლებული რვაასი წლის განმავლობაში მცხეთა წარმოადგენდა აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოყალიბებული პირველი ქართული სახელმწიფოს - ქართლის დედაქალაქს, მის პოლიტიკურ ცენტრს (I საუკუნის შემდეგ დედაქალაქი თბილისში იქნა გადატანილი). დიდი მცხეთის მოსახლეობა მრავალეროვანი იყო. აქ სახლობდნენ ქართველები, ბერძნები, სომხები, სპარსელები. მათ შორის იყვნენ აგრეთვე იერუსალიმიდან დევნილი ებრაელები. მცხეთა და მისი მიდამოები მდიდარია უწყვეტი ისტორიულ/კულტურული ცხოვრების ამსახველი ნივთიერი ძეგლებით, რომელთა თარიღი უძველეს დროში იღებს სათავეს. ამავე დროს, იგი არამატერიალური, სულიერი და ისტორიული ფასეულობების მომცველია.მეცნიერები იმასაც ვარაუდობენ, ძველ ქართულ სალიტერატურო ენას, რომელიც ჩვენამდე შემონახული უძველესი წერილობითი ძეგლებითაა (I-XI სს.) წარმოდგენილი, მცხეთური მეტყველება დაედო საფუძვლად. მცხეთის გარემოს აყალიბებს მძლავრი ბუნებრივი დომინანტები. აქ სივრცე საოცრად შეკრული და შეკუმშულია, მის ყოველ ხილულ დეტალს განსაკუთრებული ისტორიული დატვირთვა გააჩნია (სურ.1). ამ ადგილებთან დაკავშირებულია ქვეყნის წარსულის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტები, რომლის ხელყოფა ისტორიული მეხსიერების დაკარგვის ტოლფასია. მცხეთა ორი მდინარის ხეობაში, მტკვრისა და არაგვის შესართავთან მდებარეობს. საქართველოში მრავალი ხერთვისია, მაგრამ მდინარეთა შესართავის აღმნიშვნელი ეს ხანმეტი ფორმა (ხ-ერთვის), რომელიც -II საუკუნიდან შემორჩა ქართულ ენას, ყველაზე მეტად თითქოს მტკვრისა და არაგვის შესაკრებელს შეესაბამება. მასთან დაკავშირებულია მცხეთის წარმოშობა. ქართულისაისტორიო ტრადიციის მიხედვით ქართველთა ეთნარქი ქართლოსი "…... მოვიდა პირველად ადგილსა მას, სადა შეერთვის არაგÂ მტკუარსა ...", ხოლო მისმა ვაჟმა მცხეთოსმა "აღაშენა ქალაქი შესაკრებელსა შორის მტკვრისა და არაგვისასა და უწოდა სახელი თვისი მცხეთა." მცხეთასთან მდორედ მომდინარე მტკვრისა და არაგვის შესართავის თავზე ამართულია გოლგოთის მთა, რომელიც დასრულებულია წმინდა ჯვრის მონასტრით. მისი უადრესი ეკლესია 545-586 წლებშია აგებული, ხოლო დიდი ტაძარი - 586-605 წწ. თვალსაწიერში მკვეთრად იჭრება მთა ქართლისა, რომლის თხემიდან მდინარემდე დაშვებულია ტერასულად განლაგებული არქიტექტურულ-არქეოლოგიური ძეგლი არმაზციხის ნაქალაქარი. იგი კაცობრიობის განვითარების ადრეული ეტაპისთვის დამახასიათერბელ გამაგრებულ დასახლებას წარმოადგენს. არქეოლოგიური გათხრების შედეგად არმაზციხეში გამოვლენილია საფორტიფიკაციო ნაგებობების სისტემა, აქვე იყო სამეფო სასახლე. არმაზციხე მოხსენიებულია ძველ ბერძენ და რომაელ ავტორთა ნაშრომებში. მან ძვ. წ. I-III საუკუნეებიდან ახ.წ. III საუკუნის 30-იან წლებამდე იარსება. თანამედროვე მცხეთის გარემომცველი ბუნებრივი და არქიტექტურული დომინანტები იკრებს ქალაქში არსებულ მძლავრ ხუროთმოძღვრულ მახვილებს, რომელთა შორისაა - მდიდარი არქეოლოგიური მასალის შემცველი სვეტიცხოვლის კათედრალი (1010-1029 წწ.) და სამთავროს მონასტერი (მთავარი ტაძარი - XI საუკუნის 30-იანი წლები). მათ ირგვლივ კი ჯგუფდება მცხეთის ისტორიული უბნის ქაოტური განაშენიანება. ამგვარად, იქმნება ბუნების და ადამიანის ხელით შექმნილი ისტორიული ლანდშაფტის სამი პირობითი საფეხური, რომელიც ერთ მთლიანობად წარმოგვიდგება (სურ.2). საუკუნეთა მანძილზე იცვლებოდა მცხეთის საზღვრები. განსაკუთრებით საგრძნობლად შემცირდა მისი ტერიტორია გვიან შუა საუკუნეებში, თუმცა ამ დროსაც მყარად იყო დამკვიდრებული მცხეთის დიდი მნიშვნელობა. არსებობს გადმოცემა, რომ III საუკუნის დასაწყისში - გასნსაკუთრებული სისასტიკის გამო ქართველი ხალხის მიერ მურვან ყრუდ წოდებული, ხალიფა მარვან II იბნ მუჰამედის გამანადგურებელი ლაშქრობის შემდეგ - მცხეთამ, როგორც ქალაქმა არსებობა შეწყვიტა. საისტორიო ცნობების მიხედვით ქართველმა მეფეებმა განგებ აღარ აღადგინეს მისი საქალაქო სტატუსი იმ მიზეზით, რომ იგი სხვა დამპყრობლებისთვისაც მიმზიდველი არ გამხარიყო. XIX – XX საუკუნეთა მიჯნაზე მცხეთის ტერიტორია მნიშვნელოვნად შემცირდა, იგი მხოლოდ მტკვრისა და არაგვის შესართავთან არსებული სამკუთხა მოყვანილობის ტერიტორიით შემოისაზღვრა. მცხეთის ისტორიაში იყო დამცრობა-აღმავლობის პერიოდები, თუმცა არასოდეს დამდგარა კითხვის ნიშნის ქვეშ მისი საკრალური მნიშვნელობა. წინაქრისტიანულ პერიოდში აქ იყო უზენაეს წარმართულ ღვთაებათა ადგილსამყოფელი. ქართველთა წარმართული პანთეონი თავისი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მასში ვხვდებით იმ სამყაროდან მომდინარე ტენდენციებს, რომლებთანაც ჯერ ქართველურ ტომებს და შემდეგ - ქართლის სამეფოს ჰქონდა პოლიტიკურ-კულტურული ურთიერთობა. საისტორიო წყარო გვაუწყებს, რომ "…... იყვნეს ორნი მთანი და მათ ზედა ორნი კერპნი, არმაზ და ზადენ, ხოლო იყვნეს კერპნი სხუანიცა." I საუკუნის დასაწყისში მცხეთაში კაბადოკიიდან მოვიდა საქართველოს განმანათლებელი, ქართული ეკლესიის მიერ მოციქულთა სწორად შერაცხული წმინდა ნინო. მის სახელთან დაკავშირებულია მრავალი სასწაულის მოხდენა. ახალ რელიგიას ეზიარა ქართლის მეფე მირიან III და მისი ოჯახის წევრები, რის შემდეგაც ქართლში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა. მცხეთამ ითავა განსაკუთრებული როლი ქვეყანაში ახალი რელიგიის დამკვიდრებისათვის. წმ. ნინოს მითითებით მცხეთის აღმოსავლეთით, მაღალ მთაზე, იქ სადაც ახლა ჯვრის მონასტერია, დაიდგა დიდი ხის ჯვარი, რომლის არაერთგზის გადაკეთებული კვარცხლბეკი დღემდე შემონახულია მონასტრის დიდ ტაძარში. ცნობები ქართლის გაქრისტიანების და წმინდა ნინოს შესახებ დაცულია ქართულ, სომხურ, ბერძნულ და რომაულ საისტორიო წყაროებში. აღსანიშნავია ისიც, რომ იერუსალიმში, ქრისტეს საფლავზე ჩამოყალიბებული ღმრთისმსახურების წესი სავალდებულო იყო აღმოსავლეთ საქრისტიანოსთვის, რამაც მოითხოვა იერუსალიმური საკრალური გეოგრაფიის გათვალისწინება. ქრისტიანობის გავრცელების ადრეულ ეტაპზე მცხეთასა და მის მიდამოებში დამკვიდრდა ქრისტეს ცხოვრებასთან დაკავშირებული, სირია-პალესტინიდან შემოსული ტოპონიმები: ანტიოქია, გეთსიმანია, გოლგოთა, ბეთლემი.
- - - III საუკუნიდან 1956 წლამდე მცხეთას ქალაქის სტატუსი არ გააჩნდა. მან "გამოტოვა", ქალაქური განვითარების ათასწლოვანი ეტაპი. მას არც მშენებლობის რეგლამენტაციის ის ნორმები შეხებია, რომელიც რუსულმა ჩინოვნიკურმა აპარატმა შემოიტანა საქართველოში XIX საუკუნეში. XIX საუკუნის დასასრულის და XX საუკუნის დასაწყისის ფოტოებიდან ჩანს, რომ მცხეთაში არსებულ საცხოვრებელი სახლები დახრილ რელიეფზე, ტერასულად იყო განლაგებული. მათ უმეტესობას ბრტყელი გადახურვა ჰქონდა. XX საუკუნის დასაწყისიდან უკვე მომრავლდა შენობები დახრილი სახურავებით, ხოლო ამავე საუკუნის შუა ხანებში ბრტყელსახურავიანი სახლები უკვე აღარ შენდებოდა (სურ.3). მცხეთის ძველი საცხოვრებელი შენობების დიდი ნაწილი სამუდამოდ გაქრა, თუმცა სვეტიცხოვლის, მიმდებარე მიმდებარე უბანი ჯერ კიდევ მოიცავს XIII-XIX ს-ის და XX ს-ის დასაწყისის საცხოვრებელ და სამეურნეო დანიშნულების სათავსებს. ისინი ქალაქის ძველი უბნის განაშენიანების თავდაპირველ ბირთვს წარმოადგენს და გარკვეული სახით, ხელს უწყობს ისტორიულად ჩამოყალიბებული გეგმარების შენარჩუნებას. მათი მიხედვით შესაძლებელია მცხეთის ურბანული განვითარების ზოგადი სურათის წარმოდგენა და ადგილობრივი სამშენებლო ტრადიციის წარმოჩენა. მცხეთის ძველი უბნების რეაბილიტაციისათვის მეთოდის შემუშავება საკმაოდ რთულია. არსებულ ურბანულ ქსოვილში ჩართულიძველი ნაგებობები მომდევნო პერიოდებში საგრძნობლადაა გადაკეთებული. ზოგჯერ ერთ შენობაში გაერთიანებულია XIII-XIX და XX საუკუნის დასაწყისის სამშენებლო ფენები. 2010 – 2011 წლებში სათანადო კვლევისა და პროექტირების გარეშე ჩატარდა სვეტიცხოვლის მიმდებარე განაშენიანების რეაბილიტაცია, რომლის პროექტი არ იქნა განხილული და შეთანხმებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სტრუქტურებთან. სამუშაოების მიმდინარეობის დროს გამოყენებული იქნა ძველი ნაგებობებისთვის არათავსებადი სამშენებლო მასალა. შედეგად, მივიღეთ რეალურისაგან დაშორებული, გამოგონილი არქიტექტურა, რომელიც ძირითადად ტურისტების თვალის გასახარადაა განკუთვნილი (სურ.4). მცხეთას დღემდე არ გააჩნია განვითარების გენერალური გეგმა. იგი ცოცხალი ქალაქია და ამ სივრცეში ახალი შენობების გაჩენა, თუნდაც, არქიტექტურული ძეგლების მიმდებარე ტერიტორიაზე, გასაგებია და აუცილებელიცაა, მაგრამ არავითარი გამართლება არ აქვს სვეტიცხოვლის კომპლექსის დასავლეთი კარიბჭიდან ათიოდე მეტრის მანძილზე მდებარე ახლად აგებულ ტურისტული საინფორმაციო ცენტრის შენობას (სურ.5). მის მთავარ ფასადზე დახვავებულია ქართული ტრადიციული საცხოვრებლის და შუა საუკუნეების არქიტექტურიდან აღებული ჰიპერტროფული არქიტექტურული ფორმები. საყურადრებოა ისიც, რომ არც ამ შენობის ასაგებადაც გაცემულა ოფიციალური ნებართვა. მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა მცხეთას და მის გარემოს ახალი სამთავრობო- ადმინისტრაციული შენობების აგებით სვეტიცხოვლის კათედრალსა და ჯვრის მონასტერს შორის არსებულ ტერიტორიაზე (სურ. 6). აქ, ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონაში უკანონოდ დაწყებული პოლიციის, საქპატენტის და იუსტიციის სახლის მშენებლობა 2012 წლის სექტემბერში სამთავრობო განკარგულებით დაკანონდა. დოკუმენტი ითვალისწინებს ისტორიული ლანდშაფტის დაცვის და არქეოლოგიური ზონების შემცირებას. ამჟამად სამშენებლო სამუშაოები შეჩერებულია, მაგრამ ფაქტია, რომ მტკვრისა და არაგვის შესართავთან, შუა საუკუნეების ორი უმნიშვნელოვანესი არქიტექტურული შედევრის არეალში (სვეტიცხოვლის კათედრალი, ჯვრის მონასტერი) კანონით უკვე დაშვებულია მშენებლობა, რადგან ტერიტორიას რომელიც არასოდეს ყოფილა განაშენიანებული, ახლა რეგულირებადი ზონის სტატუსი მიენიჭა. ჩვენმა წინაპრებმა შემოგვინახეს მცხეთა. აქ ასეული წლების მანძილზე არ შეწყვეტილა ცხოვრება. ქალაქი ჩვენ დრომდე შემცირებული საზღვრებით მოვიდა, მაგრამ იგი კვლავ ცოცხალია და XX საუკუნეში ეროვნული და მოგვიანებით - საერთაშორისო კანონმდებლობითაა დაცული. ჩვენ კი ვალდებული ვართ იგი გადავცეთ მომავალ თაობებს. დღევანდელი მდგომარეობის მიხედვით შეიძლება ზიანი მიადგეს მცხეთას და მის შემოგარენს, რომელსაც გარდა დიდი მხატვრულ-ისტორიული მნიშვნელობისა, სწორად განვითარების შემთხვევაში, ეკონომიკური წინსვლისთვისაც დიდი პოტენციალი გააჩნია. აუცილებელია ყველამ კარგად გააცნობიეროს მცხეთის მნიშვნელობა და გადადგას რეალური ნაბიჯები მის დასაცავად. როგორც ჩანს, საამისოდ მხოლოდ ძეგლთადამცველთა ძალისხმევა არ არის საკმარისი. გამოსავალი შეიძლება მოიძებნოს სამთავრობო, ადგილობრივი მმართველობის, აკადემიური წრეების, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ორგანიზაციების, საქართველოს საპატრიარქოს, ბიზნესის სფეროს და საზოგადოების ფართო ფენების თანამშრომლობის საფუძველზე. სპეციალისტებმა ყველას ნათლად უნდა დაუსაბუთონ იმ აუნაზღაურებელი დანაკარგების შედეგები, რაც შეიძლება მოჰყვეს არასწორ პოლიტიკას ამ სფეროში. საქართველოში საზოგადოება დანამდვილებით არ არის გულგრილი საკუთარი კულტურული მემკვიდრეობის მიმართ. არ უნდა მოხდეს ისე, რომ მან მხოლოდ მაშინ გააცნობიეროს დიდი ისტორიული დანაკარგები, როდესაც უკან მობრუნება შეუძლებელი იქნება.
ციცინო
ჩაჩხუნაშვილი ![]() 1. მცხეთა და მისი გარემო, შალვა ლეჟავას ფოტო, 2009. ![]() 2. მცხეთა, ლანდშაფტის ბუნებრივი და ხუროთმოძღვრული დომინანტები, ბესარიონ მაცაბერიძის ფოტო, 2007. ![]() 3. მცხეთა, სვეტიცხოვლის კათედრალის მიმდებარე განაშენიანება XX საუკუნის შუა წლებში. ![]() 4. მცხეთა, ქალაქის ძველი უბანი 2010 წლის რეაბილიტაციის შემდეგ, მანანა სურამელაშვილის ფოტო, 2010. ![]() 5. მცხეთა, ტურისტული საინფორმაციო ცენტრის შენობა, ციცინო ჩაჩხუნაშვილის ფოტო, 2010. ![]() 6. ბოლოდროინდელი ჩარევის შედეგი |
![]() European Union EU is not responsible for the content of this website | |||||||||||
| ||||||||||||
|