E- Journal №5 Heritage Policy ძეგლთა კატეგორიების საკითხისათვის პროფ. დიმიტრი თუმანიშვილი
სიძველეთა, როგორც დღეს ვიტყვით, “კულტურული მემკვიდრეობის”, მოვლა-პატრონობის ანბანია, უპირველესად დასაცავის ჩამონათვალი რომაა შესადგენი. მართლაც, თუ არ გვექნა ისტორიულ შენობათა – ამჯერად სწორედ ხუროთმოძღვრების ნიმუშებზე გვაქვს საუბარი – ამომწურავი სია, ვერც ჩვენი საისტორიო თუ ხელოვნებისსაისტორიო ცოდნა ჩაითვლება სრულად და სხვა თუ არაფერი, ვერ ვიტყვით დაბეჯითებით, რისი პატრონები ვართ. ამიტომაცაა, ევროპულ ქვეყნებში ძეგლთა ნუსხების შედგენას სულ გვიან, XIX საუკუნეში რომ შეუდგნენ. გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა საამისოდ ჩვენშიც[1] – ამის მანიშნებელი უნდა იყოს 1875 წელს გამოცემული დიმიტრი ბაქრაძის ცნობილი წიგნი “Кавказ в древних памятниках христианства”, სადაც თავი მოეყარა საიმდროოდ არსებულ ცნობებს საქართველოს ეკლესია-მონასტრების თაობაზე. XIX საუკუნის ბოლო ათწლეულებში და XX-ის დასაწყისში არაერთი ქართველი თუ არაქართველი არქეოგრაფოსი თუ “ძველ ნაშთთა” მოყვარული ცდილა კუთხე-კუთხე ნატაძრალ-ნაციხვართა მიმოხილვას – ახლანდელი სიტყვათხმარებით, “დაფარვით ინვენტარიზაციას” – საკმარისია გავიხსენოთ გიორგი წერეთელი, გრაფინÁა პრასკოვÁა უვაროვა, აკად. ნიკო მარრი, არქიმანდრიტი (შემდგომ კათალიკოსი, აწ – წმინდანად შერაცხილიც) ამბროსი (ხელაია) და, რაღა თქმა უნდა, ექვთიმე თაყაიშვილი და, უკვე საბჭოთა ხანისთვის – გიორგი ბოჭორიძე. თუმცა 1920-ნი წლებიდან ჩვენს ქვეყანაში არა მხოლოდ პოლიტიკური ვითარება იყო შეცვლილი, არამედ თვით ძეგლთა დაცვის მოწყობაც – იგი სახელმწიფოებრივ საქმედ იქცა. გარკვეული ღონისძიებები ჯერ კიდევ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ ჩაატარა, 1921 წლის შემდეგ კი, განათლების სახალხო კომისარიატში თანამშრომლებად აყვანილი განათლებული ქართველების მცდელობით (გრ. რობაქიძე, ვუკ. ბერიძე და სხვ.) შეიქმნა ერთგვარი, თუმც არცთუ დიდად ქმედითუნარიანი სტრუქტურაც – კომისარიატში (მოგვიანებით – სამინისტროში) არსებული “ძეგლთა დაცვის განყოფილება”. ამ დროიდან არაერთხელ შემდგარა მნიშვნელოვნად მიჩნეული შენობების ნუსხები, 1930-ნი წლებიდან კი პასპორტიზაციაც დაიწყეს – არაერთ ჩვენთაგანს დასჭირვებია თინათინ ქარუმიძის ანდა დიმიტრი გორდეევის მიერ შედგენილი ბარათები. ძეგლების გამოვლენა – სავსებით მართებულად, რასაკვირველია! – მეცნიერულ საქმიანობად ჩაითვალა – ჯერ კიდევ 27.II.1924-ს გიორგი ჩუბინაშვილის შედგენილ გეგმაში ტფილისის უნივერსიტეტის ხელოვნებისმეცნიერების კაბინეტისა ერთ-ერთი მუხლად არის შეტანილი “ძეგლების რეგისტრაცია რაიონების მიხედვით”, სულ პირველ ამოცანად კი “ბარათებზე გადატანილი ცნობარი სიძველეთა ძეგლების სრული ბიბლიოგრაფიითურთ”(1, 20-21). მიუხედავად ამისა, 1970-იანი წლებისთვის ნათელი შეიქნა, რომ ქვეყნის ისტორიულ-მხატვრული დანატოვარის სურათი ყოვლისმომცველი კვლავაც არ არის. ამის კვლად დაიწყო მუშაობა ძეგლთა აღწერილობის შესაქმნელად, თან ორგან – მაშინდელი საბჭოთა კავშირის ერთიანი რეესტრისთვის “ქართულმა ენციკლოპედიამ” ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტთან დააფუძნა “ძეგლთა ნუსხის განყოფილება” და ამგვარივე ერთეული ჰქონდა კულტურის ძეგლთა დაცვის სამმართველოსაც (იგი 1978 წლიდან დამოუკიდებელი დაწესებულება გახდა). მიუხედავად გვარიანი დაფინანსებისა, სამუშაო დროის მხრივ ძალიან გაიწელა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის ჟამს დასრულებული ჯერაც არ ყოფილა და არავის გაუკვირდება, ალბათ, რომ უკანაკნელ ოც წელიწადშიც – თუმც ზოგი რამ გაკეთდა! – იგი ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი. შეიძლება ვიდაოთ იმაზე, ღირდა თუ არა მსგავსი საქმიანობა პარალელურად ორგან წარმოებულიყო, შეიძლება გავიოცოთ ზოგი მაშინდელი წესი – მაგ., “ძეგლთა ნუსხის განყოფილება” ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტთან კი არსებობდა, უკანასკნელის მეცნიერ-თანამშრომლებს კი უფლება არ ჰქონდათ მისთვის რამ გაეკეთებინათ. . . ისიცაა, მსგავს საკითხებზე საუბარს ახლა დიდი აზრი აღარ აქვს და ამ ნარკვევშიც სხვა საგანზე იქნება მჯელობა, რომლის მნიშვნელობა 40 თუ 30 წლის წინ მაინცდამაინც არ გვიგრძვნია. მხედველობაში, როგორც სათაურიდან ჩანს, ძეგლად აღიარებული ნაგებობების ღირსება-ღირებულების მიხედვით დაჯგუფება მაქვს. როგორც უნდა გიყვარდეს “ყველაფერი ძველი”, როგორ დაიჩემებ, ყოველივე შემორჩენილი თანაბარი მხატვრული სრულყოფილებისაა ანდა ისტორიის ერთნაირი მნიშვნელობის მოწამეა. ჩვენშიც, ისევე როგორც ყველგან სხვაგან, აუცილებელი იყო ძეგლების სხვადასხვა კატეგორიების გამოყოფა – რათა ერთი მხრივ, გვცოდნოდა, რა გვაქვს ყველა მიზეზ გარეშე შესანარჩუნებელი, მეორე მხრივ კი, რას და რა ზომამდე შეიძლება შეველიოთ, თუ სხვა გზა არა და არ გამოიძებნა. საკუთრივ კატეგორიებზე იმხანად თავი არ გვიმტვრევია – იმ მარტივი მიზეზით, რომ ამას არც ექნებოდა აზრი – დახარისხების წესი საერთ-საბჭოური იყო და სამ კატეგორიას: საერთო საკავშირო, რესპუბლიკური, ადგილობრივი – გვიდგენდა და მთელი ამბავი ამა თუ იმ შენობის ამ სამთაგან რომელსამე ერთში მოთავსება გახლდათ. რომ ეს სამი საფეხური არასაკმაოა, პირადად მე მაშინ “აღმოვაჩინე”, როდესაც 1990-იან წლებში ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის თანამშრომლებთან, ქ-ნ ლიანა გიორგობიანთან და ბ-ნ ნიკ. ვაჩეიშვილთან ერთად კულტურის ძეგლთა მთავარი სამმართველოს მომზადებულ პასპორტებს ვეცნობოდით. საქმე ის როდია, რომ ამა თუ იმ ნაგებობას ჩვენ სხვა კატეგორიას მივცემდით (არც მახსენდება, ჩვენ, ამ მხრივ, ძლიერ შევეწუხებინოთ რასმე). თანაც, მაშინაც ცხადი იყო: რომ აბსოლუტური, სავსებით უეჭველი სიზუსტე ამდაგვარი შეფასებისა საზოგადოდ შეუძლებელია. კი მწამს, რომ ხელოვნების ნაწარმოების დონეზე გამართული საბუთიანობისა და წრფელი განსჯისას, შეთანხმება შესაძლებელია. ოღონდ, წმინდა გემოვნების მიერად, რაღაც ერთი ურჩევნია სხვას, სხვა რამ კი გულთან ნაკლებად მიაქვს. ამას გარდა, რომელისამე ნიმუშის მნიშვნელობა საზოგადოების ცხოვრებაში შეიძლება შეიცვალოს, ავი თუ კარგი კი დროთა განმავლობაში გამოჩნდეს. აი, მაგ., რომელიმე წყლის წისქვილი, თავისთავად ჩვეულებრივზე-ჩვეულებრივი, არც ტექნიკური გამომგონებლობით გამორჩეული, არც მხატვრული მიხვედრილობით – გვემნიშვნელოს, რაკიღა მისი მსგავსი თითებზე ჩამოსათვლელი დაგვრჩა. ან: 1990-იანი წლების მშენებლობის თვალშიმოსახვედრმა ხარვეზიანობამ დაგვანახა ი. სტალინის დროის ზოგი ნაგებობის სიმკვიდრე თუ დამგეგმავ-ამგების პროფესიული კეთილსინდისიერება. ცხადია, თუ ადრე მათ ან გულგრილად ჩავუვლიდით ან “დაბალ ნიშანს” დავუსვამდით, ახლა ისინი შეიძლება უფრო მეტად დავაფასოთ და მათი საგანგებოდ მოფრთხილებაც მოვითხოვოთ. ეს, აკი ვთქვი, მუდამ ასე იქნება და ამიტომაც არის წესად შემოღებული ხანგამოშვებით ნაშენი მემკვიდრეობის რეინვენტარიზაცია და, როგორც იტყვიან “რეევალუაცია”. ჩვენი ყურადღება მაშინ სხვამ მიიქცია – არაჩვეულებრივმა სიჭრელემ “ადგილობრივი მნიშვნელობისად” შერაცხილი ობიექტებისა – გარდა შედარებით მოკრძალებული, ვთქვათ, ეკლესიების თუ კოშკების, გინდაც სახლებისა, მრავლად ვნახეთ მეტად უსახური, უამურიც კი, შენობები და ისეთებიც, რომელთაც უკვე “ძეგლად” კი არა, “ნაძეგლარად” წოდება ეკუთვნოდა – ვთქვათ, ორიოდ ქვა, მისწორებულ-მოსწორებულ ადგილზე დაგდებული. მაშინვე გაგვიჩნდა აზრი, რომ სასურველი იქნებოდა მეტი განრჩევა თუ განშრევება, მაგრამ ცოტა ხანში სულ სხვა, თუმც კი მსგავსმა სირთულეებმა იჩინა თავი. დამოუკიდებელ საქართველოში, ბუნებრივია, სხვა ყველაფერთან ერთად, კულტურული მემკვიდრეობის კანონიც საკუთარი გვინდოდა და კატეგორიების ცხრილიც; რაღა თქმა უნდა, აღარც “საკავშირო”-ს კატეგორია გვარგებდა რასმე. კანონის შემუშავებას, 1990-იანი წლების ბოლოს, დაერთო მსოფლიო ბანკის საგანგებო ფონდის მიერ წარმართული ძალზე საგულისხმო ძიება ძეგლთა ინვენტარიზაციის უფრო მარჯვე ხერხების დასამკვიდრებლად და შესაბამისი დასავლური გამოცდილების ჩვენი გარემოებებისთვის მოსარგებად. კატეგორიების ცალკე განხილვა, რამდენადაც ვიცი, არ მომხდარა და, საბოლოოდ, საბჭოურ ტრიადას, თავისი ბუნებით თითქმის ისეთივე ჩაენაცვლა – ქვემოდან ზემოთ: ადგილობრივი, ეროვნული და, დასასრულ, საერთაშორისო მნიშვნელობის ძეგლებისა. მართალია, ეს უკანასკნელი, უპირველესად საქართველოს მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციასთან მიერთების და მის ნუსხაში რამდენიმე ჩვენი ძეგლის შეტანის პასუხად გაჩნდა, მაგრამ წინანდელ “საკავშიროს” იგი იმდენად ენათესავება, რამდენადაც, ამ შემთხვევაშიც, კატეგორიის მინიჭების გადაწყვეტილება ქართულ მხარეზე ნაკლებადაა დამოკიდებული. ამდენად, “ზედა” კატეგორიას ჩვენთვის საყვარელსა და სასახელო ქმნილებებს ხუროთმოძღვრებისას ჩვენ ჩვენით ვერ ვაძლევთ, ეს მხოლოდ UNESCO-ს დასტურით შეგვიძლია; თან სხვადასხვა, მათ შორის ფინანსიური ვალდებულებების აღება-შესრულების პირობით, რაც სახელმწიფოსთვის – არცთუ მხოლოდ ჩვენოდენასა და ჩვენებრი შეძლებისას, – იოლი არაა და ჩვენგან უმკაცრესად გადარჩევას მოითხოვს. ჩვენთან, მოგეხსენებათ, ეს პატივი მცხეთის ტაძრებს, ქუთაისის კათედრალსა და გელათს, უშგულს, თბილისის ისტორიულ უბნებსა და ვარძიას ერგო – თან ორი უკანასკნელი UNESCO-ს მართალია არ უარუყვია, მაგრამ მათი “მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში” შეტანა ზოგი დოკუმენტის შეუმზადებლობის გამო გადადო. ამ დროს კი, განა ამ, საუკეთესოთა მწკრივში არ უნდა იყოს, დავუშვათ, ალავერდი, ნეკრესის მონასტერი, სამთავისი, კუმურდო. . . განა არ მესმის, ყველა საუკეთესოს ამ ნუსხაში რომ ვერასდროს მოვაქცევთ – ეს, მგონი, ვერც ვინ შესძლო. სხვას რასმე მოგახსენებთ: “ეროვნულის” კატეგორიაში უკვე a priori უთანაბრობა გვაქვს – ნაწარმოებები არქიტექტურისა, რომელნიც ორ საფეხურზე უნდა დანაწილებულიყო, გვერდიგვერდ აღმოჩნდა, რაც აშკარა უხერხულობას გვიქმნის – აი, მაგ., “ეროვნული” მნიშნველობისაა თბილისში ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის (საქართველოს ეროვნული მუზეუმი) შენობა და – ვაჩნაძიანის ტაძარი; არ ვიცი, ვის როგორ, მე კი ეს მუხამუშება, რაღა თქმა უნდა, წინანდებური არევ-დარევაა “ადგილობრივის” კატეგორიაშიც. მიუხედავად ამისა, კარგა ხნის განმავლობაში, ეს მიდგომა ნაკლებად გვაწუხებდა – 2002-2004 წლებშიც, როდესაც მოძალებული ახალმშენებლობის გამოისობით, თბილისის ძველ უბნებზე ხშირად გვიწევდა საუბარი, მოგვიანებითაც, როდესად დედაქალაქის კულტურულ-ისტორიული საყრდენი გეგმა მუშავდებოდა. საქმეს ის გვიადვილებდა, რომ, ასე ვთქვათ, “შინაურობაში” დამატებითი კატეგორიები გავაჩინეთ. სახელდობრ, ვიშველიებდით “ურბანულისა”და “ფონურის” ცნებებს (“ფონურის” ცნება გამოყენებულია კიდეც “კულტურულ-ისტორიული საყრდენი გეგმის” მასალებში) – ორთავე მიეყენებოდა შენობებს, რომელთაც გამოკვეთილი ინდივიდუალობა არ ეთქმის, ამასთან კი: პირველ შემთხვევაში, ქალაქის “ქსოვილში” მახვილებს თუ “ნასკვებს” ქმნის (მაგ., კუთხეს მონიშნავს ან, ორთავ ურთიერთგადამკვეთ ქუჩას მიყოლებულს, “უჭირავს” იგი), მეორეში კი, ერთიანი ხასიათის და მასშტაბის გარემოს ქმნის, რომელშიც ძეგლად აღრაცხული ნაგებობაა ჩაბნეული; რა თქმა უნდა, შენობა რიგიანი ხელობისაც უნდა ყოფილიყო. ასეთი დიფერენცირება საშუალებას გვაძლევდა ნაგებობის ღირებულებითი სხვაობანიც გამოგვეჩინა და ნაკლებმხატვრულთა “დასაცავი ღირებულებაც” მოგვენიშნა. არსებობდა მკრთალი იმედი, რომ ეს ორიც ჩვენს კანონად დაწესებულ კატეგორიათა რიგში მოთავსდებოდა. ეს ასე ვერ მოხდა და, ვგონებ, არ შევცდები ორნაირი არგუმენტაციით: ა. ასეთი დახარისხება არ თანხვდება საერთაშორისოდ მიღებულს და, ამიტომ, ძნელად თავსებადია მასთან; ბ. ყოველ კატეგორიას, გარდა საგანგებო კრიტერიუმებისა, თავისი დაცვის რეჟიმი უნდა შეეფარდოს, ასეთი დაწვრილმანებისას კი გაჭირდება შესატყვისი მოთხოვნა-უფლებების დიფერენცირება. იქნებ ამასაც შევგუებოდით და სხვა თუ მეტად არა, არანაკლებ საჭირბოროტო პრობლემებზე გვეზრუნა, რომ არა 2013 წლის ბოლო თვეებში გახმაურებული, ჩემი აზრით, მეტად გაუგებარი კანონპროექტი, რომელსაც შემოაქვს განუსაზღვრავი – ამდენად კი, სავსებით ნებისმიერი, – “სახელმწიფოებრივი აუცილებლობის” შემთხვევაში ადგილობრივი მნიშვნელობის ძეგლისთვის (სხვათა შორის, მოქმედ კანონში უბრალოდ “კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი” ჰქვია) “ძეგლობის” მოხსნის მეტად გამარტივებული წესი; ამასთან და, მთავარიც ესაა, – ამ გადაწყვეტილების მიღებისას არაა საჭიროდ მიჩნეული ხელოვნების მკვლევართა თუ სხვა სპეციალისტების (ისტორიკოსები, რესტავრატორები და ა.შ.) რაიმეგვარი მონაწილეობა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მართალია, კულტურული მემკვიდრეობის კანონის ეს დამატება საკმაოდ აშკარად უკავშირდება ჩვენი ისტორიული ქალაქების, უწინარესად, თბილისის მენაშენეთათვის “გაძეგლებული” შენობების სახით შესაძლო “დაბრკოლებების” აცილების სურვილს, მისი მიღება-ამოქმედების შემთხვევაში მარტო ქალაქურ განაშენიანებას როდი ემუქრება შემდგომი გამოხშირვა-დანაფლეთება, არამედ ბევრ სხვა რამესაც. მან შეიძლება შეიწიროს, სამაგალითოდ, სადმე გზისპირას მდგომი სადარაჯო კოშკი, რომლის ადგილას, ვთქვათ, მავანი ბენზინგასამართი სადგურის დადგმას მოინდომებს, ან რომელიმე დარბაზული ეკლესია თუ იგი ვიღაცის “ბიზნესს” “შეუშლის ხელს”. ეს მით უფრო სახიფათოა დღეს, როდესაც “უბრალოდ” “ძეგლად” მარტო მინიმალური ღირებულების მქონე კი არა, საკმაოდ ფასეული ნიმუშებიც მოიხსენიება, რომელთათვის ჩვენ შესატყვისი ტერმინი არ მოგვეპოვება. ასეთ ვითარებაში კატეგორიების აწინდელთან შედარებით მეტი დაწვრილებითობა არათუ ოდენ საჭიროა, გადაუდებლად აუცილებელიც. ვფიქრობ, რაკი ასეა, უპირველესად ყოვლისა, საერთაშორისო პრაქტიკას უნდა დავაკვირდეთ. ლოგიკური მომეჩვენა, ჯერ ევროსაბჭოს მიერ უკვე XXI საუკუნეში გამოცემულ “სახელმძღვანელოებში” (Guide) ჩამეხედა, რომელნიც, “2008 წლის კულტურული მემკვიდრეობის სახელმწიფო პროგრამის” ფარგლებში კრებულად “კულტურული მემკვიდრეობა” გ. ჩუბინაშვილის სახ. ეროვნულმა ცენტრმა ქართულადაც გამოსცა. “კულტურული მემკვიდრეობის ინვენტარიზაციისა და დოკუმენტირების სახელმძღვანელოში” (2001 წ.) დაცვის კატეგორიებზე ძალზე ზოგადი მითითება გვაქვს. მუხლში “ნომინირების ან დაცვის ტიპი”, ვკითხულობთ: “აქ განისაზღვრება დაცვის კატეგორია. სასურველია გაცხრილული ლექსიკის გამოყენება, მაგ., მუნიციპალური, ადგილობრივი (დედანში – provincial), სიაში შეტანილი (დედანში – scheduled) ძეგლი, მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი და სხვ.”(2. 87). აქ ჩვენთვის, ამჯერად, ერთიღაა ყურადღება მისაქცევი – რომ “ადგილობრივის” წინ და, ასე ვთქვათ, “ქვემოთ” კიდევ შეიძლება ქვეგანაყოფის არსებობა, ამ შემთხვევაში – “მუნიციპალურის”, რაც არათუ დიდი სამოსახლოს, მისი შემადგენლისთვის მნიშვნელოვანს აღნიშნავს, რაც ქართულ სინამდვილეში მიახლოებით “საგამგეობოს” უნდა შეესაბამებოდეს. ამგვარი კატეგორიის შემოღებაც, ალბათ, ერთგვარ შვებას მოგვცემდა, მაგრამ 2006 წლის “მემკვიდრეობის შეფასების სახელმძღვანელოში”, სადაც ნომინირების კატეგორიები გამოყოფილადაა მოტანილი, დიფერენცირება სხვა მხრივაა წარმართული. მუხლში “კატეგორიები და მნიშვნელობა” ნათქვამია: “მიუთითეთ ობიექტის ადგილობრივი, რეგიონალური, ეროვნული და საერთაშორისო მნიშვნელობა. – საერთაშორისო მნიშვნელობის, გამორჩეული ეროვნული მნიშვნელობის; სპეციფიკურად ეროვნული მნიშვნელობის; რეგიონალური ან ადგილობრივი მნიშვნელობის” (2. 275). როგორც ვხედავთ, აქ “ეროვნულის” ცნება დანაწევრდა, რაც აგრეთვე ძალიან დაგვეხმარებოდა ჩვენს გასაჭირში; ამას გარდა, “ადგილობრივის” სინონიმად თუ მონაცვლედ “რეგიონულიც” გამოჩნდა, თუმცა, ჩემი წარმოდგენით, ეს ორი ერთი და იგივე სულაც არ არის და ისინი შეგვეძლო კატეგორიების მწკრივში ერთი მეორის მიყოლებით დაგვეყენებინა: “რეგიონული მნიშვნელობის; ადგილობრივი მნიშვნელობის”. არანაკლებ საგულისხმოა, ამ სახელმძღვანელოს სანიმუშოდ თანდართული ჩერნიგორიის (მას დღეს, რატომღაც, იტალიურ ყაიდაზე “Montenegro”-დ სახელდებენ) მემკვიდრეობის შეფასების დოკუმენტის მონაცემები. “ინტერვენციის (ე.ი. კონსერვაცია-აღდგენის. დ. თ.) პრიორიტეტთა ნუსხა”-ში გარდა “საერთაშორისო” და “გამორჩეული ეროვნული” ღირებულებებისა გვხვდება “უნივერსალური ღირებულებაც”. ვგონებ, მთლად ნათელი არ უნდა იყოს, რა განსხვავებაა ამასა და “საერთაშორისო”-ს შორის, გარდა იმისა, რომ იგი მასზე აღმატებულად იგულისხმება. ჩვენი ამჟამინდელი საჭიროების თვალთახედვით, ეს “სახელმძღვანელო” არსებრივ დახმარებას ნაკლებად გვთავაზობს. ამ – ვიმეორებ, ახლაღა და მხოლოდ ჩვენთვის! – ხარვეზის შესავსებად, ბუნებრივია, სხვა დოკუმენტების ნახვაც მომინდა და “საქართველოს ICOMOS”-ის რჩევით, თანამედროვე მსოფლიოში მემკვიდრეობის “მართვის” მხრივ დაწინაურებული დიდი ბრიტანეთის კანონმდებლობასა და ძეგლთადაცვითი თეორიის კუთხით ერთი თვალსაჩინო გაერთიანების “English Heritage”-ს პუბლიკაციებს გავეცანი. მაგრამ ვიდრე ამ მასალებზე მოგახსენებთ, ერთი საყურადღებო ამონარიდი მინდა მოვიყვანო ჩერნოგორიის შესახებ ზემოდასახელებული კვლევისა. აქ ლაპარაკია 1840-იანი წლების კოსმაჩის ციხე-სიმაგრის (მას, როგორც ვნახავთ, საერთაშორისო მნიშვნელობის კატეგორია მიენიჭა) “ღირებულების შეფასებაზე” და შემდეგია ნათქვამი: “ისტორიული – მაღალი; მხატვრულ-ესთეტიკური – საშუალო; ტექნოლოგიური – საშუალო; რელიგიურ-სულიერი – დაბალი; სიმბოლური-იდენტობითი – მაღალი; სამეცნიერო-კვლევითი – საშუალო; სოციალურ-საზოგადოებრივი – დაბალი; ბუნებრივი – საშუალო; ეკონომიკური – დაბალი; მნიშვნელობის კატეგორია – საერთაშორისო” (2. 311-312). აქ ორი რამაა ჭკუისსასწავლებელი – შეფასება, ახლა როგორც ვამბობთ, “მრავალკომპონენტიანია”; მეორე – მხოლოდ და მხოლოდ ორი, ისტორიული და იდენტობითი, ასპექტის “ქულით” – “მაღალი”-ო, საბოლოოდ ამ საკმაოდ გვიან სათავდაცვო ნაგებობას კატეგორიად “საერთაშორისო” განისაზღვრა; ერთიც და მეორეც, ასე მგონია, დაგვეხმარება ჩვენი მემკვიდრეობის კატეგორიათა დასაზუსტებლად. იმასაც დავძენ – და ესეც დამაფიქრებელია ჩვენში გაუთავებელ დავას თუ გავიხსენებთ – რომ დაცვის ერთ-ერთ ღონისძიებად ამ (შეგახსენებთ, სამაგალითოდ დასახულ) დოკუმენტში ამ ნახევრადჩამოქცეული შენობის “საფუძვლიანი რეკონსტრუქციაა” შემოთავაზებული, რათა “ამ მნიშვნელოვან ძეგლს დაუბრუნდეს მდგრადი შესაბამისი ფუნქცია (კერძოდ – სასტუმროსი!Qდ. თ.) და ის დაცულ იქნას მოსალოდნელი გაუარესებისგან” (2. 307). ახლა – რაც ბრიტანეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებებსა და “English Heritage”-ს მითითებებს შეეხება. 2.III.2007 განახლებული “პრინციპები აღსარიცხად (listing) შენობების შერჩევისა” მთავარ საამისო კრიტერიუმად მოტანილია, რომ ნაგებობა არა უბრალოდ “საინტერესო”, “საგანგებოდ საინტერესო” უნდა იყოსო ხუროთმოძღვრული თუ ისტორიული თვალსაზრისით. იგი, ამას გარდა, ურთიერთმიმართებით უნდა დაჯგუფდეს და სამ საფეხურად დალაგდეს. I ხარისხისა – გამორჩეულად საინტერესო; II ხარისხისა ვარსკვლავის ნიშნით (II1) – განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, საგანგებოზე მეტად საინტერესო; II ხარისხისა – საგანგებოდ საინტერესოა და ღირსი მის შესანარჩულებლად გარჯისა. “საგანგებოდ საინტერესო” თუა ნაგებობა, შემდეგი კრიტერიუმებით განისაზღვრება: ა. არქიტექტურის მხრივ ნაგებობა უნდა იყოს “მნიშვნელოვანი არქიტექტურული გადაწყვეტით (design), დეკორისა თუ ხელობის მხრივ” ან კიდევ შენობის განსაკუთრებული ტიპისა თუ ტექნიკის ნიმუში; ისტორიის მხრივ – გარდა ნივთიერი ქსოვილის რაღაც ზომით “საინტერესოობისა” შენობა უნდა “ასურათებდეს ქვეყნის (national) სოციალური, ეკონომიკური, კულტურისა თუ სამხედრო ისტორიის მნიშვნელოვან წახნაგებს და/ან მჭიდრო ისტორიულ კავშირში იყოს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პიროვნებებთან”. გ. გაითვალისწინება ჰმატებს თუ არა შენობის გარე იერი რასმე ნაგებობათა ხუროთმოძღვრულ, გეგმარებით თუ ისტორიულ “ინტერესიანობას” – ეს ე.წ. “ჯგუფური ღირებულებაა”; და სათვალავში ჩასაგდებია ყველაფერი, რაც ახლავს ნაგებობას თუ მის მიმდებარე ნაკვეთს. ცალკე გამოტანილი ნუსხვისას მოსამარჯვებელი 5 პრინციპი: ა. “ხნოვანება და იშვიათობა” – აღნუსხვის ალბათობა სიძველის მიხედვითაც მატულობს და იმითაც, რაც უფრო ნაკლებია მისგვარი, მისივე ტიპის ნიმუში; გამოყოფილია კიდეც ოთხი დროითი რკალი: I – 1700 წლამდე; ამ დროის ყველა ნაგებობა, ოღონდ კი თავდაპირველი ნაშენის საგრძნობი ოდენობა შერჩენოდეს – აღირიცხება; II – 1700-1840 წლების ნაგებობათა უმრავლესობაც აღირიცხება; III – 1840 წლის აქეთ, რაკი შენებულის რაოდენობაც მზარდია და შემორჩენილისაც, გადარჩევაც უფრო მკაცრია; IV – ხნოვანებით 30 წელიწადზე ნაკლები ნაგებობები უიშვიათესად აღირიცხება, მარტოოდენ მაშინ, თუ ხარისხით არაჩვეულებრივია და რაიმე ემუქრება; ბ. “ესთეტიკური ღირსებები” – ნაგებობის შიდა თუ გარე ღირსებები საკვანძოა აღსანუსხად, თუმცა ნაკლები მხატვრულობის საპირწონე ტექნიკური ინოვაციურობაა ან სოციალურ-ეკონომიკურ გარემოებებზე მინიშნება; გ. “შერჩევითობა” – ნაგებობა შეიძლება აღირიცხოს როგორც შენობათა რამ ტიპის წარმომადგენლი, სამაგიეროდ, თუკი მრავლადაა ერთი ტიპის და ხარისხის ნაგებობები, ამოირჩევა ტიპიურობითა და მნიშვნელოვნებით უპირატესი; დ. “ქვეყნისთვის საგულისხმო” (National Interest) – მისაგნებია ყველა რეგიონისთვის ტიპიური ნაგებობები, რომელთა ერთობლიობა ეროვნულ საგანძურს (stock) ქმნის; ე. “შენახულობის მდგომარეობა” დიდად არ მოქედებს აღნუსხვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას (მუხლები 6.5-6.16). რა შეიძლება გვასწავლოს ბრიტანულმა განწესებამ? დავიწყოთ თავად კატეგორიებით – აქაც ისინი სამია, ისევე როგორც ჩვენთან, როგორღაა ჩვენისა და იმათი “სამეულების” ურთიერთმიმართება? ერთი შეხედვით, ისინი იგივეობრივია – ოღონდ პირველი თვალის შევლებითღა. საქმე ისაა, რომ მიუხედავად “დახარისხების” (Grading) ცალკე დოკუმენტის ჩანაწერისა, “I ხარისხის ნაგებობები ზოგჯერ საერთაშორისო მნიშვნელობისად განიხილებაო”, აქაც და “პრინციპების” მიხედვითაც (მუხლი 6. 39-40) “უნივერსალური” ღირებულების “მსოფლიო მემკვიდრეობის” ნუსხის ობიექტები “აღნუსხულების” რიგში არაა ნაგულვები – ისინი მათგან განცალკევებულ ჯგუფს შეადგენს. აქედან გამომდინარე, არც დანარჩენი ორი უდრის ჩვენს “ეროვნულსა” და “ადგილობრივს”. აქ, თითქოსდა “ამუშავდა” ის შესაძლებლობა, რაც ევროსაბჭოს “ქვემოთა” კატეგორიაში დაწყებულ “რეგიონალურსა და ადგილობრივში” არის ჩადებული, თუმცა იქვე, როგორც ვიცით, აღმავალ რიგში რეგიონული უთუოდ ადგილობრივზე მეტს, მეტი ღირებულების მომცველს გულისხმობს. მართალია, ბრიტანელებთან არ გვაქვს ეროვნულის ორი დონე, როგორც ევროკავშირს აქვს დადგენილი. სამაგიეროდ ფრიად მოსახერხებელია შერჩევის კრიტერიუმები და პრინციპები. კაცმა რომ თქვას, უმეტესად ისინი ჩვენთვის უცხო სულაც არ არის, მაგრამ, ისევე როგორც ევროსაბჭოს “სახელმძღვანელოში”, ჯერ ერთი, ხელსაყრელია მათი სისტემური დალაგება, მეორეც – დამატებულია რამდენიმე შეფასებითი ელფერი, რაც შეიძლება სასიკეთოდ წაგვადგეს. ამათგან ყველაზე მოსახერხებელი “ჯგუფური ღირებულება” მგონია, რაც ჩვენში მოსინჯულ “ურბანულსა” და “ფონურს” შეიცავს. ეს, ერთი მხრივ, გვეუბნება, რომ ეს წახნაგი შეფასებისა არ მოგვლანდებია, რომ ის სხვათაც ყურადსაღებად ჰგონით. მეორე მხრივ, თვალნათელია შედეგიც: არაა აუცილებელი აქ ცალკე კატეგორიის შემოღება, ეს თვისება შეგვიძლია “გაძეგლების” ერთ პირობათაგანად მოვიმარჯვოთ. ძალზე მნიშვნელოვანია მითითება, აღნუსხვის საფუძველი ნებისმიერი რამ შეიძლება იყოს, თუკი თავად შენობა “საკმარისად საინტერესო” არისო და საგანგებოდ ჩამოთვლილია კიდეც: “XVI საუკუნის კოხტად მოფიცრული ოთახი, სხვა შენობიდან გადმოტანილი ბუხარი თუ ბუხრისთავი (over-mantel) ან გამონაკვთული ნაძერწი ჭერი” (მუხლი 6. 11). გადარჩევის “ზოგად პრინციპებზე” თუ გადავალთ, პირველად ისაა სათქმელი, რომ ეს, არსებითად “არქიტექტურულად საინტერესოს” გაშლა-გამოწვლილვაა. პირველი მათგანი, “ხნოვანება და იშვიათობა” უფრო მხატვრულ-ისტორიულია და ჩვენშიც მუდამ მონაწილეობს “გაძეგლებასა” თუ კატეგორიის მინიჭებაში, თუმცა კი გვარგებდა, ალბათ, ამგვარივე ცხადად წასაკითხი “ბადე” გვქონოდა. ჩვენი ხედვით, საკმაოდ პარადოქსულად გამოიყენება “ქვეყნისთვის საგულისხმოს” პრინციპი – ჩვენთვის უფრო მოსალოდნელი იქნებოდა აქ საერთო-ეროვნულზე ყოფილიყო მახვილი დასმული, ბრიტანელებთან კი პირიქითაა – წინ კუთხობრივ-ადგილობრივი ტიპიურობაა წამოწეული, რაზედაც ასევე ღირს დაფიქრება – იქნებ ასე მაინც გადავარჩინოთ ხალხური ხუროთმოძღვრების ჯერ კიდევ არსებული ნიმუშები, რომელნიც შეიძლება, მაგ., ესთეტიკურ საზომს ყოველთვის ვერც აკმაყოფილებდნენ (მაგ., რომელიმე რიგითი მთიულური სახლი). არცთუ მარტივად არის “ესთეტიკური ღირსებების” ამბავი, მაგრამ ამაზე ოდნავ ქვემოთ, მანამდე კი “შერჩევითობის პრინციპზე” უნდა ითქვას. დამეთანხმებით, რომ ის მძიმეა – როგორც ნებისმიერი არჩევანი კარგსა და კარგს შორის. ამასთან, თუ წუთით მას “ქმედებაში” წარმოვისახავთ, დავრწმუნდებით: ის შეიძლება გამოყენებულ იქნეს – და, დარწმუნებული ვარ, გამოიყენებოდა და კვლავაც გამოყენებულ იქნება, – რაღაც ერთის ამორჩევის და ყველაფერ სხვის განადგურების მოსათხოვად. ნუ იფიქრებთ, მაინცდამაინც “ბოროტი” საქმოსნები მყავდეს მხედველობაში – გაიხსენეთ, რას უქადოდა პარიზს სახელგანთქმული ლე კორბÁუზÁეს სახელგანთქმული “ვუაზენის გეგმა”. ნათელია ბრიტანული კანონდებლების ზრუნვაც, ამნაირი შერჩევა საღ საფუძველზე იყოს დამკვიდრებული – ასეთად მათ შენობათა ამა თუ იმ ნარისახეობების შემორჩენილობის ოდენობა აქვთ შერაცხილი. ვფიქრობ, ეს მაინც ვერ აქარწყლებს ამ მოთხოვნაში შემალულ ხიფათს – ვთქვათ, ოცი ერთნაირად კარგი “თელავური” სახლი გვაქვს, თავისი სვეტნარ-აივნებით, ნუთუ, ამ ნიშნით უნდა დავყვეთ ვისიმე განსჯას, ამდენი რად გინდათ, ორი იკმარეთო? ეს პრინციპი, სავარაუდოდ, მასობრივი მშნებლობისთვისაა გამოსადეგი, როგორადაც XIX საუკუნის “შემოსავლიანი სახლები” შეიძლება მივიღოთ ალბათ, და უეჭველად – XX საუკუნის მრავალბანიანი შენობები (არ მგონია, ისტორიის თავგადაკლულმა თაყვანისმცემელმაც, ვთქვათ, მომავლის საბურთალოში, ხრუშჩოვის პერიოდის გონჯი სახლებიდან ერთზე მეტი ისურვოს), არაინდივიდუალისტური ეპოქის უცილობლად უფრო “ინდივიდუალიზებული” ნაგებობისთვის მისი მიყენება კი გვარიანი უსამართლობა მგონია. ამას გარდა, ამ პრინციპის გამოყენება შენობათა ყველა ტიპის, ამასთან ერთად, მათი შემონახულობის ლამისაა პრინციპული მაჩვენებლების ცოდნას ითხოვს, მთელი არსებული ნაშენობის გამოწვლილივით, სათითაოდ გაცნობასაც. ამას კი უკვე “ესთეტიკურ ღირებულებებთან” მივყავართ. იგი, როგორც დავინახეთ, წმინდა-მხატვრულთან ერთად ისტორიულ და ტექნიკურ-ისტორიულ მახასიათებლებსაც იტევს. უკანასკნელი ყველაზე იოლი მოსახელთებელია – მასალისა თუ ტექნოლოგიის (მაგ., რკინაბეტონისა თუ ლითონის “ჩონჩხის”) ამა თუ იმ ათწლეულ-ასწლეულისა თუ რომელისამე ქვეყნისთვის სიახლე ან, პირიქით, გავრცელებულობა მარტივი დასადგენია და – სიტყვის პირდაპირი აზრით, – დასათვლელიც. უკვე ისტორიული განზომილება ასე ხელმოსაჭიდი აღარაა – მართლაცდა, როგორ ვსაზღვრავთ მოვლენისა თუ ადამიანის “სიდიდეს”? რა არის, მაგ., ქვეყნისთვის უფრო ღირებული – წმ. მეფის დავით IV აღმაშენებლის მიერ დიდგორის ომის მოგება – საგულვებელია, ყველა ქართველისთვის ცნობილი, – თუ მისივე მიერ “სინანულის გალობათა” შეთხზვა – რომელთა შესახებ გაცილებით ნაკლებს სმენია რამე და რომელნიც ადამიანთა კიდევ უფრო მცირე რაოდენობას წაუკითხავს? ვინაა უფრო “დიდი პიროვნება” – იოსებ სტალინი – კვლავაც მსოფლიოში ყველაზე სახელგანთქმული ჩვენი თანამემამულე – თუ, თუგინდ, მაზრის ექიმი ნიკოლოზ ჯანდიერი, რომლის უანგარობა და კეთილშობილება ჩვენში, სულ ბევრი, ოთარ ჭილაძის “ყოველმან ჩემმან მპოვნელმან” თუ დაამახსოვრა ვინმეს? სინამდვილეში, ჩვენ, ეტყობა, ჭეშმარიტ სიდიადეს კი არა, ზემოქმედების არეს მეტ-ნაკლებობას ვუფასებთ თუ რომელსამე ხდომილებას, თუ რომელსამე პირს. იმაზე მაინც ვიზრუნოთ, თავიანთ ადგილზე არ დავავიწყოთ სულდიდნი და “მაღლად მხედნი” – როგორც ოდესღაც “თავისი” ღვთისსათნო მოწესეების ხსოვნას ინახავდნენ ჩვენისა, გინდა სხვა ქვეყნის, მონასტრები. . . არცთუ უმნიშვნელო, თუ მეტი არა, სიძნელე ახლავს მხატვრული ღირსების შეფასებასაც. გარდა პირადულ-გემოვნებითი აჩემების საფრთხისა (ამაზე მცირედი ადრეც ითქვა), სავსებით ობიექტურად ძნელი შესათანადებელია განსხვავებული მხატვრული პრინციპით და სხვადასხვა დროისმიერი განწყობილებით შექმნილი შენობები. როგორც ჩანს, სწორედ შერჩევითობისა და “ესთეტიური ღირსებების” პრინციპების მოხმარების გასაადვილებლად ბრიტანეთის ხელისუფლება ურჩევს შესაბამის პირთ იხელმძღვანელონ “English Heritage”-ის მიერ სხვადასხვა არქიტექტურული ტიპებისთვის ცალცალკე დამუშავებული “აღსარიცხად შერჩევის სახელმძღვანელოებით” (Listing Selection Guides). სამაგალითოდ, ვნახოთ, როგორია ერთ-ერთი მათგანი, ჩვენთვის მეტად საჭირბოროტო: “ბინამშენებლობა 2. საქალაქო სახლები” (ეს “ Guides” ინტერნეტითაა გავრცელებული. ნიშანდლობლივ ამას თარიღად X. 2011 უზის; შემდგენელი ნაჩვენები არაა). სათაურივე გვეუბნება – აქ ინგლისის ქალაქების საცხოვრებლებია მომოხილული, უმთავრესად XVII საუკუნიდან მოკიდებული ვიდრე XIX საუკუნის პირველი ათწლეულების ჩათვლით; უმეტესი ადგილი ეთმობა თვითმყოფ ინგლისურ “ტერასულ სახლებს”, თითქოსდა დამოუკიდებელი ერთგვაროვანი შენობების რიგს, რომელნიც, სინამდვილეში ერთიანადა და ერთდროულად ერთ მთელადაა აგებული. საუკუნე-საუკუნე განხილვა ქმნის საფუძველს, ურჩიონ აღმნუსხველს, რას მიაქციოს ყურადღება (“განდაწყვეტას; შემკულობას; გეგმარებას; კონსტრუქციებს; ადრინდელსა თუ უჩვეულო შემონახულ ნაკვთებს”), აქედანვე – დარიგებანი კატეგორიებთან დაკავშირებით (“მაღალი ხარისხისთვის სათვალავშია ჩასაგდები ფასადები აგურის სახიანი წყობითა და ფაქიზი დეტალებით, როგორიცაა კარის ჩარჩოები (door cases), ინტერიერები საგანგებოდ მონაფიქრი კიბის უჯრედით, პროფილირებული მოფიცვრა, კაზმული ნაძერწობა და ბუხრები, შესაძლოა, გეგმის განსხვავებული ფორმები” [4. 10, 12]). რასაკვირველია, ამდაგვარი დამხმარე მასალა არც ჩვენ გვაწყენდა. თან კი: ა. თუ “Guides”-ს დართულ “რჩეულ ბიბლიოგრაფიას” ჩავხედავთ, ცხადი გახდება, რომ ასეთი ამოცანის დაძლევა ჩვენ ინგლისელებზე მეტად გაგვიჭირდება. მიუხედავად იმ მყარი ნიადაგისა, რომელიც 100 წლის მანძილზე ჩვენმა ხელოვნების ისტორიკოსებმა შეამზადეს, საერთოდაც და, მეტადრე, ქალაქური თუ სოფლის საბინაო არქიტექტურა ასე გულდაგულ, ასეთი ჩაძიებით ნაკვლევი ჯერ ვერ არის და ასეთნაირი ცნობარ-სახელმძღვანელოს დასაწერად, სულ ცოტა, რამდენიმე წლის კვლევითი მუშაობა დაგვჭირდება. ბ. პირადად მე ინგლისურ “Guide”-ში მაინც რამდენადმე მაკლია სიზუსტე და ერთმნიშვნელოვნება. შესაძლოა, ინგლისში აქვთ ბედნიერება ერთმანეთი ასეთი მინიშნებებითაც დააჯერონ, ჩვენთან კი ეს დღეს ასე უეჭველობით არ არის. მეცნიერების მხრივაც სასურველია, ხოლო საზოგადოებისთვის ძეგლთადაცვითი ნაკვლევის დამარწმუნებლად მისატანად აუცილებელიც გაცილებით მეტად დეტალიზებული და დასაბუთებით-განსჯითი მსჯელობა. ასეა თუ ისე, ჩვენთვის ასეთი დოკუმენტაცია მომავლის საქმეა – ვინატროთ, არცთუ ისე შორეულის. აღარ ღირს სიტყვის გაგრძელება, რომ ინგლისში გარდა (English Heritage-ის შედგენილი!) ძეგლთა ნუსხისა, თავთავისთვის არსებობს “აღრიცხული ძეგლები” (მგონი, ეს იგნლისური scheduled-ის ყველაზე ზუსტი შესატყვისია), “რეგისტრირებული პარკები და ბაღები” (რომლებზედაც ვრცელდება აღნუსხვის კატეგორიები), “რეგისტირერბული ბრძოლის ველები” და “დაცული ნაოხარი ადგილებიც” (Wreck Sites)” კი. ეს ჯგუფები აქ მარტოოდენ იმისთვის ჩამოვასახელე, რათა ნათლად გამოჩნდეს სხვადასხვაგვარი კლასიფიცირების და ამ კუთხით კიდევ და კიდევ ფიქრის შესაძლებლობანი. რაღას შეიძლება, ასე ვთქვათ, “გამოვრჩეთ” ზემომოყვანილი საბუთებიდან? ვფიქრობ, აღარავის შეეპარება ეჭვი, რომ ჩვენში მიღებული დანაწილება ძეგლებისა მსოფლიო გამოცდილების თანახმიერია. მაგრამ ეგევე გამოცდილება დაგვანახებს: ჩამონათვალი ჩვენს ქვეყანაში აღიარებული – როგორც დრომ დაგვანახა, გარკვეულწილად სქემატური, – კატეგორიებისა, შეგვიძლია გავამრავალკეცოთ და გავამრავალფეროთ. საკითხავია, თუ – რანაირად. ერთი, ძალიან ადვილად გასაკეთებელი, ისაა, რომ, ინგლისელების კვალად, “საერთაშორისო მნიშვნელობა” განვიხილოთ როგორც დამოუკიდებელი, მდგრადი კატეგორია, ჩვენივე გამოსავლენი და დასამტკიცებელი, საიდანაც ზოგიერთს დამატებით შეიძლება UNESCO-ს სიაშიც მიეჩინოს ადგილი. ამის მიღწევას არაფერი უნდა, გარდა ქართველი სპეციალისტებისა და სახელმწიფო მოხელეთა ერთმანეთში შეთახმებისა და უკვე არსებული კატეგორიის ოდნავ სხვანაირად გაშინაარსებისა. მერე, რასაც უკვე მეტი აწონ-დაწონა და აზრთა გაცვლა-გამოცვლაც უნდა, ნაწილობრივ ბრიტანული, ნაწილობრივაც ევროსაბჭოს მაგალითის მიდევნებით “ქვედა” ორი კატეგორიის გაყოფაა. არა მგონია, რამ წარმოუდგენილი იყოს, თუნდაც, A და B ეროვნული მნიშვნელობის და A და B საფეხურის “კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების” შემოტანა. რაკი ახალი განაყოფები უკვე დაკანონებული კატეგორიების შიგნით ემატება, ერთი მხრივ, იქნებ კრიტერიუმების ოდნავი ნÁუანსირებით გადავრჩეთ და სრულებითაც არ მოგვიხდეს ახალ-ახალი რეჟიმების მოგონება. ამავე დროს, ავირიდებთ აშკარად ერთ საფეხურზე განსხვავებული ღირსების ნიმუშების უშუალოდ შემეზობლების უხერხულობასაც. მეტიც, თუ ბრიტანელებისგან “ჯგუფურ ღირებულებას” მოვისესხებთ, “ქვედა” საფეხურზე იმ შენობების განთავსებაც უმტკივნეულოდ და ძალდაუტანებლად შეგვეძლება, რომელნიც “ურბანულისა” და “ფონურის” ვერგამოყენებამ დაგვათმობინა. ძალიან კარგი იქნებოდა “შეფასების” ეროვნული სახელმძღვანელო თუ არა, ინსტრუქცია მაინც დაგვემუშავებინა (ამოსავლად ზემოთ უკვე ნახსენები “თბილისის კულტურულ-ისტორიული საყრდენი გეგმის” ტექსტური ნაწილი გამოდგება, სადაც ჩამოყალიბებულია კატეგორიებიც და მათი კრიტერიუმებიც), გამოგვეკვეთა ის საზომები, რომლებითაც ჩვენ ვრაცხთ რასმე ღირებულად და ისინიც, ფასეულობების განსაზღვრულ იერარქიას (მომიტევეთ დღევანდელობისთვის საძულველი ეს სიტყვა!) რომ დაგვადგენინებს. ეგებ, ამისთვის ახლა არც გვეცალოს, მაგრამ უკეთუ ამის საჭიროებას ყველანი დავეთანხმებით, სამუშაოს დაწყებას ძალიან შორსაც ნუ გადავდებთ, თორემ მყოფადზეც გადაიტანება ოდესღაც აწმყოზე ნათქვამი: “კმა არს მისა სიბოროტე მისი” (მათე, 6:34).
ბიბლიოგრაფია
[1] ნურც ვახუშტი ბატონიშვილის ღვაწლს დავივიწყებთ – მისი “აღწერა სამეფოსა საქართველოსა” კარგა ხანი რჩებოდა ძველი საქართველოს სახსოვრების ტრფიალთა მეგზურად. |
![]() European Union EU is not responsible for the content of this website | |||||||||||
| ||||||||||||
|