Regional Co-operation for Cultural Heritage Development
რეგიონალური თანამშრომლობა კულტურული მემკვიდრეობის განვითარებისათვის
Տարածաշրջանային համագործակցություն հանուն մշակութային ժառանգության զարգացման
Національна політика щодо культурної спадщини
Mədəni irsin inkişaf Etdimilməsi üçün regional əməkdaşlıq
Рэгіянальнае супрацоўніцтва ў мэтах развіцця культурнай спадчыны
 
E- Journal №2
Archaeological Heritage
XIX და XX საუკუნის დასაწყისის თბილისური საფლავის ქვები, როგორც საფრთხის ქვეშ მყოფი კულტურული მემკ

ანა შანშიაშვილი
ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

 

ის ფაქტი, რომ წარსულიდან შემორჩენილი მემორიალური დანიშნულების ძეგლები და ნაგებობები თავისი ისტორიული და მხატვრული ღირებულებით კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს, განსაკუთრებულ მტკიცებას არ საჭიროებს. თუმცა, როგორც ჩანს, XIX საუკუნისა და XX საუკუნის დასაწყისის საფლავის ქვების მოვლა-პატრონობის აუცილებლობა საქართველოში ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ გააზრებული.

წინამდებარე სტატიის მიზანია XIX და XX საუკუნის დასაწყისის საფლავის ქვების შენარჩუნების საკითხის წამოწევა და საზოგადოების ყურადღების მიპყრობა ერთი მხრივ, აღნიშნული ქვების მნიშვნელობასა და ისტორიულ-მხატვრულ ღირებულებაზე, მეორე მხრივ კი არსებულ მდგომარეობასა და საფრთხეებზე, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ამ ნაწილის დაზიანებისა და თანდათანობითი გაქრობის საშიშროებას ქმნის.

ამასთან, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ საფლავის ქვები, რომელიც ამ ეტაპზე პრაქტიკულად არ განიხილება დასაცავ ობიექტებს შორის, გააზრებულ იქნას, როგორც კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილი და, შესაბამისად, მათი შენარჩუნების საკითხი გათვალისწინებულ იქნას კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტისა და დაცვის პოლიტიკაში.

იმდენად, რამდენადაც მსგავსი ძეგლების გავრცელების არეალი თითქმის მთელ საქართველოს მოიცავს, ამჯერად მხოლოდ თბილისის კუკიისა და პეტრე-პავლეს ძველ სასაფლაოებზე შემორჩენილ ქვებზე შევჩერდებით. აღნიშნულ არჩევანს დამატებით განაპირობებს აქ შემორჩენილ „პორტრეტთა გალერეაში“ ქალაქური კულტურისთვის დამახასიათებელი ტიპაჟების სიმდიდრე და მრავალფეროვნება.

 

XIX და XX საუკუნის დასაწყისის საფლავის ქვების ისტორიული და მხატვრული მნიშვნელობა

XIX საუკუნე საქართველოში ურბანულ კულტურაზე გადასვლის ხანაა. ეს ისპერიოდია, რომელმაც თან მოიტანა სეკულარული მსოფლმხედველობრივი ცვლილებები, ისეთი როგორიცაა ინტერესი კონკრეტული ადამიანისადმი, ინდივიდუალური საწყისის გამძაფრება, რამაც თავის მხრივ, წინ წამოსწია პორტრეტის მნიშვნელობა. სავარაუდოდ, სწორედ ამ დროისმიერმა ფაქტორმა განაპირობა XVIII საუკუნის ბოლოსთვის წინა საუკუნეების განმავლობაში დამკვიდრებული, საფლავის ქვების წარწერითა და სადა ორნამენტით მორთვის ძველი წესის ჩანაცვლება გარდაცვლილთა სრული სიმაღლით წარმოდგენილი პორტრეტით. XIX საუკუნის განმავლობაში, ვიდრე XX საუკუნის დასაწყისამდე, როგორც ზოგადად კავკასიაში, ისე თითქმის მთელი საქართველოს მასშტაბით, გავრცელდა საფლავის ქვათა მორთვის გარკვეული “იკონოგრაფიული სქემა”, რომელიც თავის მხრივ, საქართველოში შუა საუკუნეების ხელოვნებიდან, კერძოდ კი საქტიტორო პორტრეტის მდიდარი ტრადიციიდან მომდინარეობდა და მისი გვიანი პერიოდის “გახალხურებული” ნაკადის თავისებური, ორგანული გაგრძელება იყო. აღნიშნულ სქემაში გარდაცვლილის მთელი სიმაღლით წარმოდგენილი პორტრეტი ქვის ლოდის მთელ სიგრძეს იკავებდა და, როგორც წესი, ფრონტალურად გამოისახებოდა, გულზე დაკრეფილი ხელებით. ამავე „იკონოგრაფიულ პროგრამაში’’ განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა სამოსის დეტალებისა და გარკვეული ატრიბუტების გადმოცემას, რომელიც სიმბოლურად გარდაცვლილის სოციალურ თუ პროფესიულ კუთვნილებაზე მიანიშნებს; მაგალითად, საფლავის ქვაზე გარდაცვლილის პორტრეტის გვერდით წარმოდგენილი გუთანი - გუთნისდედის საქმიანობაზე მიგვანიშნებს, საქსოვი, საჩეჩელი - მქსოველი ქალის ისტორიას გვიამბობს, იარაღი - მეომრის მიმანიშნებელ ლაკონურ სახე-სიმბოლოდ წარმოგვიდგება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი გამოსახულებები ყველა სოციალური ფენის წარმომადგენლისთვის უნივერსალურია და გვხვდება როგორც სოფლად, ისე ქალაქში.

განსაკუთრებით საინეტერესო მაგალითებს სწორედ თბილისის ძველ სასაფლაოებზე - კუკიასა და პეტრე-პავლეზე ვხვდებით. ამ სასაფლაოების ისტორია მინიმუმ XVIII საუკუნიდან იწყება, თუმცა მასალის სიმწირის გამო ამ ეტაპზე აღნიშნულ ტერიტორიებზე სასაფლაოების გაჩენისა და განვითარების შესახებ მსჯელობისგან თავს შევიკავებთ. თავად შემორჩენილი საფლავის ქვების უმრავლესობა XIX საუკუნის მეორე ნახევრის ან XX საუკუნის დასაწყისისაა. როგორც უკვე აღინიშნა, აქ შემორჩენილი ქვების დამატებით ღირებულებას ქალაქური კულტურისთვის დამახასიათებელი ტიპაჟების მრავალფეროვნება განაპირობებს: სოფლის სასაფლაოებისთვის სახასიათო ტრადიციულ სამოსში ჩაცმული გამოსახულებების გვერდით აქ ევროპულ სამოსში გამოწყობილ პორტრეტებს, ასევე ძველ ტბილისურ ტიპაჟს - ყარაჩოღელებისა და კინტოების ფიგურებსაც შევხვდებით. ზოგიერთი საფლავის ქვა შესრულების განსაკუთრებით მაღალი დონით გამოირჩევა, სადაც ზედმიწევნით კარგად არის გადმოცემული სამოსისა და ატრიბუტიკის დეტალები, იქნება ეს ყარაჩოღელის ვერცხლის ქამარი, ჩოხის მასრები, ქალების ტრადიციული ჩიხტიკოპი და სამკაული თუ ევროპული ყაიდის ვარცხნილობა. ძველი თბილისური საფლავის ქვების გამოსახულებათა ხილვისას ჩვენს თვალწინ იშლება ამა თუ იმ სოციალური ფენისა თუ პროფესიის წარმომადგენელთა დამახასიათებელი სამოსი და ატრიბუტები, რაც თავის მხრივ, ფოტოგრაფიულ და სხვა დოკუმენტურ მასალასთან ერთად მნიშვნელოვან ისტორიულ წყაროს წარმოადგენს არა მხოლოდ ამ პერიოდის დედაქალაქის მოსახლეობის ცხოვრების სტილის, არამედ ამ ეპოქის საზოგადოების აზროვნების თავისებურებებისა და მსოფლმხედველობის შესახებ. ამასთან აქ შემორჩენილი პორტრეტების მთელი გალერეა, რომელიც გვხიბლავს თავისი „ხალხურობითა“ და უბრალო გამომსახველობითი საშუალებებით, კიდევ ერთი დასტურია ძველთბილისური ეთნიკური და კულტურული მრავალფეროვნებისა, რომელიც დასავლური და აღმოსავლური გავლენების, აგრეთვე ტრადიციულისა და ახალი დროის ნიშნების ორგანულ თანაარსებობაში ვლინდება.


კუკიისა და პეტრე-პავლეს სასაფლაოებზე არსებული მდგომარეობა

იმდენად, რამდენადაც თბილისის კუკიისა და პეტრე-პავლეს სასაფლაოების ტერიტორიები XVIII საუკუნიდან მუდმივ გამოყენებაში იყო, ძველი საფლავების დიდი უმრავლესობა, რომელთაც ”დაკარგული აქვს საფლავის იერსახე და ბოლო დაკრძალვიდან გასულია ოცი წელი“[1] დიდი ხანია, რაც გასხვისდა. ვინაიდან თავად საფლავის ქვათა დაცვის საკითხი კანონით არ რეგულირდება, საფლავების გასხვისების შემდეგ, XIX და XX საუკუნის დასაწყისის ქვების დიდი უმრავლესობა მოცილებულ იქნა თავის პირვანდელ ადგილმდებარეობას და დღეისათვის სრულიად ქაოტურად არის მიმოფანტული სასაფლაოების ტერიტორიაზე. შესაბამისად, ძალზე ხშირია ისეთი დაზიანებები, როგორიცაა ქვის გამოქარვა და ვეგეტაცია, კიდევ უფრო ხშირი კი ადამიანური ფაქტორით გამოწვეული დაზიანებები: ზოგიერთი ქვა დამტვრეული, ან პირით მიწისკენ გადაბრუნებული, საფლავებს შორის არსებულ ნაგავსაყრელებზეც შეგხვდებათ.

 

ისტორიული სასაფლაოებისა და საფლავის ქვების, როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საერთაშორისო გამოცდილება

მემორიალურ ძეგლებზე შემორჩენილი წარწერები, ისევე როგორც მათი ფორმა, მასალის გამოყენება . . . და ლანდშაფტის ათვისება, ნათელს ჰფენს ჩვენს წარსულსა და საზოგადოებრივ ტრადიციებს. ყოველივე ამის ერთობლიობა კი სასაფლაოს ფასდაუდებელ ისტორიულ წყაროდ აქცევს“ - წერს „Paradise Preserved” 2007 წელს English Heritage-ის მიერ გამოცეული სახელმძღვანელო „შესავალი ისტორიული სასაფლაოების აღრიცხვაში, შეფასებაში, კონსერვაციასა და მენეჯმენტში“[2]. თავად აღნიშნული სახელმძღვანელოს არსებობა, ისევე როგორც ამ მიმართულებით არსებული სხვა მრავალი ინიციატივა[3] თუ მსგავსი გამოცემა[4], საერთაშორისო საკონსერვაციო პრაქტიკაში ისტორიული სასაფლაოებისა და მემორიალური ძეგლების მოვლა-პატრონობის მნიშვნელობის სათანადო გააზრებაზე მიუთითებს. ამასთანავე, დაცვა-შენარჩუნება ეხება არა მხოლოდ საფლავის ქვებს და მათთან დაკავშირებულ მორთულობას, არამედ სასაფლაოების გამწვანებასა და ლანდშაფტს. ამდენად, ისტორიულ სასაფაოებთან მიმართებაში საერთაშორისო პრაქტიკაში გამოყენებული კვლევა-აღრიცხვა ხშირად მოიცავს:

  • არსებული დოკუმენტური წერილობითი მასალისა და რუკების შესწავლას;
  • არქიტექტურულ კვლევას, ძეგლებისა და სკულპტურული დეკორის კვლევას,
  • აქ დაკრძალული პიროვნებების ბიოგრაფიული ცნობების აღიცხვას, სოციალური, ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების აღნიშვნით;
  • ლანდშაფტის დიზაინის კვლევას;
  • ეკოლოგიურ კვლევას;
  • არსებული მცენარეული საფარის შესწავლას და სხვა;
  • ადგილობრივი მოსახლეობის დამოკიდებულების კვლევას იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის მათთვის ღირებული და როგორ წარმოუდგენიათ ამ მიმართულებით საკუთარი ჩართულობა და მონაწილეობა.[5]

შესამაბისად, საერთაშირისო პრაქტიკაში შემუშავებულია როგორც ცალკეული ისტორიული სასაფლაოების მთელი ტერიტორიის დაცვის საკანონმდებლო საფუძვლები, ისე მათი შემადგენელი კომპონენტების - ქვების, ძეგლების და ბუნებრივი საფარის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის აღრიცხვის, კონსერვაციის და მენეჯმენტის ძირითადი პრინციპები.

სამწუხაროდ, სიძველის მიუხედავად, საუკუნეების განმავლობაში თბილისის კუკიისა და პეტრე-პავლეს სასაფლაოების ქაოტური განვითარების და ზრდის პირობებში, თავად მთელი სასაფლაოს ტერიტორიის კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანის საკითხის დასმა არარეალისტურად გვეჩვენება. მსგავს შემთხვევაში საერთაშორისო პრაქტიკაში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა თავად ღირებული საფლავის ქვების აღრიცხვასა და, რაც საყურადღებოა, მათი პირვანდელ ადგილას შენარჩუნების საკითხს. ამავე პრინციპების მიხედვით, როგორც წესი, საფლავის ქვის ადგილის შეცვლა გამართლებულია მხოლოდ დროებით, განსაკუთრებული საკონსერვაციო საჭიროებების პირობებში. იმ შემთხვევაში კი, როცა საფლავის ქვები მოცილებულია თავის პირვანდელ ადგილს (რასაც, ძირითადად, ვაწყდებით კუკიისა და პეტრე-პავლეს სასაფლაოების შემთხვევაში), რეკომენდირებულია მათი ერთ ჯგუფად მოთავსება და შესამაბისი იდენტიფიცირება[6].

საერთაშორისო პრაქტიკისა და კუკიისა და პეტრე-პავლეს სასაფლაოების დღეს არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ამ უაღრესად ღირებული ქვების გადასარჩენად უპირველესად საჭიროა, რომ საფლავის ქვების შენარჩუნების საკითხი გააზრებულ იქნას, როგორც კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტის და დაცვის პოლიტიკის განუყოფელი ნაწილი. ეს შესაძლებელს გახდის გარკვეული ძეგლებისთვის სტატუსის მინიჭებას, ხოლო შემდგომში მათ გადასარჩენად კონკრეტული ღონისძიებების გატარებას. თავად კუკიისა და პეტრე-პავლეს სასაფლაოებზე აუცილებელ ჩასატარებელ სამუშაოებს შორისაა შემორჩენილი XIX საუკუნისა და XX საუკუნის მხატვრულად ღირებული საფლავის ქვების იდენტიფიცირება, გაწმენდა-კონსერვაცია და სასაფლაოს ტერიტორიაზე გარკვეულ ადგილას მათი თავმოყრა. ეს ადგილი კი, თავის მხრივ, შეიძლება გააზრებულ იქნას, როგორც სასაფლაოსთან არსებული მუზეუმი, რომელიც, ერთი მხრივ, წარმოაჩენს და საზოგადოებას გააცნობს თბილისის ძველი სასაფლაოების ისტორიას, ხოლო, მეორე მხრივ, წინაპირობას შექმნის, რომ აწ უკვე გამქრალი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ჯერ კიდევ შემორჩენილმა ნივთიერმა ძეგლებმა და ქვაზე კვეთილ პორტრეტებში ასახულმა „ძველთბილისურმა სულმა“ მომავალ თაობებებამდეც მიაღწიოს.

 



[1] "ქ. თბილისში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა პატრონობის ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ" ქალაქ თბილისის საკრებულოს 2000 წლის 28 ივლისის N11-4 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე" პუნქტი 52.

[2] Paradise Preserved (An introduction to the Assessment, evaluation, conservation and management of historical Cemeteries); English Heritage 2007, pp. 2.

[3] The Association for Gravestone Studies (USA) http://www.gravestonestudies.org/ ; National Federation of Cemetery Friends www.cemeteryfriends.org.uk; Cemetery Research Group: www.york.ac.uk/inst/chp/crg;

[4] Dunk, J and Rugg, J 1994 The Management of Old Cemetery Land: Now and the Future. London: Shaw & Sons; Historic Scotland 2001 Conservation of Historic Graveyards, Edinburgh: Historic Scotland. 
National Trust Guidelines for Cemetery Conservation, the National Trust of Australia, 2009;

[5] Paradise Preserved (An introduction to the Assessment, evaluation, conservation and management of historical Cemeteries); English Heritage 2007, pp. 19

[6] National Trust Guidelines for Cemetery Conservation, the National Trust of Australia, 2009, pp.95

საფლავის ქვა, კუკიის სასაფლაო, თბილისი. ფოტო: გურამ წიბახაშვილი
საფლავის ქვა, კუკიის სასაფლაო, თბილისი. ფოტო: გურამ წიბახაშვილი
საფლავის ქვა, კუკიის სასაფლაო, თბილისი. ფოტო: გურამ წიბახაშვილი
საფლავის ქვა, პეტრე-პავლეს სასაფლაო თბილისი. ფოტო: ანა შანშიაშვილი
საფლავის ქვა, კუკიის სასაფლაო, თბილისი. ფოტო: ფოტო: გურამ წიბახაშვილი
საფლავის ქვა, პეტრე-პავლეს სასაფლაო თბილისი. ფოტო: ანა შანშიაშვილი
RCCHD Project:
Office 16b, Betlemi ascent, 0105 Tbilisi, Georgia
Tel.: +995 32 2-98-45-27
E-mail: rcchd@icomos.org.ge
© 2012 - Eastern Partnership Culture Programme