Regional Co-operation for Cultural Heritage Development
რეგიონალური თანამშრომლობა კულტურული მემკვიდრეობის განვითარებისათვის
Տարածաշրջանային համագործակցություն հանուն մշակութային ժառանգության զարգացման
Національна політика щодо культурної спадщини
Mədəni irsin inkişaf Etdimilməsi üçün regional əməkdaşlıq
Рэгіянальнае супрацоўніцтва ў мэтах развіцця культурнай спадчыны
 
E- Journal №2
Architectural Heritage
ისტორიული არქიტექტურის მეტამორფოზა

მანანა სურამელაშვილი
ICOMOS საქართველო

 

ბოლო წლებში საქართველოში ფართოდ გაშლილი კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაციის პროცესი ისტორიულ ქალაქებს და შუასაუკუნეების ცალკეულ მნიშვნელოვან კომპლექსს შეეხო. იდეაში პოზიტიურ წამოწყებას, აუნაზღაურებელი დანაკარგები და ჩვენამდე ავად, თუ კარგად მოღწეული ისტორიული არქიტექტურის სრული მეტამორფოზა მოჰყვა.

პრაქტიკულ საქმიანობას წინ უსწრებდა სტრუქტურული და საკანონმდებლო ცვლილებების გატარება, რომლის შედეგად ჩამოყალიბდა ჩაკეტილი ძეგლთადაცვითი სისტემა. მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაციის მოპოვება გარედან, მხოლოდ პირადი კონტაქტების გზით, სპონტანურად გახდა შესაძლებელი.

სპეციალისტთა ნაწილისთვის, რეაბილიტაციის ახალი წესები და მიდგომები მოსალოდნელი გარდაუვალი შეცდომებისა და უეჭველი დანაკარგების გამო თავიდანვე მიუღებელი აღმოჩნდა. დარღვევებზე რეაგირება ხდებოდა ამ სფეროს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელ ექსპერტთა სახელით. თავიდან სტიქიურად, ხოლო შემდეგ უფრო ორგანიზებულად, გადაიდგა ნაბიჯები სავალალო შედეგების ასარიდებლად. საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით ჩატარდა თბილისის ურბანული მემკვიდრეობისადმი მიძღვნილი კონფერენციები ("თბილისის იდენტობა და სული" - 2010წ., "საზოგადოება და ისტორიული გარემო" - 2011წ.), გამოქვეყნდა მოხსენებები, გაკეთდა სათანადო მიმართვები; სამეცნიერო ჟურნალებში დაიბეჭდა კრიტიკული სტატიები, გაკეთდა აქტუალური რადიო და ტელეგადაცემები შექმნილ პრობლემასთან დაკავშირებით. ჩატარდა სხვადასხვა ხასიათის ქმედებები ცალკეულ გამორჩეულ ხუროთმოძღვრულ ძეგლზე გამოყენებული საფრთხის შემცველი მიდგომებისა და შეუქცევადი შედეგების გამოსარიცხად (ბაგრატის ტაძარი, არქიტ. ა. შჩუსევის იმელი (ყოფილი მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის შენობა), არქიტ. დ. ჩისლიევის "Заря Востока"-ს რედაქციის შენობა). თბილისში, ლ. გუდიაშვილის ისტორიული მოედნის განაშენიანების გადასარჩენად დაიწყო ნამდვილი საზოგადოებრივი მოძრაობა... სამწუხაროდ, ამ ინიციატივებს მნიშვნელოვანი შედეგი არ მოყოლია.

სარეაბილიტაციო საქმიანობა მოსალოდნელ შეცდომებსა და ძეგლთა დაცვითი პრინციპების სერიოზულ დარღვევებს ვერ ასცდა, უპირველესად, სამუშაოთა არასწორი დაგეგმვის, არასწორი საკადრო პოლიტიკის, ამ საქმისთვის შეუფერებელი დამკვრელური ტემპის, ისტორიულ ნაგებობათა ხუროთმოძღვრულ სხეულში ჩარევის მიუღებელი მეთოდოლოგიისა და შეუსაბამო სამშენებლო მასალების გამოყენების გამო.

საქმიანობა წამოწყებული იქნა ერთდროულად რამდენიმე ქალაქში, ათეულობით არქიტექტურულ ნაგებობაზე, რის შედეგად გამოცდილი პროფესიული კადრების, თუ შემსრულებელი ოსტატების მწირი რესურსები შეუსაბამო პროპორციულ თანაფარდობაში აღმოჩნდა მშენებლობის მასშტაბებთან.

რეაბილიტაცია ისე დაიწყო, რომ წინა წლებში საქართველოს ისტორიულ ქალაქებში ჩატარებული ურბანული მემკვიდრეობის ინვენტარიზაციის და ზონირების სამუშაოების საფუძველზე მომზადებული თბილისის, თელავისა და ბათუმის საყრდენი გეგმები გვერდზე იქნა გადადებული; არ მომზადებულა მათზე დაფუძნებული განაშენიანების რეგულირების გეგმები, რაც სახელმძღვანელო დოკუმენტად იქცეოდა და დააწესებდა ჩარევის ჩარჩოებს.

მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობისთვის შეუფერებელმა სისწრაფემ სამუშაოს ყველა ეტაპზე მოახდინა უარყოფითი გავლენა: ხელი შეუშალა სრულფასოვანი დოკუმენტაციის შედგენას, ობიექტის სათანადო შესწავლას, მისი მნიშვნელობისა და დამახასიათებელი ფასეულობების გამოვლენას, უარყოფითად იმოქმედა პროექტირებაზე და ბოლოს, ფიზიკური სამუშაოების ხარისხზე.

პროცესის დასაჩქარებლად ძეგლებზე და დაცულ ზონებში საქმიანობა წარიმართა მძიმე ტექნიკისა და შეუსაბამო სამშენებლო მასალების გამოყენებით. მივიწყებული იქნა ქართული სარესტავრაციო სკოლის საუკეთესო ტრადიციები, მიღწევები და ათეული წლების წინ გაზიარებული კონსერვაციის ფილოსოფიის ძირითადი პრინციპები; ამის საპირისპიროდ, მოდერნიზაცია განიცადა საბჭოთა რეალობისთვის დამახასიათებელმა მცდარმა გამოცდილებამ შერჩეული არეალების დაჩქარებული რეაბილიტაციისა სხვადასხვა თარიღებთან დაკავშირებული კამპანიების ფარგლებში.

ყოველივე ამან მნიშვნელოვანი დანაკარგები და მხატვრულ-ისტორიული ნიშნით გამორჩეული ცალკეული ძეგლებისა და ურბანული მემკვიდრეობის მთელი არეალების არსებითი თავისებურებების წაშლა გამოიწვია, თანდათან გახშირდა სტატუსის მქონე შენობების სრული ნგრევის შემთხვევები. შევეცდებით, რამდენიმე ძეგლის დღევანდელი მდგომარეობის თვალის გადევნებით აღნიშნული პროცესის შედეგების შეფასებას.

შედეგები განსაკუთრებით სავალალო აღმოჩნდა თბილისის გამორჩეული, უნივერსალური ღირებულების მქონე ურბანული მემკვიდრეობისთვის. შევჩერდებით მის უძველეს - ციხისუბნისა და კლდისუბნის რეაბილიტირებულ მონაკვეთზე, სადაც, მიუხედავად მოუვლელობისა და ნაგებობათა ნაწილის მძიმე ფიზიკური მდგომარეობისა, შენარჩუნებული იყო ისტორიული ურბანული ქსოვილის ავთენტურობა, ტერასული ქალაქგეგმარებითი სტრუქტურა, ვიწრო ქუჩა-კიბეები, თბილისური საცხოვრებლის ტიპები, შრეებად დალექილი სამშენებლო ფენები და ტრადიციული ფორმებით ნაძერწ არქიტექტურაში შენახული, სამშენებლო საქმეში გაწაფული ადგილობრივი ოსტატების ნახელავი, რაც მთლიანობაში ძველი ქალაქის ცოცხალ მატიანეს ქმნიდა.

რეაბილიტაციის შედეგად გომის შესახვევების, ორპირისა და სალამის ქუჩა-კიბეების სიგანე შეიცვალა, ხისტი პროფილისა და არათანაბარი სიმაღლის (მაგ. ორპირის ქ-ის ზედა მონაკვეთში 30-35 სმ სიმაღლის) საფეხურები სასიარულოდ მოუხერხებელი გახდა; ამას, სალამის ქუჩაზე დაემატა უცხო ელემენტი - მძლავრი და უხეში ფორმის ლითონის მოაჯირი.

დაიკარგა უბნისთვის დამახასიათებელი ელემენტის, ტერასის საყრდენი კედლის ერთი უძველესი ნიმუში - სავარაუდოდ, როსტომ მეფის (XVII ს) მიერ ჩატარებული ქალაქის კეთილმოწყობისდროინდელი, სადრენაჟო ნიშებით აღჭურვილი აგურის კედელი გომის ქუჩის მიმდებარედ, რომელიც ბუნებრივ კლდოვან მასივზე იყო დაფუძნებული. დღეს, აქ, უგემოვნოდ მოჭრელებული, ახალაგებული საყრდენი კედელია აშენებული (სურ. 4).

განსაკუთრებით შეუწყნარებელი აღმოჩნდა სახლი-ძეგლების ფასეულობისადმი გამომჟღავნებული დაუდევრობა. ქუჩის დამაგვირგვინებელ, მკვეთრად დამრეც კლდოვან რელიეფს ორგანულად შეზრდილ ორპირის №27 თვალსაჩინო სახლ-ძეგლს დამუშავების ავთენტური ნაწილებიდან აღარაფერი შერჩა - სახურავზე მოიხსნა ფერადოვანი ძველი კრამიტი, ოსტატების ხელნაკეთი აივნის დეტალები მექანიკურად დამზადებული დეკორით შეიცვალა, შუშაბანდი სხვაგვარი დანაწევრების ჩარჩოებით შეიმინა და აგურის კედლის გამომსახველი ფაქტურა ცემენტის ნალესობამ დაფარა.

მლიანად დაიშალა მის ქვემო ტერასაზე მდგარი ბეთლემის ქ. №39 სახლი-ძეგლი, რომელსაც განსაკუთრებულ ღირებულებას სძენდა შეულესავი აგურის ოსტატურად ნაშენი ზურგის კედელი და მის შემკლავებაზე - შუასაუკუნეებრივი ტრადიციისამებრ ჩამოკვეთილი კუთხე და შვერილი სახურავი. იგი ბლოკით აშენებული და ნახევარაგურით მოპირკეთებული, ერთი სართულით უფრო მაღალი, მრავალაივნიანი ახალი სახლით შეიცვალა. საკმაოდ განიერი, უბზარო უკანა კედლის შენარჩუნების აუცილებლობა არც კი დაუნახავთ და ახლადაგებულშიც არ გაუმეორებიათ მისი მეტად საყურადღებო ფორმა (სურ. 1, 2).

ფუძიანად დაიშალა მეტად საყურადღებო, გომის II შესახვევი №6 ძეგლი, ძველთბილისური ტერასულ-ბანიანი ტიპის საცხოვრებლის უკანასკნელი მოღწეული ნიმუში, რომელსაც შენარჩუნებული ჰქონდა ბანის სტრუქტურა და ფუნქცია. კლდეზე დამყარებულ, ორ დონეზე გაშლილი სამსართულიანი სახლის კედლებში XVIII-XIX სს-ის სამშენებლო ფენები ხალიჩისებურ, ცხოველხატულ ზედაპირს ქმნიდა. მიუხედავად ხანდაზმულობისა, რაც განსაკუთრებულ მიმზიდველობას ანიჭებდა ნაგებობას, არათუ ნაწილობრივი, მთლიანად შენარჩუნებაც არ იქნებოდა შეუძლებელი, მისი ფასეულობა სათანადოდ რომ შეეფასებინათ (სურ. 3, 4).

დაინგრა და ახლით შეიცვალა ორ ტერასაზე გამომავალი გომის ქ. №18, სიძველითა და თავისთავადობით გამორჩეული სახლი-ძეგლი, რომელიც ხის აივნებით გახსნილი ფასადით ქვედა ტერასაზე გამავალ ბეთლემის ქუჩაზე იყო ჩაკიდებული, ხოლო დამასრულებელი სართულის შეულესავი აგურის ფასადზე განაწილებული სამკუთხაფრონტონიანი ღიობებითა და მაღალი სხვენით გომის ქუჩაზე თბილისური განწყობით სავსე ვიწრო გასასვლელს ქმნიდა.

გომის III ჩიხის №11 ქრესტომათიულ სახლ-ძეგლზე, რომლის ქვედა სართულში დაცულია სარდაფის ძველი სადგომი XVI-XVII სს-ის სამშენებლო ფენებით, ხოლო ფასადის მიღმა თითქმის სრულად იყო შენახული ადრეული ფოტოპანორამიდან ცნობილი XVIII ს-ის გრძელი ბანიანი სახლი, რეაბილიტაციის პროცესში XVIII ს-ის, სიძველით მეტყველი 1. 20 მ სიგანის საფასადო კედელი დაიშალა და ბლოკით ამოყვანილი და ცემენტით შელესილი კედლით შეიცვალა. მთლიანად მოიხსნა მეზონინისა და აივნის დახვეწილი ოსტატობით შესრულებული ხის მოხარატებული ელემენტები; ახალი აჟურული არშიები კი, მოგონილი ფორმის მორკალულ არეებს შემოყვა (სურ. 5, 6).

აღნიშნულთან ერთად, ამ მონაკვეთში ფუძიანად დაინგრა ბეთლემის ქ. №7 და №15 სივრცით-გეგმარებითი სტრუქტურით გამორჩეული სახლი-ძეგლებიც.

აღნიშნულ სერიოზულ დანაკარგებთან ერთად სამუდამოდ გაქრა უბნის შუასაუკუნეებრივი სიძველე და მისი თანმხლები მყუდროება,, განუმეორებელი ხასიათი და თავისებურება, დაიკარგა მხატვრული მთლიანობა, მთლიანად წაიშალა სამშენებლო ფენების შენარჩუნების ტრადიციის გზით მიღწეული ნაგებობათა ხანგრძლივი, რბილი ტრანსფორმაციის კვალი, შეიცვალა მასშტაბი და ურბანულ პარამეტრთა სახასიათო პროპორციული თანაფარდობა.

სიძველისადმი დაუდევარ დამოკიდებულებას და მემკვიდრეობის დაცვის ფუძემდებლური პრინციპების უგულვებელყოფას, ახალციხის რაბათის სტრუქტურისა და ზოგადი სახის სრული მეტამორფოზა მოყვა. შუასაუკუნეების სასიმაგრო ხუროთმოძღვრების ძეგლის რეაბილიტაცია ისე დაიწყო, რომ არ დამუშავებულა კომპლექსის კონსერვაციის გეგმა, სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომელიც თავს მოუყრიდა სრულ გრაფიკულ, თუ კვლევით მასალას და განსაზღვრავდა ჩარევის მიდგომებსა და მეთოდოლოგიას. შუა საკუნეების ციხეს - XII-XVIIსს-ში თორელ-ახალციხელთა და ჯაყელთა სამფლობელოს, ამ დროიდან, ოსმალთა ხელში - ახალციხის საფაშოს ცენტრს, რომელიც XIX ს-დან რუსულმა ჯარმა დაიკავა, რთული და ბობოქარი ისტორიული კატაკლიზმების მიუხედავად, ქართული კვალის დომინანტობა ასე არასდროს დაუკარგავს (სურ. 7).

თავისუფალმა რეკონსტრუქციამ, ციტადელისა და ზღუდის კედლების სიმაღლის აწევამ, მთელ პერიმეტრზე ქონგურების შემოყოლებამ შუა საუკუნეების სიმაგრის საერთო სურათს ისტორიული დამაჯერებლობა დაუკარგა. ტერიტორია პირწმინდად გასუფთავდა XIX ს-ის სამშენებლო პერიოდისგან ისე, რომ ნაგებობათა ინვენტარიზაცია და შეფასება არ მომხდარა.

რეაბილიტაციის შედეგად ციხის ფართობი მჭიდროდ განაშენიანდა ახალი, ფსევდომავრიტანული ფორმების მქონე პავილიონებით, ხიდებით, გუმბათიანი მოცულობებით, ამფითეატრით, გადასასვლელებით და აურაცხელი აუზებით აღჭურვილი, უმეტესად უფუნქციო ახალი ნაგებობებით. აშკარად გამოჟონა იმიტაციამ. უცნაურია, რომ შთაგონების წყაროდ UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შესული, მავრიტანული კულტურის შესანიშნავი ძეგლი, არაბ არქიტექტორთა ქმნილება - ალჰამბრა იქცა, რაც არც აგების დროით და არც კულტურათა მიმართებით არ უკავშირდება ახალციხის ისტორიას (სურ. 8). იმიტაციისგან თავისუფალი მხოლოდ მუზეუმისთვის განკუთვნილი ახალი შენობა აღმოჩნდა, სადაც შემოქმედებითად მოხდა ადგილობრივი ბანური გადახურვის ტრადიციის გააზრება და გარემოსთან ორგანული შერწყმა.

განსაკუთრებით მძიმე დანაკარგები მოყვა რეაბილიტაციის პროცესს თელავის ურბანული მემკვიდრეობისა და ბატონის ციხის ხუროთმოძღვრული კომპლექსისთვის.

ტრადიციული საცხოვრებლის არც ერთ ნიმუშს არ შერჩა ასე ღირებული, თელავური აივნის თუნდაც მცირე ავთენტური დეტალი, ყველაფერი მოიხსნა, გადაიყარა და მიმსგავსებული ახლით შეიცვალა; ეზოებს მოგონილი ფორმის ჭიშკრებიანი, ჭრელი დეკორატიული წყობით ნაშენი, ტრადიციულისგან განსხვავებული ზღუდეები შემოევლო; ქალაქის არქიტექტურის ევროპულ ნაწილს უცხო ფორმის მანსარდები დაემატა, ხოლო საბჭოთა არქიტექტურის მშრალი და სადა ფასადები შპილებით და თბილისური აივნებით "გალამაზდა" (სურ. 9, 10).

თელავის ბატონის ციხის რეაბილიტაცია ისე დაიწყო, რომ კომპლექსის კონსერვაციის გეგმა არც აქ დამუშავებულა. სასახლეზე II სართულის დაშენებისა და ისლამური სტილის მუზეუმის ახალი შენობის პროექტის რენდერების ინტერნეტით გავრცელებამდე საკითხები სამეცნიერო მეთოდურ საბჭოზე არ განხილულა. ბურჯებით, კოშკებითა და კარიბჭეებით აღჭურვილი გალავნით შემოზღუდულ ტერიტორიაზე, სადაც სამეფო სასახლის, ეკლესიებისა და აბანოს გარდა, ძეგლის სტატუსის მქონე კიდევ სამი ნაგებობა იყო განთავსებული (სახაზინო შენობა, ქ. იაშვილის სახელობის სურათების გალერეა და წმ. ნინოს სასწავლებლის შენობა, რომელიც მხარეთმცოდნეობის მუზეუმს ეკავა) - დღეს მძიმე ტექნიკის გამოყენებით მოსუფთავებული ცარიელი ტერიტორიაა. სამივე ძეგლი ფუძიანად არის დანგრეული, არქეოლოგიური ფენების ნაწილი დაღუპულია და ამოღებულ ღრმა ქვაბულში ახალი მუზეუმის მშენებლობაა დაწყებული, რომელსაც ღვინისა და ნივთების საექსპოზიციო დარბაზები უნდა გაეერთიანებინა

ბატონის ციხეზე სპონტანური გადაწყვეტილებებითა და ძეგლთა დაცვის პრინციპების დარღვევებით მიმდინარე პროცესი ჩიხშია შესული. გაცემული უტოპიური დავალების მისაღებ ჩარჩოში მოქცევა და შექმნილი რთული ვითარებიდან მეტნაკლებად მისაღები გამოსავლის მოძებნა სერიოზულ ძალისხმევას საჭიროებს.

1. ბეთლემის ქ. №39 რეაბილიტაციამდე
2. ბეთლემის ქ. №39 რეაბილიტაციის შემდეგ
3. გომის II შეს. №6 რეაბილიტაციამდე
4. გომის II შეს. №6 და საყრდენი კედელი რეაბილიტაციის შემდეგ
5. გომის III ჩიხი №11, აივნის ფრაგმენტი
6. გომის III ჩიხი №11, აივანი რეაბილიტაციის შემდეგ, ფრაგმენტი
7. ახალციხის რაბათი, საერთო ხედი სამხრეთიდან
8. რეაბილიტირებული ახალციხის რაბათი, საერთო ხედი აღმოსავლეთიდან
9. თელავი, ზღუდეები და კარიბჭეები ქ. ჩოლოყაშვილის ქუჩაზე რეაბილიტაციის შემდეგ
10. თელავი, მ. კოსტავას ქუჩა რეაბილიტაციის შემდეგ
RCCHD Project:
Office 16b, Betlemi ascent, 0105 Tbilisi, Georgia
Tel.: +995 32 2-98-45-27
E-mail: rcchd@icomos.org.ge
© 2012 - Eastern Partnership Culture Programme