Regional Co-operation for Cultural Heritage Development
რეგიონალური თანამშრომლობა კულტურული მემკვიდრეობის განვითარებისათვის
Տարածաշրջանային համագործակցություն հանուն մշակութային ժառանգության զարգացման
Національна політика щодо культурної спадщини
Mədəni irsin inkişaf Etdimilməsi üçün regional əməkdaşlıq
Рэгіянальнае супрацоўніцтва ў мэтах развіцця культурнай спадчыны
 
E- Journal №2
External View
ამერიკული თვალსაზრისი თბილისის არქიტექტურული მემკვიდრეობის მართვის თაობაზე

ანჯელა უილერი

 

ბოლო წლებში საქართველოს არაერთ მოქალაქეს თუ საერთაშორისო დამკვირვებელს გამოუთქვამს მზარდი შეშფოთება თბილისის ისტორიული ლანდშაფტის ცვლილების გამო. ეს შეშფოთება ხშირად გამართლებულიცაა: თბილისის ისტორიული უბანი 1997-2002 წლებში  მსოფლიო ძეგლთა ფონდის 100 ყველაზე დაზიანებული ძეგლის სიაში იმყოფებოდა. 2001 წელს თბილისის ისტორიული უბნის შეყვანა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში გადადეს შემდეგი მიზეზით, „უნდა შემოღებულ იქნას შესაბამისი სამართლებრივი ბაზა, მართვის სტრუქტურები და რეაბილიტაციის და რესტავრაციის და ასევე სამუშაოთა ჩასატარებლად შემოთავაზებულ უბანში ცვლილებათა კონტროლის მეთოდიკა.“

დღეისთვის კი ნუსხაში თბილისის შეყვანის საკითხი არც განიხილება აღნიშნულ ისტორიულ უბანში განხორციელებული თავსგასული ნგრევის და სახეცვლილების გამო. ადგილობრივი ისტორიკოსების და არასამთავრობოების შეფასებით ქალაქის აქამდე მოღწეული ისტორიული ქსოვილის 1/3 ბოლო ათწლეულის განმავლობაში განადგურდა და თანაც ამ დეველოპმენტის შედეგად ძველი თბილისის მცხოვრებთა ცხოვრების დონე შესაბამისი პროპორციით სულაც არ გაზრდილა.

ქართველი პროფესიონალებიც და საზოგადოებაც გვიან მიხვდნენ „ხალხურობის“ (ანუ „ჩვეულებრივი“ არქიტექტურის - სადა სახლების, კეთილმოუწყობელი ბინების ან მაღაზიების) ღირებულებას, რაც თბილისის ისტორიული ქსოვილის ძირითად ნაწილს შეადგენდა. მიუხედავად იმისა, რომ ისტორიული, თუნდაც არა „მონუმენტური“ ანუ „ელიტური“არქიტექტურის კონსერვაციას არაერთი დადებითი მხარე ახლავს. კარგი მართვის პირობებში ისტორიული მემკვიდრეობის ობიექტები და შენობები:

  • წარმოაჩენენ სოციალური ჯგუფის თვითმყოფადობას და მიღწევებს და  გამოხატავენ სხვადასხვა იდეას და ღირებულებას (ისტორიულ, სოციალურ, პოლიტიკურ, სამეცნიერო, რელიგიურ და სხვა), რაც აზრს ძენს ჩვენს არსებობას. არქიტექტურული გარემო გვაგონებს იმ ჭეშმარიტებას, რომ ყველა ხალხს რაღაც გაუღია სხვისთვის და მიუღია კიდეც რაღაც სხვა კულტურისაგან. ისტორიული შენობები, როგორც ასეთი, ემსახურება კაცობრიობის მრავალფეროვნების წვდომას და მშვიდობისა და ურთიერთგაგების განვითარებას.
  • წარმოადგენენ საუკეთესო საგანმანათლებლო წყაროს ნებისმიერი ასაკის ადამიანებისთვის.
  • იზიდავს ტურისტებს. გონივრული მართვის პირობებში ისტორიული მემკვიდრეობის ობიექტები შესაბამისი ტურისტული  ინფრასტრუქტურითურთ ინფორმატიულია, მნახველებს ადგილობრივი ისტორიის და კულტურის აღქმაში ეხმარება და უზრუნველყოფს მათი საჭიროებების დაკმაყოფილებას ადგილობრივი მცხოვრებლების შევიწროების გარეშე.
  • ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას. მემკვიდრეობა მხოლოდ ტურიზმს არ გულისხმობს. რეაბილიტირებული შენობების მხოლოდ 5% ხდება შემოსავლიანი ტურისტული ღირსშესანიშნაობა. ტურიზმი თავისი არსით არამდგრადი სფეროა, თუმცა ისტორიული მემკვიდრეობის ბაზაზე განვითარებული ტურიზმი გულისხმობს იმასაც, რომ ადგილობრივი ობიექტები ადგილობრივ მოსახლეობას ეკონომიკური ვარდნის შემდეგაც კი შეუნარჩუნდება, რასაც ვერ ვიტყვით ატრაქციონების პარკზე, კურორტზე ანდა ფეშენებელურ სავაჭრო ცენტრზე. ადგილობრივი კულტურის შენარჩუნების, აღქმის და დაფასების საუკეთესო გზაა საზოგადოების ისტორიული რესურსების ევოლუციური გამოყენება.
  • ხელს უწყობს ადგილზე დასაქმებას. ძველი შენობების რეაბილიტაციის პროცესი შრომატევადია და ადგილობრივი მუშა-ხელის ინტენსიურ დასაქმებას საჭიროებს განსხვავებით ახალმშენებლობებისაგან, რომელიც დიდი ოდენობით სამშენებლო მასალებს მოიხმარს (ხშირად იმპორტულს). ამრიგად სარესტავრაციო ფონდში ჩადებული ერთმილიონიანი ინვესტიცია უფრო მეტ სამუშაო ადგილს გააჩენს და უფრო მეტად გაზრდის ადგილობრივი ოჯახების შემოსავალს ვიდრე ახალმშენებლობა. ხელფასი ადგილობრივ მოსახლეობაში რჩება, ადგილობრივ ბიზნესებს ეხმარება და მნიშვნელოვნად ზრდის ოჯახების შემოსავალს.
  • ზოგავს მიწის ფონდს და გვეხმარება მიგრაციის გაკონტროლებაში. ისტორიული შენობის განახლებისას ახალი მიწის ნაკვეთების ათვისება არ ხდება. გარდა ამისა, განახლება არ იწვევს იმ რაოდენობით სამშენებლო ნაგვის წარმოქმნას როგორც დანგრევა და რეკონსტრუქცია, თანაც მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ სამშენებლო ნაგავს მსოფლიო მასშტაბით არსებული ნაგავსაყრელების ფართობის მეოთხედი უკავია. ამათგან უმეტესი ნაწილი დანგრევის შედეგად წარმოქმნილი ნარჩენებია.
  • ხელს უწყობს მდგრად განვითარებას არსებულის ადაპტაციის გზით. კონსერვაცია სწორედ მდგრადობაზე სრული ზრუნვაა ყველა მის გამოვლინებაში - იქნება ეს მიწათმოწყობა, წარმოებისა და ექსპლუატაციის ენერგეტიკული ხარჯები, ქალაქის კომუნალური სისტემები და ა. შ. ამ გადასახედიდან, კონსერვაცია არსებულ მეთოდებიდან ყველაზე მდგრადია.
  • უნიკალურია და შეუცვლელი. ისევე როგორც, უმეტესწილად, ამას ბუნებრივ  გარემოზე ვიტყვით, აქაც შეიძლება გავიმეოროთ, რომ ეს რესურსები განახლებადი არაა.

ზოგადად, არქიტექტურული მემკვიდრეობის კონსერვაცია უნდა ჩაიდოს ეკონომიკური განვითარების გეგმებში როგორც გლობალიზებურ ეკონომიკაში წარმატების მიღწევის საშუალება გლობალურ მონო-კულტურაში გაუთქვეფელად. მიუხედავად იმისა, რომ გლობალურ ეკონომიკას ბევრი სიკეთე სდევს თან, იგივეს ვერ ვიტყვით გლობალიზებურ კულტურაზე - რომელსაც ხშირად მოიხსენიებენ როგორც, ვესტერნიზაციას, ამერიკანიზაციას, მაკდონალდიზაციას, ანდა, კონსერვაციის შემთხვევაში, დისნეილენდიზაციას. ეფექტურად მოვლილ-შენარჩუნებული მემკვიდრეობის ობიექტები წარსულში ცქერას და ეკონომიკურ შეფერხებას კი არ ნიშნავს, არამედ აქტივს, რომელიც ამავე დროს ადგილობრივ ღირებულებებს ასახავს.

აშშ-ს შინაურ საქმეთა სამდივნოს ოფიციალურად აღიარებული აქვს ისტორიული არქიტექტურისადმი ოთხი ძირითადი მიდგომა, რასაც მრავალი ქვეყანა და საერთაშორისო ორგანიზაციაც იზიარებს. აღნიშნული მიდგომები იერარქიულადაა დაწყობილი, რადგან მემკვიდრეობის ფილოსოფიით ყველაზე მეტი ღირებულება იმ შენობებს გააჩნია, რომლებსაც ყველაზე მეტად შეუნარჩუნდათ ორიგინალური მასალა:

  • პრეზერვაცია (აშშ-ს ფარგლებს გარეთ ცნობილია როგორც „კონსერვაცია“), მთავარ აქცენტს ისტორიული ქსოვილის შენარჩუნებაზე აკეთებს კონსერვაციის, მოვლის და შეკეთების მეშვეობით. იგი ასახავს შენობის უწყვეტ, დროში განფენილ ისტორიას, მის ბინადართა სხვადასხვა წყების მიმოქცევას და ამ მონაცვლეობის თანმდევ სახეცვლილებებს. ძირითადად, ეს მეთოდი გულისხმობს შენობის არსებულ მდგომარეობაში „გაყინვას“.
  • რეაბილიტაცია, მეორე მეთოდია, იგი ცდილობს ისტორიული მასალების შენარჩუნებას და შეკეთებას, თუმცა უფრო თავისუფლად მიმართავს ჩანაცვლებასაც, რადგან, როგორც წესი, ასეთი შენობები უფრო დაზიანებულია სამუშაოთა დაწყებამდე. როგორც პრეზერვაციის, ასევე რეაბილიტაციის სტანდარტებიც ითვალისწინებს მასალების, მახასიათებლების, მოპირკეთების, ფართობების და სივრცობრივი მიმართებების შენარჩუნებას, ანუ ყველაფრის, რაც ობიექტს საკუთარ ისტორიულ ხასიათს ძენს. ხშირად რეაბილიტაციის გამოყენება უფრო მიზანშეწონილია ისეთი სტრუქტურებისათვის, რომლებიც გამიზნულია საცხოვრებელი სახლის, ანდა დაწესებულებისათვის, რადგან ამ შემთხვევაში აუცილებელია თანამედროვე კომუნიკაციების დამატება.
  • რესტავრაცია, მესამე მეთოდი, ცდილობს იმ მასალათა შენარჩუნებას, რომლებიც შენობის ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვნად მიჩნეულ პერიოდს უკავშირდება, მაგრამ სხვა პერიოდების მასალების მოცილებას ურიგდება.
  • რეკონსტრუქცია, მეოთხე მეთოდი, შეზღუდული შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ცდილობს სრულიად ახალი მასალების გამოყენებით ისეთი ტერიტორიის, ლანშაფტის, შენობის, ობიექტის აღდგენას, რომელთა გადარჩენა შეუძლებელია. რეკონსტრუირებული ობიექტი ორიგინალის ტოლფას ღირებულებად არ მიიჩნევა, მიუხედავად იმისა, რომ იგი, რაც შეიძლება ზუსტად უნდა იმეორებდეს დედანს - მასალებიც და დეტალებიც აუცილებლად ისტორიულ წყაროებში უნდა იყოს მოძიებული და არა წარმოსახვის ნაყოფი იყოს.

შენობისათვის ყველაზე შესაფერისი მეთოდის შერჩევა მოითხოვს ფრთხილ გადაწყვეტას შენობის ისტორიული მნიშვნელობის და სხვა მოსაზრებების  გათვალისწინებით, როგორიცაა მისი შედარებითი ისტორიული მნიშვნელობა, ფიზიკური მდგომარეობა და მომავალი ფუნქცია.

თბილისის სადა სტრუქტურებისთვის რეაბილიტაცია ყველაზე შესაფერისი მეთოდია. მიუხედავად იმის, რომ შენობების უმრავლესობას საკუთარი ფუნქციურობა არ დაუკარგავთ, მათი ზოგიერთი დეტალი იმდენად ამორტიზებულია, რომ უფრო მეტ ჩანაცვლებას მოითხოვს, ვიდრე პრეზერვაციის დროსაა დაშვებული.

რეაბილიტაცია, გარდა ამისა, მეტ საშუალებას იძლევა ადაპტაციის გზით ობიექტი ხელახლა იყოს გამოყენებული, იმ პირობით, რომ ახალი გამოყენება შენობის განმსაზღვრელ მახასიათებლებს არ არღვევს. ქვემოთ მოცემულია ზოგიერთი სახელმძღვანელო პრინციპი, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ წარმატებული რეაბილიტაციის ჩასატარებლად:

  • რამდენადაც შესაძლებელია, დაზიანებული ისტორიული ელემენტები ჯობია შეკეთდეს, ვიდრე გამოიცვალოს. როცა შეცვლა გარდაუვალია, ახალი მასალები დიზაინით, შემადგენლობით და ფერით რაც შეიძლება მიახლოებული უნდა იყოს ორიგინალთან.
  • დაშვებულია ცვლილებები თანამედროვეც იყოს და ზოგჯერ ვიზუალურად გამომწვევიც, თუკი ამით მემკვიდრეობის ობიექტებთან წინააღმდეგობა არ იქმნება. თავსებადი თანამედროვე სტილის სახეცვლილებები მისაღებია, თუკი ამით არ ირღვევა ისტორიული და არქიტექტურული ქსოვილი, ხოლო შენობა არ ითრგუნება და არ იბოჭება.
  • ობიექტის რეაბილიტაციისას აუცილებელია სამუშაოთა დაწყებამდე, მათი მსვლელობისას და დასრულების შემდეგაც მისი მდგომარეობის დოკუმენტურად აღნუსხვა. დოკუმენტურ აღნუსხვას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მემკვიდრეობის მართვისთვის - ეს საშუალებას აძლევს ხელმძღვანელ პირებს იმის განსაზღვრაში, თუ რომელ უბნებშია ყველაზე მეტი არქიტექტურულად ანდა ისტორიულად მნიშვნელოვანი შენობები, პროექტანტებს ეხმარება შენობათა ფიზიკური მდგომარეობის გაკონტროლებაში, ხოლო მეცნიერ-მკვლევარებს (და ფართო საზოგადოებას), შენობის თავისებურებების და ისტორიის შეცნობაში.
  • უნდა ვაღიაროთ, რომ ყველა შენობა საკუთარი ეპოქის ფიზიკურ პროდუქტს წარმოადგენს. თავიდან უნდა ავიცილოთ ისეთი ცვლილებები, რაც ისტორიული პროცესის განვითარებაზე ცრუ წარმოდგენას შეგვიქმნის - ორიგინალისადმი ჯეროვანი რიდით განმსჭვალული თანამედროვე დიზაინი უკეთესია, ვიდრე ცრუ ისტორიული. უნდა კრძალვით მოვეპყრათ და შევინარჩუნოთ ის ცვლილებები, რაც შენობამ საკუთარი ისტორიის მანძილზე განიცადა და რომლებმაც თავისთავადი მნიშვნელობა შეიძინეს.
  • რამდენადაც შესაძლებელია, ცადეთ შენობას თავდაპირველი ფუნქცია შეუნარჩუნოთ და თუ ეს შეუძლებელია, იმდენი უნდა მოვახერხოთ, რომ ახლებურმა გამოყენებამ ისტორიული თავისებურებები მხოლოდ მინიმალურად შეცვალოს.
  • ისტორიული ელემენტები მხოლოდ შენობის ფასადით არ შემოიფარგლება - ინტერიერის სართულების დაგეგმარება და დეტალები ხშირად უფრო მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე ფასადი, რადგანაც სწორედ ეს ელემენტები განსაზღვრავს შენობის ორიგინალურ ფუნქციას.
  • რესტავრირებული შენობა ყოვლად უსარგებლოა, ამ სიტყვის სრული გაგებით, თუკი ვერ პასუხობს საზოგადოებრივ საჭიროებებს. აუცილებელია, ჩავრთოთ დაინტერესებული მხარეები, ყველას, ვისზეც რესტავრაციის გადაწყვეტილება რაიმე გავლენას მოახდენს, უფლება აქვს მის მიღებაში იმონაწილეოს. ხშირად კანონმდებლობა უზრუნველყოფს მოქალაქეთა უფლებას, მიიღონ ინფორმაცია დეველოპმენტის გეგმებზე, პროცედურებზე და განაცხადის შეტანის ვადებზე (რომლებიც, როგორც წესი მას-მედიაში გამოქვეყნების შემდეგ რამოდენიმე თვით იფარგლება), მოქალაქეთა წარმომადგენლობის კვოტაზე გადაწყვეტილებების მიღების ყველა დონეზე, ქალაქის განვითარების თაობაზე, სამართლებრივ სანქციებზე, რომლებიც ითვალისწინებს მოქალაქეთა კომპენსაციის უფლებას, რომელთა უფლებები დაირღვა კონკრეტული პროექტის შედეგად.

დღესდღეობით თბილისის ურბანული მემკვიდრეობის სწორი კონსერვაციის წინაშე მრავალი პრობლემა დგას, რომლებიც გამომდინარეობს როგორც საქართველოს სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური მემკვიდრეობიდან, ასევე იქმნება ბოლოდროინდელი პოლიტიკის შედეგადაც, ესენია:

  • საზოგადოების აპათია. მსგავსად მრავალი პოსტ-სოციალისტური საზოგადოებისა, ადგილობრივი მცხოვრებლები „დე-მობილიზირებულები“ შეიქნენ და არც სურვილი და არც შესაბამისი სტრუქტურები გააჩნიათ ერთობლივ ძალისხმევაში ჩასართველად.
  • გამჭვირვალობის მუდმივი ნაკლებობა მუნიციპალური პროექტების და პოლიტიკური გადაწყვეტილებების შესახებ, რაც აბრკოლებს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას. მიუხედავად იმისა, რომ 2005 წელს მიღებულ იქნა კანონი, რომლის მიხედვითაც „ყველა დაინტერესებულ პირს საგეგმო დოკუმენტების საჯარო განხილვაში მონაწილეობის უფლება აქვს, მათი ფორმულირების, შემუშავების და დამტკიცების ნებისმიერ ეტაპზე“, 2009 წლის ივნისში თბილისის საკრებულომ განიხილა და მიიღო თბილისის მიწათსარგებლობის გეგმა საზოგადობის მონაწილეობის გარეშე.
  • ქალაქის დაგეგმარების მკაფიო, დეტალური ამოცანების არ არსებობა. თბილისის მიწათსარგებლობის გეგმა დღესდღეობით ერთადერთია - თბილისის ბოლო გენერალურ გეგმას კარგა ხანია ყავლი გაუვიდა.
  • თავად თბილისის არქიტექტურის ბუნება: საცხოვრებელი სახლების უმრავლესობა თბილისში ურთიერთდაკავშირებულია და ბევრ მათგანს გაურკვეველი საზიარო ფართი აქვს - ეზოები, აივნები, შიდა კიბის უჯრედები, სათავსოები და ა. შ. - მათი უმრავლესობა სტიქიურად პრივატიზებულ იქნა 90-იან წლებში და მათი საკუთრება კვლავ სადაოა. ამრიგად, პროექტის განსახორციელებლად საჭიროა არა მხოლოდ ერთი კონკრეტული შენობის ყველა მობინადრის თანხმობა, არამედ ყველა მათი მეზობლის დასტურიც.
  • სოციალურ-ეკონომიკური პირობები თბილისის ისტორიულ უბნებში - ძველი სახლების უმრავლესობა გადატვირთულია, კომუნალური ქსელები მოძველებულია (ხშირად საზიაროც), მობინადრეები, უმეტესწილად, „სოციალურად დაუცველ“ კატეგორიას განეკუთვნებიან, მაგალითად პენსიონერები, ვისაც ხელი მიუწვდებათ მხოლოდ აუცილებელი რემონტის ხარჯებზე.
  • საცხოვრებლების მიტოვება საკმაოდ ხშირია - ისტორიული შენობების მფლობელები ახალ ბინებში გადადიან ქალაქის სხვა უბნებში და ძველი სახლები გასაყიდად გამოაქვთ. ამასობაში, შენობები ფაქტიურად მიტოვებულია - აკლია მოვლა და ხშირად ვანდალიზმის მსხვერპლი ხდება.
  • თბილისში არ არსებობს დეველოპერული ან სამშენებლო კომპანიები, რომლებიც ისტორიული არქიტექტურის რეაბილიტაციაში სპეციალიზდებიან - მიუხედავად იმისა, რომ თბილისის სამხატვრო აკადემიის კონსერვაციის ფაკულტეტს ყოველწლიურად ათობით სტუდენტი ამთავრებს კონსერვაციის და რესტავრაციის სპეციალობით. „რენოვაციის“ პროექტების უმრავლესობა მემკვიდრეობის დაცვის სპეციალისტთან მოუთათბირებლად მიმდინარეობს, როგორც დაგეგმვის, ასევე განხორციელების ეტაპზე.
  • გამოშიგნვა და ფასადიზმი (ამერიკაში ამას „ჰელოუინის“ პრეზერვაციას უწოდებენ) ფართოდაა გავრცელებული თბილისში, ისევე როგორც წარმოსახვითი „დანამატები“, რომლებსაც არაფერი აკავშირებს ადგილობრივ არქიტექტურასთან ან კონკრეტული შენობის ისტორიულ იერთან. ფასადიზმი, როცა შენობას, ფაქტიურად, ანგრევენ მისი გარსის გარდა, ორივე თვალსაზრისით ყველაზე უარესი არჩევანია: არც არაფრის შენარჩუნება ხდება და დეველოპერსაც ზედმეტი ხარჯი მოსდის, რადგან უწევს გარსის შიგნით მთელი შენობის მოცილება და ახალი შიგთავსით შევსება.
  • დეველოპერები არ დაგიდევენ მასშტაბსაც. თბილისში 90-იანი წლებიდან მოყოლებული „ორიოდე ახალი სართულის წამოკოსების“ ლოგიკა წარმართავს რენოვაციის პროექტების უმრავლესობას. ზედმეტი სართულები ახშობენ ხედს და მზის შუქს (განსაკუთრებით თბილისის ეზოიან სახლებში), არღვევენ ისტორიულ ლანდშაფტს და ზედმეტად ტვირთავენ ძველ შენობებს, რომლებიც ამაზე გათვლილი არ ყოფილან, რაც განსაკუთრებით საშიშია მაღალი სეისმურობის ზონაში. 
  • ისტორიული უბნების დასაცავ ძეგლთა ნუსხაში შეყვანა არ იძლევა საკმარისი დაცულობის გარანტიას და, რაკი გამოშიგნვა მისაღებ ძეგლთა დაცვით მეთოდად ითვლება, საუკეთესო შემთხვევაში, შენობას გამოშიგნვა ელის, ხოლო უარეს შემთხვევაში, დანგრევა. ყოფილა ისტორიული შენობის სრული დანგრევის და მერე ხელახლა აგების შემთხვევები და თანაც ეს ხელახლა აგებული შენობა მემკვიდრეობის ნუსხაში დარჩენილა.
  • სააკიშვილის ადმინისტრაცია უცხოური ინვესტიციების მოზიდვას თავის უმთავრეს პრიორიტეტად თვლის. ასეთი მიდგომა გულისხმობს, რომ არსებობს მნიშვნელოვანი ზეწოლა შენობების მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოსაღებად და  ახალი დეველოპმენტის მიზნით გასაყიდად. მრავალი შენობა უპატრონოდაა მიტოვებული და ლპება. შესაბამისად, როგორც ჩანს, მერიის ძირითად მიზანს, ქონების მართვის სფეროში, მოუვლელობით  შენობების დანგრევა წარმოადგენს.
  • საქართველოში არ არსებობს დოკუმენტური აღრიცხვის სტანდარტული პროგრამა, თუმცა ზოგი ისტორიკოსი, ან არასამთავრობო ორგანიზაცია დროდადრო აწარმოებენ ასეთ აღრიცხვას. რაც შეეხება 2012 წლის მონაცემებს, არ არსებობს არქიტექტურული ინფორმაციის რაიმე ერთიანი, ან ხელმისაწვდომი წყარო.
  • მშენებლობის ნებართვის დარღვევის სანქციების სუსტი აღსრულება. სანქციების აღსრულება უსისტემოდ ხდება, შესაძლებელია მათი „გვერდის ავლა“, ან ისინი უბრალოდ არაეფექტურია.
  • თითქმის არ არსებობს თანამშრომლობა დეველოპერებს, კონსერვაციის პროფესიონალებსა და ურბანისტებს შორის. აუცილებელია რაიმე პროგრამის ან პროექტის არსებობა, რომელიც უზრუნველყოფდა საქართველოში სხვადასხვა ჯგუფებს შორის (პოლიტიკურ, ბიზნესის, თუ საზოგადოებრივ) ნაყოფიერ თანამშრომლობას, რაც აუცილებელია არქიტექტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისათვის, ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის პირობებში.
  • თბილისში გარკვეული პერიოდულობით ხდება მიწისძვრები, რაც განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს მოუვლელი ისტორიული ობიექტებისთვის. საქართველოში, დასავლეთისგან განსხვავებით, არ ყოფილა ხელოვნებათა და ხელობათა მოძრაობა (The Arts and Crafts Movement), რომელიც დღესდღეობით სრულად გამოხატავს დასავლურ თვალსაზრისს ავთენტურობაზე. დასავლეთ ევროპასა და აშშ-ში მემკვიდრეობის დაცვა მთავარ აქცენტს ავთენტურობაზე აკეთებს - ერთ-ერთი მთავარი პრინციპი იმაში მდგომარეობს, რომ სადაც შესაძლებელია, უნდა შენარჩუნდეს ისტორიული ქსოვილი.

მე შემოგთავაზებდით შემდეგ ცვლილებებს თბილისის მემკვიდრეობის მართვის კუთხით, რათა უზრუნველყოფილ იყოს შენობათა შენარჩუნება და ამ შენარჩუნების სიკეთე იგრძნოს ადგილობრივმა მოსახლეობამაც:

  • რეგისტრირებული ისტორიული შენობების რეაბილიტაცია უნდა ტარდებოდეს ან კონსერვაციის სპეციალისტთა მიერ, ანდა, უკიდურეს შემთხვევაში, მათი მეთვალყურეობით მაინც.
  • უნდა მოხდეს რეგისტრირებული ისტორიული შენობების სრული დოკუმენტური აღრიცხვა (ინტერიერ/ექსტერიერის განმსაზღვრელი თავისებურებები) რეაბილიტაციის/სახეცვლილების ჩატარებამდე და მას შემდეგ. ყველა ეს დოკუმენტი საჯაროდ ხელმისაწვდომი უნდა იყოს.
  • ფასადის განახლების წინაპირობად უნდა მიღებულ იქნას სახურავის შეკეთება და სარდაფის გამოშრობა. ექსტერიერის შეკეთება აზრს კარგავს თუ კონსტრუქციული პრობლემები შენობას საბოლოოდ გამოუყენებელს გახდის.
  • სამშენებლო რეგულაციები უნდა იყოს გასაგები, ეფექტური და აღსრულებადი.
  • პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება გამჭვირვალედ უნდა ხდებოდეს. მერიის მიდგომა ურბანული დაგეგმვის და მემკვიდრეობის მართვისადმი ხრუშოვისდროინდელისგან ბევრად არ განსხვავდება, რაც საზოგადოებას კიდევ უფრო იმედგაცრუებულს ტოვებს და მონაწილეობის ხალისს უკარგავს.
  • ტექნიკურ-ეკონომიკური გამოკვლევა სოციალურ კითხვარებზე და დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრებზე დაყრდნობით უნდა ტარდებოდეს პროექტის განხორციელებამდე, ინტერესთა პოტენციური კონფლიქტის გამოსააშკარავებლად.
  • უნდა ჩამოყალიბდეს ბინათმფლობელთა საუბნო და რაიონული კავშირები, რომელთა მეშვეობით საზოგადოება შეძლებს საკუთარი საჭიროებების და წუხილის გამოხატვას. ჩვეულებრივ, პროექტებზე ვეტოს დადების უფლება აქვთ ასეთ კავშირებსაც და არა მხოლოდ მერიას ან რამოდენიმე რჩეულ დეველოპერს და იმ მცირეთაგან, ვისაც იურიდიულ დახმარებაზე ხელი მიუწვდებათ.
  • პროექტები უნდა ხორციელდებოდეს რაიონის ან უბნის დონეზე და არა ქალაქის დონეზე. ყოველ რაიონს თავისი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები და განვითარების საკუთარი მიზნები აქვს.
  • ნუსხაში შესულ შენობებს, უნდა ქონდეთ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით შემუშავებული მოვლა-პატრონობის გეგმა-განრიგი. კონსერვაცია ხშირად მხოლოდ რეაგირებაში გამოიხატება და არა იმდენად პრევენციაში. შენარჩუნება და მოვლა-პატრონობა არა მხოლოდ დაიცავს თბილისს, არამედ მუდმივი დასაქმებით უზრუნველყოფს მუშებს, ინჟინრებს და სხვა სპეციალისტებს.
  • რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თბილისს ჭირდება ახალი გენერალური გეგმა -  მრავალდისციპლინური თანამშრომლობის ნაყოფი. თბილისის ამჟამინდელი მიწათსარგებლობის გეგმა (2009 წ.) დამტკიცდა საზოგადოების მონაწილეობის გარეშე და ხშირად არც სრულდება. განვითარების მკაფიო მიზნების გარეშე, ქალაქი ვერ შეძლებს მოქალაქეთა, უცხოელ ინვესტორთა და ტურისტების საჭიროებათა დაკმაყოფილებას. ახალ გენერალურ გეგმაში მემკვიდრეობის მართვა უნდა შევიდეს, როგორც ეკონომიკური განვითარების განუყოფელი ნაწილი და არა მის წინააღმდეგ მიმართული ძალა.

ბიბლიოგრაფია
  1. “Betlemi Quarter Revitalisation: Programme Report, 2000-2010.” ICOMOS, 2011.
  2. Rehabbing the Right Way: 10 Basic Principles to Keep in Mind When Rehabilitating a Historic Building.” National Trust for Historic Preservation, 2012.
  3. Proceedings, International Conference on Community and Historic Environment. ICOMOS, 2011.
  4. Proceedings, Conference on Careful Renovation of the Old City [Tbilisi] and Civil Society. Goethe Institute Georgia, 2009.
  5. Rypkema, Donovan. “The Economic Power of Restoration.” 2001.
  6. Rypkema, Donovan. “Historic Preservation and Affordable Housing: the Missed Connection.” NPS, 2002.

RCCHD Project:
Office 16b, Betlemi ascent, 0105 Tbilisi, Georgia
Tel.: +995 32 2-98-45-27
E-mail: rcchd@icomos.org.ge
© 2012 - Eastern Partnership Culture Programme