Regional Co-operation for Cultural Heritage Development
რეგიონალური თანამშრომლობა კულტურული მემკვიდრეობის განვითარებისათვის
Տարածաշրջանային համագործակցություն հանուն մշակութային ժառանգության զարգացման
Національна політика щодо культурної спадщини
Mədəni irsin inkişaf Etdimilməsi üçün regional əməkdaşlıq
Рэгіянальнае супрацоўніцтва ў мэтах развіцця культурнай спадчыны
 
E- Journal №1
Communities & Heritage
ბათუმის ისტორიული ბულვარის განვითარება ახალი რეალობა და გამოწვევები საზოგადოებისათვის

ნინო ინაიშვილი
შოთა რუსთაველის სახელობის
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო

 

ზღვისპირა ბულვარი ბათუმის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. იგი ბათუმის ისტორიულ ნაწილში მდებარეობს, ფართო ზოლად მიუყვება ზღვის სანაპიროს და მოქცეულია პლაჟსა და განაშენიანების ნაპირს შორის. 1987 წლიდან ბულვარი საქართველოს საბაღე-საპარკო ხელოვნების ეროვნული მნიშვნელობის ძეგლია და ამასთანავე სარეაკრეაციო ზონას წარმოადგენს. განსაკუთრებულია ბულვარის როლი ბათუმელთა საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც. ბულვარის ისტორია ბათუმის ისტორიის, ქალაქური ცხოვრებისა და ტრადიციების განუყოფელი ნაწილია.

ბათუმის ბულვარის ისტორია იწყება 1885 წელს. ზღვის სანაპირო ზოლში სასეირნო ადგილის შექმნის იდეა ბათუმის ოლქის გენერალ-გუბერნატორის ა.სმეკალოვის ინიციატივით განხორციელდა. ამ იდეის განსახორციელებლად ქალაქის ხელმძღვანელობამ ფრანგი თავადი, მებაღე-დეკორატორი მიხეილ დ’ალფონსი მოიწვია, რომელიც 1885 წელს ქალაქის მთავარ მებაღედ დაინიშნა*. ამ მოვალეობის შესრულების დაწყებამდე, მ.დ’ალფონსი ქალაქის მახლობლად, თავის საკუთარ მამულში, ზღვისპირა კონცხზე, „მცირე რივიერას“ ქმნიდა, რისთვისაც სამხრეთ საფრანგეთიდან გამოიწერა და დანერგა იშვიათი დეკორატიული მცენარეები. მ.დალფონსმა ბულვარი გაამდიდრა იშვიათი ჯიშის მცენარეებით, რომელიც ჩაქვის საკუთარი მამულიდან გადმორგა. ბულვარის განვითარებაში ასევე მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის საფრანგეთში განსწავლულ ი.გორდეზიანს, რომელიც 1917 წელს დაინიშნა ქალაქის პარკის, ბულვარის და სანერგის მმართველად. 1933 წლამდე მისი ინიციატივითა და ხელმძღვანელობით განხორციელდა ქალაქის პარკისა და ბულვარის ნარგავთა თითქმის მთლიანი განახლება.

ბულვარის გრუნტი რიყის ქვისა და ქვიშის ფენას წარმოადგენდა. ამიტომ, ნარგავებისათვის საჭირო ხელოვნური ნიადაგის შექმნის მიზნით მიწას და ნაკელს ახლომდებარე ადგილებიდან ეზიდებოდნენ. ამდენად, ბულვარის გაშენებამ ძალიან დიდი ძალისხმევა და ხარჯები მოითხოვა, მაგრამ ადამიანთა დიდი შრომისა და ნებისყოფის შედეგად ბულვარი იქცა ბათუმის ყველაზე კაზმულ ნაწილად და თავისი სილამაზითა და მრავალფეროვნებით ერთ-ერთი საუკეთესო იყო მთელს რუსეთის იმპერიაში.

თავიდანვე ბულვარის ნარგავების ასორტიმენტი საკმაოდ მრავალფეროვანი იყო და შედგებოდა წიწვოვანი, მარადმწვანე, ფოთლოვანი ხეებისა და ბუჩქების სხვადასხვა სახეობებისაგან, რომლებიც ისე ლამაზად იყო დაჯგუფებული, კარგად ფორმირებული და მშვენივრად დაგეგმარებული, რომ აღტაცებაში მოჰყავდა მნახველები. ცენტრალური ხეივნები ერთმანეთთან დაკავშირებული იყო სწორი, მრუდე და წრიული ბილიკებით, რომელთა შორის მოწყობილი იყო კლუმბები და გაზონები ხალიჩისებური ყვავილნარებით. ბათუმში ჩამოსულ რუსეთის იმპერიის არისტოკრატებსა თუ თანამდებობის პირებს საკუთარ მოვალეობად მიაჩნდათ ალექსანდრეს პარკისა და ნიკოლოზის ბულვარის მონახულება და იქ ხის დარგვა. 1888 წელს ბათუმს ესტუმრა რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე III ოჯახით, რომელთაც პარკსა და ბულვარში ნარგავები დარგეს.

ბულვარი ყოველთვის იყო ბათუმელებისა და ტურისტების საყვარელი სასეირნო ადგილი. ბულვარიდან შესანიშნავი ხედია ზღვაზე, საიდანაც კარგ ამინდში მოსჩანს კავკასიონის ქედის თოვლიანი მთები. უშუალოდ პლიაჟზე და ფართო ხეივნებში, სადაც მუდამ გრილი ნიავი უბერავს, ჩადგმულია მოხერხებული სკამები წყნარი დასვენებისათვის, სადაც დამსვენებლებს შეუძლიათ დატკბნენ ბაღის დეკორატიული ნარგავებით, მუდმივად ცვალებადი ზღვის, ახლომდებარე გორაკებისა თუ მზის ჩასვლის ულამაზესი ხედებით. 1900-იან წლებში ბულვარის ცენტრალურ შესასვლელში განთავსებული იყო მსუბუქი კონსტრუქციების შენობა-ნაგებობები: ბუფეტ-რესტორანი, მუსიკალური როტონდა, სადაც საკურორტო სეზონის განმავლობაში (მაისი-ოქტომბერი) საღამოობით უკრავდა სამხედრო სასულე ორკესტრი, სამკითხველო და ნიჟარის ფორმის ღია სცენა, სადაც იმართებოდა ხოლმე წარმოდგენები.

ბულვარის ცენტრალურ შესასვლელში, ბულვარის მიმდებარე ქუჩის პირას მდებარე კერძო შენობაში, 1889 წლიდან ფუნქციონირებდა საზოგადოებრივი ორგანიზაცია - საზოგადო საკრებულო. შენობა 1900 წელს დაიწვა, მაგრამ იგი ორი წლის შემდეგ ისევ აღადგინეს, რაც ბათუმის იმდროინდელი საზოგადოებისათვის ამ დაწესებულების მნიშვნელობაზე მიუთითებს. ეს დაწესებულება, გასაბჭოების შემდეგ, 1929 წელს, წითელი არმიის სახლად გადაკეთდა და მას შემდეგ იგი ოფიცერთა სახლის სახელით იყო ცნობილი. გასართობთან ერთად საზოგადო საკრებულო არაფორმალური განათლების კერასაც წარმოადგენდა - აქ ტარდებოდა ლექციები საზოგადოებისათვის სასარგებლო ცოდნის გასავრცელებლად. იგი ყოველდღიური შეხვედრების ადგილი იყო, სადაც თავს იქცევდნენ ჭადრაკის, შაშის, დომინოს თამაშით, ფუნქციონირებდა ბუფეტი. აქ მრავლად ეწყობოდა საოჯახო და საზოგადოებრივი საღამოები, მეჯლისები, მასკარადები. ბათუმი დასახლებული იყო სხვადასხვა ეროვნების ხალხით და თვითეულ კოლონიას თავისი საქველმოქმედო ორგანიზაციები და სკოლებიც კი ჰქონდა. ამ ორგანიზაციების საჭიროებისათვის თანხის შესაგროვებლად აქ იმართებოდა სხვადასხვა მეჯლისები. მცირე ზომის სცენის მიუხედავად, საკრებულოს შენობა დიდხანს ითავსებდა დრამატული თუ საოპერო თეატრის ფუნქციას. საბჭოთა პერიოდში, გარკვეული დროის მანძილზე, აქ თოჯინების თეატრიც კი იყო განთავსებული. ოფიცერთა სახლს გააჩნდა ღია და დახურული კინოდარბაზი, ბიბლიოთეკა. საინტერესო ისტორიის მქონე შენობა, რომელიც საუკუნის მანძილზე საზოგადოებრივი თავშეყრისა და კულტურული დაწესებულების ფუნქციას ასრულებდა, 1997 წელს ტერიტორიის კეთილმოწყობის მოტივით დაანგრიეს.

ბულვარის ნაწილი აქტიური დასვენებისათვის იყო განკუთვნილი, რასაც ემსახურებოდა ღია სპორტული მოედნები: ველოტრეკი, ასევე კროკეტის, ჩოგბურთის, კეგლის სათამაშო მოედნები და სკეიტინგ-რინგი (საციგურაო მოედანი), ტანვარჯიშის მოედანი. ბულვართან ჩამოყალიბებული იყო სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციები: სპორტის სხვადასხვა სახეობის მოყვარულთა კლუბები (ველოსიპედისტთა, ფიზიკური განვითარების ხელშემწყობთა, მთის კლუბი), საკურორტო საზოგადოება, საზოგადო საკრებულო. საბჭოთა პერიოდში აქ ფუნქციონირებდა სპორტული საზოგადოებები („დინამო“, „განთიადი“) და საცურაო აუზი. ბულვარის ფიზიკურ-გამაჯანსაღებელი ფუნქციის ტრადიციის გაგრძელებად შეიძლება მივიჩნიოთ უკანასკნელ პერიოდში პლიაჟზე ველოსიპედისტებისათვის სპეციალური ბილიკის მოწყობა, რომელიც ბულვარს მთელს სიგრძეზე გასდევს. შეიქმნა ველოსიპედების გაქირავების პუნქტები. ველოსიპედების მოყვარულთა რიცხვი საკმაოდ სწრაფად იზრდება. 1925 წელს ბულვარში აშენდა ფეხბურთის სტადიონი, რომელსაც შემდგომ წლებში (1936, 1996, 2002) რამდენჯერმე ჩაუტარდა რეკონსტრუქცია. ზამთრის თბილი კლიმატური პირობების გამო საბჭოთა კავშირის ჩრდილოეთი ნაწილიდან ფეხბურთის გუნდები ჩამოდიოდნენ ბათუმში, რათა აქ ღია ცის ქვეშ ევარჯიშათ. 2006 წელს სტადიონი დაანგრიეს და ამჟამად მის ადგილას ფეშენებელური სასტუმრო „კემპინსკის“ მშენებლობა მიმდინარეობს.

მეოცე საუკუნის დასაწყისისათვის ბათუმი თანდათან იძენდა სამკურნალო კლიმატოლოგიური კურორტის მნიშვნელობას. სულ უფრო იზრდებოდა სამკურნალო მიზნით ჩამოსულ დამსვენებელთა რიცხვი. ბულვარის დასაწყისში, უშუალოდ ზღვის პირას მოთავსებულ ჰიდროპათიურ დაწესებულებაში შესაძლებელი იყო სასურველი ტემპერატურის ზღვის წყლის აბაზანების მიღება. უკანასკნელ ხანებამდე ამ შენობაში იყო ფასიანი პოლიკლინიკა. თუმცა შენობა ახლაც დგას, მაგრამ იგი არ ფუნქციონირებს.

ბულვარის კეთილმოწყობა გაგრძელდა 1930-იან წლებში. 1934 წელს პარკის ცენტრალურ ნაწილში აშენდა კოლონადა (არქიტექტორი ბ.კირაკოსიანი), რომელიც კლასიცისტური სტილის საბაღე-საპარკო არქიტექტურის საინტერესო ნიმუშს წარმოადგენს. ამავე წლებში ბულვარი დაამშვენა იტალიიდან ჩამოტანილმა თეთრი მარმარილოს სკულპტურებმა, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს განადგურდა. ამ ქანდაკებების გადარჩენილი ნაწილი ამჟამად ხელოვნების მუზეუმში ინახება.

1948 წელს ბულვარში აშენდა ხის მსუბუქი კონსტრუქციის საზაფხულო თეატრი (არქიტექტორები: კ.ჯავახიშვილი და ბ.კირაკოსიანი). ზაფხულობით აქ იმართებოდა კონცერტები და სპექტაკლები საგასტროლოდ ჩამოსული მსახიობების მონაწილეობით. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე თეატრის შენობა 1996 წელს დაიწვა. ახლა მის ადგილას მიმდინარეობს გაცილებით დიდი ზომის თეატრის მშენებლობა, რომელიც 800 მაყურებელზეა გათვლილი (ძველი შენობა მხოლოდ 300 მაყურებელს იტევდა). თუმცა ახალი შენობა ძველს წააგავს, მაგრამ მისი საფასადო და გრძივი დახურული თაღედები იმაზე მიუთითებს, რომ იგი წლის ყოველ დროს გამოსაყენებლადაა აგებული.

მოგვიანებით ბულვარში მოეწყო საჩოგბურთო კორტები, სადაც საერთაშორისო ასპარეზობებიც იმართება. 1977 წელს ბულვარის ცენტრალურ შესასვლელში დამონტაჟდა ფერადი მუსიკალური შადრევნები. 2006-2007 წლებში იგი მოცეკვავე შადრევნებად გადაკეთდა და მრავალ მნახველს იზიდავს.

ისტორიული პერიპეტიები საინტერესოდ აისახა ბულვარის ისტორიაში. 1952-1962 წლებში შადრევნების წინ აღმართული იყო ი.სტალინის ძეგლი, რომელიც 1962 წელს დაანგრიეს, რასაც მღელვარე დემონსტრაცია მოჰყვა. ასლან აბაშიძის მმართველობის დროს აქ მემედ აბაშიძის ძეგლი დადგეს, რომელიც ასლან აბაშიძის რეჟიმის შეცვლის შემდეგ ბათუმის სიმბოლოდ მიჩნეულმა ქოლგიანი დელფინის ქანდაკებამ შეცვალა. 2008 წელს ამ ადგილას მომცრო ზომის, პლასტიური არქიტექტურული ფორმის ნაგებობა აღიმართა, რომელშიც მმაჩის ბიუროა განთავსებული.

ბათუმის, როგორც ღირსშესანიშნავი ადგილის განვითარებას და მის კეთილმოწყობას ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევდა ადგილობრივი ხელისუფლება. გამონაკლისი არც ვარდების რევოლუციის შედეგად მოსული ხელისუფლება იყო. ბოლო ცხრა წლის განმავლობაში ბულვარი გაიზარდა სიგრძეში და გაჩნდა ახალი ბულვარი (სიგრძე 7 კმ-ს აღწევს) არდაგანის ტბაში მოწყობილი ულამაზესი ფრანგული მოცეკვავე შადრევნებით. პლაჟზე გაკეთდა ბილიკები როგორც ველოსიპედისტებისათვის, ისე ფეხით მოსიარულეთათვის. გაჩნდა ახალი ქანდაკებები, შადრევნები და დეკორატიული ობიექტები. არასასიამოვნო ტენდენციებიდან აღსანიშნავია საზოგადოებრივი კვების ობიექტების (რესტორნები, კაფეები) სიჭარბე, რომელთა რიცხვი ბულვარის ისტორიულ ნაწილში 25-ს აღწევს, მთლიანად კი 70-ს. თუკი წინარე პერიოდში ამ ტიპის ნაგებობებს საპარკო ტიპის მსუბუქი კონსტრუქციის სახე ჰქონდათ, უკანასკნელ წლებში ისინი პარკისათვის შეუფერებელი ბეტონის კონსტრუქციითა ნაგები და მათი მასშტაბიც ბაღისთვის შეუფერებელია. ბულვარის ზოგიერთ მონაკვეთში გაჩნდა ჩაკეტილი სივრცეები, ელიტარული დასასვენებელი ადგილები, როგორიცაა სასტუმრო „შერატონის“ კუთვნილი საცურაო აუზი. ამჟამად ყველაფერს შედარებით უფრო მოვლილი და სუფთა იერი აქვს, გაჩნდა საზოგადოებრივი ტუალეტებიც, მაგრამ კომერციული ობიექტების განვითარებასთან შედარებით გამწვანებას ნაკლები ყურადღება ექცევა. გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან ბულვარის გამეჩხერებულ და მოშიშვლებულ მწვანე საფარს აშკარად განახლება სჭირდება. იმის გამო, რომ აღარ არსებობს სანერგე, ბულვარის გამწვანება ძირითადად ძვირადღირებული შემოტანილი ნარგავებით ხორციელდება. იგრძნობა მებაღე-დეკორატორ პროფესიონალთა ნაკლებობაც. პრობლემატურია კანონები, რომლებიც არეგულირებენ მიწათსარგებლობისა და მშენებლობის საკითხებს ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე. ზოგ შემთხვევაში ისინი არაადექვატურია. მაგალითად, ქალაქის განაშენიანების მოქმედი რეგლამენტით ბათუმის სარეაკრიაციო ზონაში, რომელსაც მიეკუთვნება ბათუმის ბულვარი, ნებადართულია ისეთი ობიექტების განთავსება, რომელთა ფუნქციური დანიშნულება ეწინააღმდეგება ზონის შინაარს (სასტუმროები, კაფეები, რესტორნები, ზოოპარკები, სათამაშო ავტომატების დარბაზები, საეკლესიო ობიექტები, ადმინისტრაციის შენობები, ავტოსადგომები და სხვ.). მსგავსი დოკუმენტები ვერ უზრუნველყოფს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვას და ქმნის წინაპირობებს იმგვარი დარღვევებისათვის, რომელსაც ადგილი ჰქონდა გასული წლის აპრილში.

2011 წლის აპრილის თვეში, ბათუმის ბულვარის ცენტრალურ ნაწილში, მრავალწლიანი ნარგავების გაჩეხვამ და მის ადგილას ბიზნეს ცენტრის მშენებლობის დაწყებამ ადგილობრივი საზოგადოების დიდი აღშფოთება გამოიწვია. მოეწყო საპროტესტო გამოსვლები, შედგა პეტიცია, დაიწყო ხელმოწერების შეგროვება მშენებლობის დაუყონებლივი შეწყვეტის მოთხოვნით. საზოგადოებისათვის თავიდანვე ცხადი იყო, რომ ბულვარში მშენებლობის დაწყება უმაღლესი პირის პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციამ დაიწყო ბულვარის საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციის მოძიება და განცხადებით მიმართა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს. მაგრამ სააგენტომ ინფორმაციის გაცემაზე უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ ბულვარის ტერიტორიაზე დაგეგმილი მშენებლობა და ნებისმიერი მასთან დაკავშირებული დოკუმენტი მიეკუთვნებოდა საიდუმლო ინფორმაციას და კანონმდებლობით მისი გაცემა დაუშვებელი იყო. არასამთავრობოებმა სააგენტოს უარი ჯერ ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში - აჭარის არ განათლების, საპორტის და კულტურის სამინისტროში გაასაჩივრეს, ხოლო შემდეგ ბათუმის საქალაქო სასამართლოში.

სასარჩელო განცხადებაში მოყვანილი იყო ფაქტობრივი (სააგენტოს მიერ მშენებელ კომპანიაზე - შპს ,,რეილვეი ფროფერთი მენეჯმენტი“ არარეალურად უმოკლეს ვადაში ნებართვის გაცემა) და სამართლებრივი დასაბუთება (მშენებლობის ნებართვის დოკუმენტში არ იყო აღნიშნული მშენებლობის მიზანი). მხოლოდ სასამართლოში დავის ეტაპზე ზეპირსიტყვიერად გახდა ცნობილი, რომ აღნიშნული მშენებლობის მიზანი იყო ბულვარის „ადაპტაცია“. თუმცა მოპასუხეთა წარმომადგენლებმა (სააგენტომ, სამინისტრომ) და ვერც მოწმის სახით დაკითხულმა პირებმა ვერ განმარტეს თუ რამდენად მიესადაგებოდა ეს ტერმინი 180 მეტრიანი ნაგებობის მშენებლობას ეროვნული მნიშვნელობის საბაღე-საპარკო ხელოვნების ძეგლის ტერიტორიაზე, რომელიც ამავდროულად სარეაკრიაციო ზონას განეკუთვნება. აღსანიშნავია ისიც, რომ სასამართლოზე მოწმის სახით დაკითხულ იქნენ ის პირები, რომლებმაც უშუალოდ დაუჭირეს მხარი ბულვარში მშენებლობის დაწყებას.

სასამართლო საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და სამართლებრივი დასაბუთების მიუხედავად, სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი განაცხადა. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, მაგრამ სააპელაციო სასამართლოს განჩინებით პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი. ბულვარის უძველესი ნაწილის ტერიტორიაზე მშენებლობა უკვე დასასრულს მიუახლოვდა. ოფიციალურად გამოცხადდა, რომ შენობის ნაწილს ტექნოლოგიური უნივერსიტეტი დაიკავებს, დანარჩენს კი სხვა დაწესებულებები. მოსალოდნელია, რომ ამ მაღლივი შენობის ფუნქციონირება დღის წესრიგში დააყენებს მის გაფართოებას ბულვარის ხარჯზე. სამწუხაროა, რომ მსგავსი გადაწყვეტილებების მიღების დროს არ არის გათვალისწინებული არც სპეციალისტთა და არც საზოგადოებრივი ინტერესები და უგულებელყოფილია კონკრეტული ურბანული გარემოსათვის დამახასიათებელი ფასეულობები. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების და მათთან დაკავშირებული ღირებულებების შენარჩუნება მხოლოდ საზოგადოების აქტიურობისა და ძალისხმევის შედეგადაა შესაძლებელი.

 

 

შენიშვნები და გამოყენებული ლიტერატურა:

* 2012 წლის 28 სექტემბერს ბათუმის ბულვარში გაიხსნა ბაღის სკამზე მჯდომარე მ.დ’ალფონსის ბრინჯაოს ქანდაკება, რითაც პატივი მიაგო მის დამსახურებას ბულვარის შექმნის საქმეში. შესაძლებელია ძეგლთან სამახსოვრო ფოტოს გადაღება.

გ.ჭანიშვილი. ბათუმის ბულვარი. ისტორიულ-არქიტექტურული კვლევა. 2005, 2007, 2008.

Краткий очерк возникновения и развития городского Александровского сада и бульвара Цесаревича Николая в Батумъ. Издание Батумской Городской Управы. 1903.

З.Маргиев. Батумский Бульвар. Батуми. 2012.

 

ღია ბარათი ბულვარის ხედით. შ.გუჯაბიძის არქივიდან
ღია ბარათი ბულვარის ხედით. შ.გუჯაბიძის არქივიდან
ღია ბარათი. ველოტრეკი. შ.გუჯაბიძის არქივიდან
ღია ბარათი. ველოტრეკი. შ.გუჯაბიძის არქივიდან
მშენებლობა ბულვარის ტერიტორიაზე. შ.გუჯაბიძის ფოტო
მშენებლობა ბულვარის ტერიტორიაზე. შ.გუჯაბიძის ფოტო
ბულვარის კოლონადები. 1935 წ. შ.გუჯაბიძის არქივი
ბულვარის კოლონადები. 1935 წ. შ.გუჯაბიძის არქივი
RCCHD Project:
Office 16b, Betlemi ascent, 0105 Tbilisi, Georgia
Tel.: +995 32 2-98-45-27
E-mail: rcchd@icomos.org.ge
© 2012 - Eastern Partnership Culture Programme